2019 წლის 1 მარტიდან, ეტიკეტის საშუალებით მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი რეგულაციით მოხდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს, გაყიდვაში არსებული სურსათის შესახებ და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.

ახალი რეგულაციის მიხედვით:

  • იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი (მაგ: ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები; შაქარი და სხვა.)
  • განისაზღვრება ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  •  სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისთვის ადვილად გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი
  • განისაზღვრება მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითებასთან დაკავშირებით
  • ეტიკეტზე არ უნდა იყოს ინფორმაცია სურსათის ისეთი თვისებების შესახებ, რაც არ ახასიათებს (მაგალითად: სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა და სხვა…)
  •  ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრება აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისგან (მაგალითად, შრიფტის, ფონის, სტილით, ფერით;)
  • განისაზღვრება სურსათის ნეტოს – სუფთა წონის (სურსათის წონა, შეფუთვის გარეშე) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება.
  • სურსათის შენახვის ვადის ნაცვლად, შემოდის ტერმინები: ვარგისიანობის მინიმალური ვადა; „გამოიყენება  —მდე“ ვადა,  სურსათის გაყინვის ან პირველადი გაყინვის თარიღი
  • დაკონკრეტდება სურსათის დასახელებები კერძოდ: სურსათის ოფიციალური, ჩვეული და აღწერილობითი დასახელება
  • განისაზღვრება მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით
  • განისაზღვრება მოთხოვნები სურსათის გარე შეფუთვის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით
  • სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს გამოსაჩენ (შესამჩნევ) ადგილზე, გარკვევით, უნდა იყოს მკაფიო, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა. ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ არ უნდა იყოს გადაფარული სხვა ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის აღქმას
  • სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი
  • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის წარდგენას რეკლამის საშულებით ან ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებით
  •  მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის დისტანციურ რეალიზაციას

საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნით და ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით „მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით გადადო და დღევანდელი მდგომარეობით, ახალი რეგლამენტი ძალაში 2019 წლის 1 მარტიდან შედის.

2018 წლის 31 ოქტომბრის N519 დადგენილების საფუძველზე ზემოაღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტში დამატებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2018 წლის 5 ნოემბერს ამოქმედდა და რომლის თანახმადაც, ისევ შეიცვალა პროდუქტის ეტიკეტირების რიგი წესები.

მათ შორის, აღნიშნული ცვლილებით სავალდებულო გახდა საქონლის დამზადების თარიღის მითითება (დადგენილების პირვანდელი ვერსია აღნიშნულს არ ითვალისწინებდა), რამაც ახალი გარემოებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ახალი ცვლილებების წინაშე დააყენა ბიზნესსექტორი. სწორედ ამიტომ, ამოქმედდა ასევე გარდამავალი პერიოდი, რათა ცვლილება ბიზნესზე უარყოფითად არ აისახოს.

ბიზნესომბუდსმენი, „ფორტუნასთან“ საუბარში განმარტავს, რომ მის აპარატს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით, არა ერთმა მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა მიმართა. აპარატი აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოლაპარაკებებში მათი ინტერესების დასაცავად.

„საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნით და ჩვენი რეკომენდაციით, „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადამ 6 თვით ერთხელ უკვე გადაწია, თუმცა, მაინც რჩებოდა რიგი საკითხები, რომლებიც ბიზნეს სექტორისთვის პრობლემური იყო, რაც დამატებით დროსა და კონსულტაციებს საჭიროებდა,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთობლივი მუშაობით, მოხერხდა ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად კომპანიებს 2019 წლის 1 მარტიდან მიეცემათ კიდევ დამატებით გარდამავალი პერიოდი, ეტიკეტირების ახალ წესზე გადასავლელად.

“გარდამავალ პერიოდს გამოვიყენებთ, რათა ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი კონსულტაციები, რეგულაციასთან დაკავშირებით არსებული ბუნდოვანების საბოლოოდ აღმოსაფხრველად და ბაზარზე ძველი ეტიკეტირების წესით გამოტანილი პროდუქცია არ გახდეს კომპანიების დაჯარიმების საფუძველი,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს “დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი” ივა ჭყონია „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ სახემწიფომ სწორი მიდგომა აირჩია, შეთანხმდნენ გარდამავალ პერიოდზე, რომლის დროსაც იმ დეტალების დაზუსტება მოხდება, რაც გაურკვევლობას იწვევდა.

„არის რიგი საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებდა. მიმდინარეობს მუშაობა, რომ ცვლილება ბიზნესს მძიმედ არ დააწვეს,“ – განაცხადა ივა ჭყონიამ.

 

 

მისი თქმით, გარდამავალი პერიოდი სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე აცხადებს, დადგენილებას სურსათის ეტიკეტირების წესების ცვლილებასთან დაკავშირებით, 2016 წელს მოეწერა ხელი და დაახლოებით ორ წელიწადნახევარი ჰქონდათ კომპანიებს, რომ ცვლილების ამოქმედებას მომზადებული შეხვედროდნენ.

მისი თქმით, იმ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომელიც 2018 წლის 5 ნოემბერს ამოქმედდა და რომლის თანახმადაც, ისევ შეიცვალა პროდუქტის ეტიკეტირების წესები, ბიზნეს სექტორი ინფორმირებული იყო.


„ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია, რეგულაციის დაწერამდე ყოველთვის მიმდინარეობს. მუდმივად ხდება დარგებთან შეხვედრა და მათ შეუძლიათ ეს სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე იხილონ. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე 6 თვის განმავლობაში იდება,“ – აცხადებს თენგიზ კალანდაძე.

 

 

თენგიზ კალანდაძის განცხადებით, ცვლილებები კომპანიებს არავითარ ზიანს არ  მიაყენებს.

„პირიქით, ცვლილებები შევიდა მათ სასარგებლოდ, 519-ე დადგენილებით შევიდა ცვლილება ამ 301 ძირითად დადგენილებაში, სადაც ჩაიწერა, რომ ის პროდუქცია, რომელიც პირველ მარტამდე ძველი ეტიკეტით განთავსდება და მას ვადა აქვს 2 წელი, ძველი ეტიკეტით დახლზე პრობლემის გარეშე 2 წელი იდება.
დღეს მოქმედებს 441 დადგენილება, ანუ ეტიკეტის წესი დღესაც არის გარკვეული, ახლა მოხდა უბრალოდ განახლება და რამდენიმე ინფორმაცია უნდა დაიტანონ ეტიკეტზე, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,“ – განაცხადა კალანდაძემ.

კომპანია „მითანას“ ხარისხის მენეჯერი ეკა გიგაური “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომლ, ეტიკეტირების პირველი მარტიდან ამოქმედების შემთხვევაში, კომპანიას აუცილებლად მეტი ხარჯის გაწევა მოუწევს, იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც სჭირდება ახალი ეტიკეტირება, დასჭირდება პროდუქტზე მიკრული სტიკერი, ამასთან დასჭირდება მუშახელი, ვინც ამის დაკვრას განახორციელებს.

“ეს ძალიან დიდი ზარალი იქნება კომპანიებისთვის. ამას გარდა, ამ დადგენილებით არის ისიც გათვალისწინებული, რომ ასაწონ პროდუქციაზე არის დაწესებული კანონები, ანუ ის პროდუქტი, რომელიც დაფასოებულად არ იყიდება სრულად, მაღაზიებში უნდა აიწონოს, ამიტომ თვითონ მაღაზიაში გადატანის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოყვეს თავისი ჩეკი, რომელსაც მითითებული ექნება ამ პროდუქციის ალერგენები და შემედგენლობა, რაც დამატებითი ხარჯი იქნება, თვითონ უკვე მაღაზიებისთვისაც,“ – აცხადებს ეკა გიგაური.

კომოპანია „მითანას“ ხარისხის მენეჯერს მიაჩნია, რომ, მართალია უკვე დაიწყეს მზადება და ემორჩილებიან ამ დადგენილებას, მაგრამ კარგი იქნება დაახლოებით წლის ბოლომდე თუ იქნება ეს სანქციები გადავადებული, რომ არ მოხდეს დაჯარიმება და მეწარმეებმა უფრო უმტკივნეულოდ გადაიტანონ ეს პრობლემა, რაც ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობას ნიშნავს.

„კარგი იქნებოდა თუ დროულად იქნებოდა ბიზნესი მომზადებული ამ პერიოდისთვის, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა, ამიტომ დამატებითი ხარჯების გაწევა დაგვჭირდა. სასწრაფო წესით ვამზადებთ ყველა ეტიკეტს, რომ პროდუქტი გავიდეს ქსელში პირველი მარტიდან შესატანი ეტიკეტირებით,“ – აცხადებს ეკა გიგაური.

რძის პროდუქტების კომპანია „შირაქის“ წარმომადგენელი ირინა ნამგალაური “ფორტუნასთან” საუბარში განმარტავს, რომ ჯერჯერობით იმ თანხების ზუსტი დასახელება უჭირთ, რისი გაღებაც კომპანიას ცვლილებების გამო უწევს.

„ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ეტიკეტის ფერებიდან, ზომიდან და რაოდენობიდან გამომდინარე უნდა დავითვალოთ, ერთეულის ფასი რა დაჯდება,“ – აცხადებს „შირაქის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, სურსათის ეტიკეტირების ამოქმედებით, ბიზნესს დამატებითი ხარჯების გაწევა უწევს.

„დიზაინერს ვუხდით თანხას იმისთვის, რომ ახალი ეტიკეტი შეგვიქმნას, ზომაში იქნება შესაცვლელი ეტიკეტი, რადგან შრიფტის ზომა იზრდება და ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო, ასევე გაიზრდება ბეჭდვის ხარჯი,“ – განაცხადა ირინა ნამგალაურმა.

მისივე განცხადებით, საჯარიმო სანქციები, ეტიკეტირების წესების დარღვევაზე 5 წელია ტარდება და იგივე გაგრძელდება.

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების – სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად მომზადდა.

რეგულაცია ხელს შეუწყობს სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკის დამკვიდრებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორის საქმიანობის სტიმულირებას.

კატეგორიები: ანალიტიკა
ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები