LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ინფანტილიზმის ხელშეწყობაა, როცა 19, 25 წლის ზრდასრულებს ,,ბავშვებივით” ვექცევით” – მარტა ქარუმიძე

595
news202123432

გიფიქრიათ, როგორ ვუწყობთ ხელს ზრდასრულ ადამიანში ინფანტლიზმისა და უპასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას – ,,ფორტუნა” გთავაზობთ გადაცემის ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ავტორისა და წამყვანის, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტის მარტა ქარუმიძის ბლოგს.

იცით რა არის პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და ქმედებებზე? თქვენი აზრით, ჩვენ საზოგადოებაში პასუხისმგებლობის არქონის პრობლემაა?

მოდით ვისაუბროთ ინფანტილიზმზე. ეს არის ბავშვობის საფეხურზე შეჩერება-გაჭედვა.

განვიხილოთ მაგალითები:

ინფანტილიზმის ხელშეწყობაა, როცა 19, 25, 30 წლის ზრდასრულებს “ბავშვებს” ვუწოდებთ და როგორც “ბავშვებს” ისე ვექცევით, მათ ნაცვლად ვაგრძელებთ ყველაფრის კეთებას. სინამდვილეში უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ზრდასრულობა და პასუხისმგებლობა, თუმცა ამის ახსნა უმჯობესია პატარა ასაკიდან დაიწყოთ, ბავშვისთვის გასაგებ და მარტივ ენაზე, ეს იმისთვის, რომ სრულწლოვანობის პერიოდში საკუთარ პასუხისმგებლობას იაზრებდეს.

ინფანტილიზმის ხელშეწყობაა, როცა წყვილი მშობლების ხარჯზე ქმნის ოჯახს. ამ გადაწყვეტილებით წყვილი ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობები სხვას გადააბაროს, ოჯახი კი “სახლობანას” თამაში ჰგონია. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია ახსნა, რომ ეს სწორედ მათი პასუხისმგებლობაა და არა მშობლის ან მეზობლის.

ინფანტილიზმის ხელშეწყობაა, როცა სრულწლოვან შვილებს მშობლები უგზავნიან ფულს, სოფლიდან თუ “ევროპებიდან”, რომ მათ იცხოვრონ და “იგულაონ”. ზრდასრული ადამიანი თავად უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, მშობლის მთავარი ფუნქცია კი მისთვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სხვადასხვა უნარების განვითარებაა.
ინფანტილიზმის ხელშეწყობის ბევრი მაგალითი არსებობს, ამას განაპირობებს არასწორი აღზრდის მოდელი.

ზრდასრულ ადამიანებს პასუხისმგებლობა მართებთ საკუთარ თავსა და საქციელზე, შესაბამისად, ქცევაც მოზარდისგან განსხვავებული უნდა ჰქონდეთ. ამ გრძნობის განვითარება ხდება ასაკობრივად. იმისთვის, რომ არ გვყავდეს ინფანტილური საზოგადოება, აუცილებელია გადაიხედოს აღზრდის მიდგმები და მშობლებმა გააცნობიერონ სად არის დაშვებული შეცდომა. მშობლის სიყვარულმა და ჰიპერმზრუნველობამ ადამიანის განვითარების საფეხურები არ უნდა შეანელოს, არამედ პირიქით, გამოუმუშაოს მას ზრდასრული პიროვნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები