LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმისთვის რომ შევამციროთ ძალადობა ჩვენს შვილებში, ის ჯერ ჩვენს თავში უნდა შევამციროთ“ – თამარ გაგოშიძე

629
gagoshidze

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი ლექციას ავრცელებს, სადაც თამარ გაგოშიძე საუბრობს გაჯეტებსა და კომპიუტერებზე:

„დღევანდელი ეპოქა ისედაც ძალიან დინამიურია და ტექნოლოგიური საშუალებებით ჩვენი ტვინი ისედაც ბომბარდირდება. ამას ემატება მრავალფეროვანი ტექნიკა, გაჯეტების ყოველწლიური ახალ-ახალი მოდელების გამოშვება და მათთან ბავშვების ურთიერთობა სულ ჩვილობის ასაკიდან, რაც ტვინზე ცუდად მოქმედებს. ბავშვის ტვინი მიჩვეულია განვითარებას რეალურ და არა ვირტუალურ სამყაროში. სწორედ ამიტომ 2 წლამდე ბავშვმა რეალურ სამყაროსთან უნდა იურთიერთოს, რეალური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, ცოცხალი მეტყველება უნდა ესმოდეს და არა კომპიუტერიდან. დღევანდელ დღეს ძალიან ხშირია მეტყველების შეფერხება ზუსტად ამ კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენით.

აუტისტური სპექტრის ნიშნები სადღაც წლინახევრიდან აქტიურად ვლინდება. თუ ბავშვი 6 თვიდან ეკრანზეა მიწეპებული, ეს ნიშნები კიდევ უფრო ღრმავდება. აუტიზმი თანდაყოლილი ნეირობიოლოგიური მდგომარეობაა და მას გაჯეტი არ იწვევს, მაგრამ არის მეორე მომენტი, ის აგრესიას იწვევს. ძალიან ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ აგრესიული თამაშები სკოლის პერიოდში და გარდატეხის ასაკში აძლიერებს აგრესიულ რეაქციებს. იმისთვის, რომ მშობელმა კომპიუტერული გაჯეტების თუ სხვა საშუალებების გამოყენება სასარგებლო გახადოს, ჯერ თვითონ უდნა გაიგოს, რას თამაშობს მისი შვილი. არსებობს ასეთი ტერმინი, ეკრანის ბალანსირებული დრო. ჩვენ გვჭირდება დოზირებული და შეზღუდული დრო ჩვენი შვილებისთვის. ამ დროის დაწესება ქცევის მართვასაც ძალიან უწყობს ხელს. ბავშვმა იცის, რომ 45 წუთზე მეტს ვერ გაატარებს თამაშში. ბავშვები მიმბაძველი არსებები არიან, მათი ქცევის მოდელირება ხდება გარშემო არსებული სოციალური მაგალითებით. ეს იქნება ჩაგვრა და ძალადობა ინტერნეტ სივრცეში, რეალურ სივცრეში. ისინი აკოპირებენ იმას, რასაც ხედავენ მშობლებისგან, მეზობლებისგან, მასწავლებლებისგან. იმისთვის, რომ შევამციროთ ძალადობა ჩვენს შვილებში, ჯერ ჩვენ თავში უნდა შევამციროთ. მედიასაშუალებებსაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ ამაზე. ხშირად მედიასაშუალებები ხელს უწყობენ ამ ძალადობის და ჩაგვრის გაძლიერებას, რადგან ეს სანახაობაა, შოუა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები