LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში აგროზონა შეიქმნება, სადაც მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება

113

იმერეთის რეგიონში აგროზონა შეიქმნება, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება.

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ოთარ შამუგიასთან ერთად, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე შეკრებილ პირებს სასათბურე კლასტერის პროექტი წარუდგინა და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სასათბურე კლასტერების პროექტის განხორციელება 2018 წლისთვის იგეგმება და ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება. პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ, სასათბურე სექტორის (მწვანილის და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას, ტრადიციული საექსპორტო დარგებისათვის ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას და შედეგად საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას; ქვეყნის მასშტაბით სასათბურე სექტორის მოდერნიზაციისა და ცოდნის გაზიარების ნიმუშის, ასევე იმერეთის ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების წინაპირობების შექმნას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს. პროექტში მონაწილე პირებმა უნდა უზრუნველყონ მიღებულ მიწის ნაკვეთზე სასათბურე ფართის აშენება არანაკლენ 0.1 ჰა-ზე და არაუმეტეს 5 ჰა-ზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფო უზრუნველყოფს იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე: გზის, კომუნიკაციის საშუალებების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) მიყვანას. იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს, ტერიტორიაზე დახარისხება, გაყინვა, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობის შექმნას.

პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც ქვეყანაში საეთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის კლასტერული მოდელი და სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი (კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში) შეიქმნება, რომელიც თავის მხრივ დამატებით შესაძლებლობას გაუჩენს სხვა საექსპორტო პროდუქციასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები