რუსული და დასავლური მედია ერთნაირი აქტიურობით წერს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტით.

საქმე ისაა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პარტიამ “ხალხის მსახური” უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად რადაში უმრავლესობით შევა. პროცესი პოლიტოლოგების ნაწილისთვის ლოგიკურია, რადგან მათ თქმით, გამარჯვება ზელენსკის რეიტინგმა განაპირობა. უკრაინის პირველი პირის მხარდაჭერისკენ ადგილობრივებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებდა. 

 

მოჩვენებითი ერთიანობა

რუსული მედია წერს, რომ ერთი წლის წინ დაფუძნებული პარტიის ერთიანობა მოჩვენებითია. სინამდვილეში კი, თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, არტია ოლიგარქებისა და მათთან დაახლოებული ჯგუფების გაერთიანებაა. მათ მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებთ.

რუსული სააგენტოები წერენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის თანაგუნდელები ოლიგარქების – იგორ კოლომოისკისა და ვიქტორ პინჩუკის გავლენიანი ჯგუფების წარმომადგენლები არიან.

“მათ მჭიდრო კავშირები აქვთ დასავლეთთან, მათგან გრანტებს იღებენ და რეალურად, ამერიკისა და ევროპის აგენტები არიან უკრაინულ პოლიტიკაში“, – წერს რუსული მედია.

ჟურნალისტების მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვის ნახევარზე მეტს ოლიგარქ კოლომოისკის გავლენა აკონტროლებს.

 

ომი და მშვიდობა

რას იზამს ოლიგაქრების გარემოცვაში უკრაინის პრეზიდენტი, რომლისთვისაც ხუმრობის და სერიალების დრო დამთავრდა და ახლა რეალური პოლიტიკა უნდა აკეთოს. 

მით უმეტეს, უკრაინისთვის ახლა მთავარი კითხვებია: რა მოხდება დონბასთან დაკავშირებით და გაგრძელდება თუ არა რუსული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში უკრაინის გავლით – კონტრაქტი წლის ბოლოს სრულდება.

მართალია, რუსეთს აშინებს ზელენსკის პროდასავლური პარტია და გარემოცვა, მაგრამ უკრაინელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ზელენსკის პოლიტიკა დასავლეთისგან დისტანცირებული იქნება, მაგრამ არა რუსეთზე ორიენტირებული. ვადიმ კასიოვი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, კურსს აიღებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. 

უკრაინელები ირჩევენ ევროპას

„ევრონიუსი“ წერს, რომ უკრაინელები ირჩევენ ევროპას, მაგრამ ყველა არა. ყოფილი პრეზიდენტის – ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსულმა პარტიამ ხმების 15-17% მიიღო, რაც უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებიდან შემოსული ხმებია.  “აქ ნაკლებად მოსწონთ ევროპა, არც რუსეთი უნდათ, მაგრა მათი მთავარი მოტივაცია ისაა, რომ კონფლიქტი დასრულდეს”, – წერს “ევრონიუსი”.

უცხოური მედია ამბობს, რომ უკრაინაში პრორუსულსაც და პროდასავლურ პარტიებსაც ოლიგარქები აფინანსებენ, ასევე ტელევიზიებს.

ფაქტია, რომ პარტიას, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა და მისი სახელი სერიალ “ხალხის მსახურს” უკავშირდება, პოპულარულობა და წარმატება, მათ შორის რადაში უმრავლესობით შესვლა ზელენსკის რეიტინგმა მოუტანა. მისი და ოლიგარქების კავშირზე კი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც აქტიურად საუბრობდნენ.

ვინ წყვეტს უკრაინის ბედს: ოლიგარქს, მსახიობი, დასავლეთი თუ უკრაინელი ხალხი – ამას მომავალი აჩვენებს.

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი