გასულ კვირას აქტიურად საუბრობდნენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის სავარძლებს იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები დაემშვიდობებიან. თავად პრემიერის პოსტს კი სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს.

გუშინ გიორგი გახარიამ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები, უპასუხა, „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი ჟურნალისტებს განუცხადა: „ვფიქრობ, რომ ბატონმა გიორგიმ, როდესაც თქვა, გაზაფხულს დაველოდოთო, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“. 

„ფორტუნა“ იმის გასაგებად, თუ რა რეალობა შეიძლება იყოს ერთ კვირაში, ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, სამთავრობო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ახლა, როცა არჩევნებამდე რვა თვეა დარჩენილი, არ არსებობს.

„საუბარი იმის შესახებ, რომ პრემიერი უნდა შეიცვალოს, კარგა ხანია, მიმდინარეობდა. მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მყარად არის მიღებული. ასე რომ, გამიჭირდება პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. მე პირადად პრემიერ-მინისტრის შეცვლის საჭიროებას ვერ ვხედავ.
ჩამოთვლილი სავარაუდო კანდიდატებიდან ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, ვისი მოსვლაც აუცილებელია.
გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის ბიძინა ივანიშვილი. თუ არჩევნების წინ დაბრუნდება პრემიერად, ეს ცალსახად მომგებიანი იქნებოდა „ოცნებისთვის“. ეს იქნებოდა ერთადერთი მიზეზი, რაც გაამართლებდა საზოგადოების თვალში პრემიერის შეცვლას. განსაკუთრებით იმ კანდიდატის ფონზე, ვისაც ასახელებენ. ცუდი კი არ არის, აუცილებლობა არ იკვეთება და გაუგებარია, რატომ უნდა შეცვალონ იმ კანდიდატურით გახარია. სოციალურ თუ საზოგადოებრივ ცვლილებებს მაინც ვერ განახორციელებს. ლოგიკა ხომ უნდა იყოს ყველაფერში. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. მისი მესამედ დაბრუნება მომგებიანი და „ოცნებისთვის“ დამატებითი ბონუსი იქნება. ივანიშვილი ცუდია თუ კარგია, ამაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და პასუხიმგებლობას იღებს ყველა პროცესზე.”

ექსპერტი მინისტრების შეცვლის აუცილებლობასაც ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანის მუშაობაში აზრსაც ვერ ხედავს.

გულახდილად გეტყვით, მე რომ შემომთავაზონ რომელიმე მინისტრობა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები. რვა თვე დარჩა არჩევნებამდე  და არჩევნების შემდეგ მაინც ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება. რვა თვეში მე, როგორც მინისტრმა, რა უნდა შევცვალო?“, – აცხადებს არეშიძე.

კითხვაზე, ხომ  შეიძლება გამოჩნდეს ამბიციური ადამიანი, ვინც იტყვის, რომ რვა თვეში კი არა, ერთ თვეში შეძლებს სასწაულის მოხდენას, ექსპერტი პასუხობს:

„მე ჩემიდან გამომდინარე ვიტყვი უარს. რასაკვირველია, რამდენიმე მინისტრი არის ისეთი, რომელიც მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს. მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი. მარტო მინისტრში არ არის საქმე, სამინისტროს მუშაობაზე ვსაუბრობ. ციხელაშივილი სპინოზაც რომ იყოს, სამინისტროს მუშაობის ფორმატი ისეთია, რომ ქეთევან ციხელაშვილისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარება ძალიან რთულია. ეს სამინისტრო არის დეკორაცია. რაღაცას აკეთებს, ეს არ არის ის, რომელიც ამ მიმართულები უნდა გააკეთოს სახელმწიფო უწყებამ. მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი კულტურის სამინისტროს ფაქტობრივად ნიველირება. რომ მკითხოთ, კეთდება თუ არა კულტურის მიმართულებით რაიმე, გიპასუხებთ, რომ ძალიან ცოტა და ძალიან ცუდად. ჩვენთან განათლების სისტემა სამწუხაროდ არის დაუხვეწავი და ძალიან ეკლექტური და აქედან გამომდინარე განათლების მინისტრის მთავარი ამოცანა ალბათ ის არის, რომ დაიყოს და ისეთი რეფორმა ჩაატაროს განათლების სისტემაში, რომელიც მორგებული იქნება ჩვენ ქვეყანას და წარმატებით დაასრულებს ამ რეფორმას. 30 წელია ჩვენს ქვეყანაში განათლების რეფორმა მიმდინარეობს და გაუნათლებელ თაობებს ვიღებთ“, – აცხადებს ექსპერტი.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებების ბედი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

„ქართული ოცნების“ საკადრო ცვლილებები მოულოდნელი ცვლილებებით გამოირჩევა. რაიმეს პროგნოზირება ძნელია. თუ საჭიროდ ჩათვლის ივანიშვილი, რომ თანამდებობა ყველამ დატოვოს, ყველა დატოვებს.

ვინმეს შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ მამუკა ბახტაძე გახდებოდა პრემიერი, ან ალექსანდრე ჭიკაიძე გახდებოდა მინისტრი? როცა ასეთი მოულოდნელობებია, რანაირად გინდა თქვა, გრიგოლ ლილუაშვილი გახდება თუ არა პრემიერი. ივანიშვილს აქვს თავისი ხედვა და ეს ცვლილება რა პრინციპით ხდება, არ ვიცი.

არ გამოვრიცხავ, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ნათქვამი ფრაზა, დაელოდეთ გაზაფხულს, ეს უბრალოდ პიარი იყო და რეალურად ცვლილებები არ განხორციელდეს, მაგრამ ლოგიკურად, როცა არჩევნებამდე, დარჩენილია რამდენიმე თვე, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, გუნდის გადახალისება ხდება ხოლმე. პროგრამას არავინ კითხულობს, საკადრო ცვლილებებს კი ყველა ხედავს. ამიტომ ამ ცვლილებით უნდათ, გააჩინონ განცდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს პოლიტიკური სვლა და ერთგვარი პოლიტიკური ხრიკია.”

კითხვაზე, როგორ მოახერხა იუსტიციის მინისტრმა რვა წლის განმავლობაში მინისტრის სავარძლის შენარჩუნება, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი თეა წულუკიანს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე დანარჩენებს.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05