LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეკ ნიკოლსონის 10 ყველაზე გამორჩეული კინოროლი

2454
#ფილმები

ჯეკ ნიკოლსონი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი და არაერთი ჯილდოს მფლობელია. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 83 წლის მსახიობს 63 სრულმეტრაჟიან ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზეა 3 „ოსკარი“ და „ოსკარის“ 12 ნომინაცია. ამ მაჩვენებლით ნიკოლსონი ყველაზე ხშირად ნომინირებული მამაკაცი მსახიობია აკადემიის ისტორიაში. ჯეკი კინოში 60 წელზე მეტია მოღვაწეობს და ბუნებრივია, არაერთი დასამახსოვრებელი სახე აქვს შექმნილი ეკრანზე, თუმცა ჩვენ მაინც ვეცადოთ და დავასახელოთ მისი 10 ყველაზე გამორჩეული კინოროლი…

ბობი დუპეა – „ხუთი მსუბუქი ნაწილი / Five Easy Pieces (1970)

ფილმი ნავთობკომპანიის თანამშრომლის, ბობი დუპეას პრობლემებით აღსავსე ცხოვრების შესახებ და მის მიერ გაკეთებულ არჩევანზე მოგვითხრობს. მამის ავადმყოფობის გამო ბობის მშობლიურ ქალაქში უწევს დაბრუნება…

ჯეიკ გიტსი – ,,ჩინური კვარტალი“ / Chinatown (1974)

რომან პოლანსკის ნიუ-ნუარის ჟანრის ფილმში ნიკოლსონი კერძო დეტექტივის, ჯეიკ გიტსის როლში გვევლინება, რომელსაც ერთ-ერთი კლიენტი, ეველინ მალვრეი თავისი ქმრის სათვალთვალოდ დაიქირავებს. მოულოდნელად ბატონ მალვრეის ლოს-ანჯელესის ჩინურ კვარტალში მკვდარს პოულობენ…

რენდელ მაკმერფი – „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ / One Flew Over the Cuckoo’s Nest (1975)

მილოშ ფორმანის გენიალური კინოსურათი კენ კიზის რომანის, „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანიზაციაა. ფილმის მოქმედება 1963 წელს, ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდება, სადაც ციხიდან ფსიქიატრიული შემოწმების გასავლელად დამნაშავე – რენდელ მაკმერფი გადაჰყავთ. ძალიან მალე მაკმერფი აღმოაჩენს, რომ საავადმყოფოში პაციენტებს სასტიკი დღის რეჟიმის მიხედვით ცხოვრება და არაადამიანური მოპყრობის ატანა უწევთ…

ჯეკ ტორენსი – ,,ნათება“ / The Shining (1980)

სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმში, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ნაწარმოებს ეფუძნება, ნიკოლსონი მწერალ ჯეკ ტორენსს განასახიერებს. ჯეკი ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას მდგომ სასტუმროში იწყებს მუშაობას, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობს ადგილობრივ სასაფლაოსთან. სასტუმრო ზამთრის სეზონზე იკეტება და ამ დროის განმავლობაში შენობის მოვლა სწორედ ტორენსს ეკისრება. სასტუმროს მენეჯერი ჯეკს აფრთხილებს, რომ სასტუმრო საშიშ ადგილად ითვლება –  კაცმა, რომელიც მასზე ადრე მუშაობდა მეთვალყურედ ცოლ-შვილი დახოცა, ბოლოს კი თავი მოიკლა. თუმცა მწერალი, რომელსაც სიმშვიდეში მორიგ წიგნზე მუშაობა სურს, ამ გაფრთხილებას არაფრად აგდებს…

გარეტ ბრიდლავი – „სინაზის ენა“ /Terms of Endearment (1983)

ავრორა გრინუეი ცხოვრების საუკეთესო წლებს თავისი ერთადერთი ქალიშვილის, ემას აღზრდას, მასზე ზრუნვას და მის კონტროლს უთმობს. თუმცა მას შემდეგ, რაც დედის ზედმეტი ყურადღებით შეწუხებული ემა თხოვდება და საცხოვრებლად სხვაგან გადადის, ავრორა პირადი ცხოვრების აწყობას ცდილობს. ის რომანს კარის მეზობელთან, ყოფილ ასტრონავტ გარეტ ბრილავთან აბამს…

ჯეკ ნაპიე, ჯოკერი – „ბეტმენი“ / Batman (1989)

ყველასთვის საყვარელი სუპერგმირის და მისი დაუძინებელი მტრის, ჯოკერის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია. ჯოკერი ფსიქოპათი და ამავდროულად გენიოსია, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიამოვნებას ბეტმენთან პაექრობა ანიჭებს…

ნეითენ ჯეზეპი  -„რამდენიმე კარგი ბიჭი“ / A Few Good Men (1992)

როდესაც სამხედრო ადვოკატი დენიელ კაფი და მისი კოლეგა ჯოან გალოუეი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის გამოძიებას იწყებენ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ კვალი მათ რიტუალური მკვლელობისა და არმიის მაღალი ეშელონებისკენ წაიყვანს…


მელვინ უდალი – „უკეთესი არ არსებობს“ / As Good as it Gets (1997)

მელვინ უდალი ჭირვეული, აუტანელი და ნევროზით დაავადებული მწერალია, თუმცა თავის საქმეში ძალიან წარმატებული. ბესტსელერების ავტორის ცხოვრება ერთ დღეს ძირფესვიანად იცვლება მას შემდეგ, რაც მის გეი-მეზობელს, საიმონს საავადმყოფოში წაიყვანენ, ხოლო საიმონის ძაღლს კი მას დაუტოვებენ მოსავლელად…

უორენ შმიდტი – „შმიდტის შესახებ“ / About Schmidt (2002)

ყოფილი სადაზღვევო აგენტი უორენ შმიდტი 66 წლის ასაკში პენსიაზე გადის. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შმიდტი ქალიშვილის ქორწილზე დასასწრებად სხვა შტატში მიემგზავრება. ამავე დროს ის გადაწყვეტს ტანზანიელ ბავშვს, ნდუგუს, რომელიც მას წერილებს სწერდა, ფინანსურად დაეხმაროს…

ფრენკ კოსტელო – „განდგომილნი“ / The Departed (2006)

ბოსტონის პოლიცია ირლანდიელ მაფიოზთა კლანის დასამარცხებლად მათ რიგებში ფარულად აგზავნის თანამშრომელს. სამართალდამცავებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ კრიმინალური სინდიკატის ბოსებიც სწორედ ასე მოიქცნენ და მათ შორის გამცემია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები