LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰორმონები, ასაკი და სტრესი!! რა იწვევს უშვილობას – ნანა ჯანელიძე მიზეზებსა და გამოსავალზე

4052

გადაცემის ლაივი LIVE

რა დროს შეძლება დაისვას უშვილობის დიაგნოზი, რა არის უნაყოფობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, წარმოადგენს თუ არა დაბრკოლებას ასაკი 35 წელს ზევით და რა დროს დგება ინ ვიტრო განაყოფიერების აუცილებლობა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ჟორდანიას კლინიკის” ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა ნანა ჯანელიძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს დიაგნოზი უშვილობა, რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს, თუ რეგულარული სქესობრივი კავშირის შემდეგ არ დგება ორსულობა?

მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის გვისაუბრია ამ თემაზე, ის მაინც აქტუალურია. იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა დიაგნოზსაც უშვილობა, უნაყოფობა წარმოადგენს, საკმაოდ დიდია.

წყვილთან, სადაც ქალის ასაკი 35 წელზე ნაკლებია და ერთი წელი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემდეგ, არ დგება ორსულობა, ისმება უშვილობის დიაგნოზი. ხოლო თუ ქალის ასაკი არის 36 წელზე მეტი, აქ ეს დიაგნოზი შესაძლოა, 6 თვეში დაისვას.

ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის გადაწყვეტილება, როდის მიმართოს ექიმს. ასევე მნიშვნელოვანია პირველი ვიზიტისას სწორად შეფასდეს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქცია. ქალის რეპროდუქციული ფუნქცია სხვა ტესტებით ფასდება, მამაკაცის შეფასება თავისთავად განსხვავებული პროცესია. მნიშვნელოვანია წყვილთან  მოხდეს ყველა დეტალის განხილვა და დაიგეგმოს გარკვეული კვლევები. პროცესი არ უნდა იყოს სტრესული, რადგან ერთი წელს შეიძლება რამდენიმე თვე დაემატოს და ამის შემდეგ დადგეს სპონტანური ორსულობა.

რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ქალსა და მამაკაცში არსებობს ჰორმონალური დიაგნოსტიკური ტესტები, არსებობს ინსტრუმენტული გამოკვლევა, რომელსაც ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ჰქვია და არსებობს ასევე დაკვირვება, ფოლიკულის მონიტორინგი. ეს არის ის ძირითადი კვლევები, როდესაც ქალის რეპროდუქციული ფუნქცია მოწმდება. მამაკაცის შემთხვევაში ხდება ბანალური სპერმოგრამა და მინდა ხაზი გავუსვა, რომ მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის შემოწმების მიზნით, სპერმოგრამის ჩატარებაც სრულებით საკმარისია.  თუ მამაკაცს სხვა პრობლემებიც აქვს, უროლოგიური, სქესობრივი დისფუნქცია თუ რაიმე თანმხლები ინფექციები, ეს უკვე ითხოვს გაშლას ამ პროცესის და უფრო დეტალურ დიაგნოსტიკას.

ხაზი უნდა გავუსვა, რომ სპერმის ანალიზი საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს შესრულებული. აქ უნდა განვიხილოთ ის კრიტერიუმები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სპერმის რაოდენობა, აქტივობა, მოძრაობა, სიცოცხლისუნარიანობა და მისი მორფოლოგია ანუ სტრუქტურა.

რომელია უშვილობის ძირითადი მიზეზები?

განმაპირობებელი ფაქტორები და მიზეზები გახლავთ ენდოკრინული დარღვევები, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. ფარისებრის დისფუნქცია, ჰიპერპროლაქტინემია და სხვა სასქესო ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები, რისი მიზეზითაც დგება მეორადად განვითარებული სქესობრივი დისფუნქცია, რაც სპერმოგრამაში შესაბამისი ცვლილებებს აჩვენებს.

სტატისტიკურად ენდოკრინული პათოლოგიები წამყვანია, რაშიც მოიაზრება პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი. ხაზს გავუსმევ, სინდრომი და არა დაავადება. როდესაც პოლიკისტოზთან გვაქვს საქმე, იქ რამდენიმე კომპონენტი უნდა ერთიანდებოდეს, რომ ეს დიაგნოზი დაისვას. საკვერცხის პოლიკისტოზი შესაძლოა, მეორადად, სხვა ჰორმონალური დარღვევის პარალელურად იყოს განვითარებული და არსებობდეს უშუალოდ სტრუქტურული ცვლილებები საკვერცხეში, რომელიც იწვევს ანოვულაციას. ანოვულაცია ფოლიკულის მომწიფების პროცესის დარღვევაა, ფოლიკულები და არსებული დომინანტური ფოლიკული კი აუცილებელი პირობაა, რომ მოხდეს მისი ოვულაცია, გასკდომა და გამონთავისუფლდეს იქიდან მომწიფებული კვერცხუჯრედი, შემდეგ მოხდეს მისი ტრანსპორტირება და განაყოფიერება.

რაც შეეხება ინფექციებს, ესეც აქტუალურია, მაგრამ არა იმ სიხშირით, როგორც ენდოკრინული დარღვევები. ინფეციების მიზეზი ძირითადად არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რაც განმაპირობებელია შემდგომი გართულებების, ძირითადად შეხორცებითი პროცესის, რომელიც იწვევს მამაკაცის უნაყოფობასაც და ქალებში მილის ფაქტორით განპირობებულ უნაყოფობას.

ყოფით ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც წყვილს აქვს რეგულარული სქესობრივი კავშირი, მაგრამ ორსულობა არ დგება. 7-8 წლის შემდეგ კი, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დგება ორსულობა, რით შეიძლება აიხსნას ეს ერთი შეხედვით ამოუხსნელი შემთხვევები?

ეს შემთხვევები შემიძლია დავუკავშირო  უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობას. ეს არის ცალკე პრობლემა და დიაგნოზი და არც თუ ისე მცირე, დაახლოებით 35%-ში გვხვდება. ამ დროს ვატარებთ ყველა დიაგნოსტიკურ კვლევას, ვცდილობთ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ ხელმოსაჭიდ პრობლემას ვერ ვაწყდებით. 7 წელი საკმაოდ დიდი პერიოდია, ეს არის ემოციურად დამთრგუნველი, პაციენტების ფსიქოემოციური სტატუსი საკმაოდ სუსტია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შემთხვევაში მოხდა გამეტების თანხვედრა. მილში მოხდა მათი შერწყმა, ანუ ანატომიური თავისებურება არ იყო და ასევე არ იყო ისეთი მძიმე დაავადება, როგორიც არის მამაკაცის უნაყოფობა. შესაბამისად, არსებობდა პირობა იმისა, რომ მომხდარიყო განაყოფიერება.

 როგორია უშვილო მამაკაცებისა და უშვილო ქალების რიცხვობრივი შეფარდება?

რიცხვობრივი შეფარდება თანაბარია, 50/50 -ზე. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური გახდა მამაკაცის ფაქტორის გამოვლენა, თვითონ მამაკაცებშიც დაგროვდა გარკვეული ცოდნა იმისა, რომ საჭიროა მათაც მიმართონ ექიმს და მოხდეს რეპროდუქციული ფუნქციის შეფასება. დღემდე გამონაკლისებს ვაწყდებით, როდესაც  წლების განმავლობაში მხოლოდ ქალი იტარებს გამოკვლევებს და ეს მართლაც სავალალოა. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს სურს იყოლიოს შვილი, ვურჩევთ, რომ წყვილმა მოგვმართოს.

უცნობი ეტიმოლოგიის უნაყოფობა თავის მხრივ იმ ფაქტორებს აერთიანებს, რომელსაც ერთხელ ჩატარებული რუტინული დიაგნოსტიკური ტესტით  ვერ ვადგენთ, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ არსებობს სხვა სიღრმისეული დაზიანება სპერმატოზოიდების, როდესაც მიდის დნმ ფრაგმენტაცია, ესეც განაპირობებს უნაყოფობის პრობლემას და ასევე, როდესაც  დგება ორსულობა, მაგრამ მისი თვითნებითი შეწყვეტა ხდება.

რა შეიძლება მეორადი უნაყოფობის  მიზეზი გახდეს?

იგივე მიზეზი შეიძლება არსებობდეს მეორადი უნაყოფობის დროს, რაც ახასიათებს პირველად უნაყოფობას.  შეიძლება შეიცვალოს ორგანიზმის ენდოკრინული სტატუსი.  მეორადი უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა, იყოს ინფექცია ან ენდომეტრიოზი ან გარკვეული შეხორცებითი პროცესის შედეგად გამოვლენილი მილის უნაყოფობა. მილის გაუმტარობა –  ეს ფაქტორი უნდა გამოირიცხოს და შემდეგ უფრო მარტივია მკურნალობის სქემის დასახვა.

რა როლი ასქვს  ემოციურ ფაქტორს ?

მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა, პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები გვქონია. უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ, სპონტანური ორსულობა დამდგარა. ან გაუჩენიათ ინ ვიტრო განაყოფიერებით და შემდეგ ბუნებრივად. მხოლოდ ემოციურ ფაქტორს ვერ მივაწერ, რადგან, თუ მკურნალობა სწორად არის ჩატარებული, პაციენტთან ეს მკურნალობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს მის ენდოკრინულ სტატუსზე,  იგივე საკვერცხეზე და საშვილოსნოზე.

ფსიქოლოგიური ფაქტორი ეს არის ნერვული სისტემის მზაობა და მდგომარეობა.  ნებისმიერი ორგანო და მათ შორის საკვერცხე რეგულირდება თავის ტვინიდან, ყველა სტიმული და იმპულსი მოდის იქედან. თუ ღერძი დაირღვევა, იქ შეიძლება არსებობდეს არამოპასუხე საკვერცხე, შესაბამისად ემოციურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

როდესაც პაციენტებთან კონტაქტი გვაქვს, ვცდილობ მაქსიმალურად ავუხსნა და განვუმარტო, რა პრობლემის წინაშე დგას. ზოგჯერ პაციენტს თავისი პრობლემა კოშმარად აქვს წარმოდგენილი, უჭირს გათავისება, თუ პაციენტის მზაობა არ იქნა, რომ იმეგობროს ექიმთან, რეზულტატამდე ვერ მივალთ. თავიდანვე ვცდილობთ, პაციენტებს მივცეთ განათლება, ემოცია იმისათვის, რომ დაგვიმეგობრდნენ და ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემებს.  არსებობს ჩვენება პაციენტებთან, როდესაც შემიძლია ეტაპობრივი მკურნალობა დავგეგმო და მათ თავიდანვე ვაცნობ ამას. შესაძლოა, შევისვენოთ კიდეც ეტაპებს შორის, პაუზის დროს შეიძლება დადგეს ორსულობა, თუ ასე არ ხდება, გადავდივართ შემდეგ ეტაპებზე.

 რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის მოსაზრება, რომ ჰისტეროსკოპიის პროცედურის ან კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ორსულობა უფრო მარტივად დგება?

ორსულობის დადგომა ქალის და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კონკრეტულ შემთხვევებში არ ვეთანხმები კოლეგებს, როდესაც პირდაპირ მიმართავენ  ჰისტეროსკოპიულ კვლევას, ესა არის საშვილოსნოს ღრუს ენდოსკოპიური კვლევა, დათვალიერება, როდესაც ვღებულობთ ინფორმაციას იმის შესახებ, არსებობს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი საშვილოსნოს ღრუში, რომ მოხდეს ემბრიონს იმპლანტაცია.

თუ ულტრაბგერით კვლევაზე ენდომეტრიოზის სტუქტურა არ მოგვწონს და ეჭვი გვაქვს ე.წ. პოლიპის არსებობაზე, უნდა მოხდეს ჰესტეროსკოპიით ამის გადამოწმება. ასევა ჰისტეროსკოპია ავლენს თანდაყოლილ ანომალიებს, არის თუ არა ღრუს დეფორმაცია, შეხორცებითი პროცესი. საოფისე ჰისტეროსკოპიის დროს, მინიმალური ინვაზიით, ანესთეზიის გარეშე, ენდოსკოპიურად ხდება საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება, რომელიც დიდ ინფორმაციას გვაძლევს, გვაჩვენებს, არის თუ არა ისეთი ცვლილებები, რომელიც შემდგომი მკურნალობის განხორციელებაში ხელს შეგვიშლის.  შესაძლებელია მინიმალური ჩარევაც, პატარა პოლიპექტომია. ჩემი მოსაზრებით, ყველა უნაყოფო პაციენტი არ საჭიროებს რუტინულად ჰისტეროსკოპიულ კვლევას, რადგან საშვილოსნოს ღრუში ინვაზიური ჩარევა შესაძლოა, უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს ვიდრე დადებითის.

მსოფლიოში კონტრაცეპტივები გამოიყენება იმისათვის, რომ დაიგეგმოს სასურველი ორსულობა, მაგრამ ამავე დროს კონტრაცეფციას აქვს უდიდესი როლი გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში, განსაკუთრებით როდესაც ენდოკრინული პრობლემებია. თუ ის სწორად დაინიშნება, ე.წ. ”რიბაინდ” ეფექტს ვეძახით, ასეთ დროს საკვერცხე ისვენებს კონტრაცეპტივის ფონზე, მოხსნის შემდეგ კი მოხსნის სინდრომი ვითარდება და საკვერცხე აქტიურდება, იწყებს ოვულაციას და შესაძლოა ორსულობა დადგეს. ძირითადად ეს პოლიკისტოზიური საკვერცხის მქონე ახალგაზრდა ქალებს ეხება.

ქალები თანამედროვე ცხოვრებაში გვიან იცლიან შვილოსნობისთვის, რას მივაწეროთ ეს ტენდენცია და რატომ შეიძლება გახდეს 35 წელს ზევით ასაკი უშვილობის მიზეზი?

ეს პრობლემა აქტუალურია, პაციენტების უმრავლესობა ვინც 35 წელს ზემოთ ქორწინდება და გეგმავს ორსულობას, მათთან პრობლემები იჩენს თავს. ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში აქტუალურია. ნებისმიერი სიმპოზიუმი, კომფერენცია, შეხვედრა ეხება ასეთი ქალების ჯგუფს და ყოველთვის ხდება ცოდნის, გამოცდილების გაზიარება, ახალი მეთოდების დანერგვა, რათა როგორმე დავეხმაროთ ქალებს, განსაკუთრებით 39 წელს ზემოთ. საქართველოში ჯერ–ჯერობით არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, რის შემდეგაც შეგვიძლია უარი ვუთხრათ პაციენტებს მკურნალობაზე, ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ლიმიტირებულია და 43-45 წელს შეადგენს.

“ცუდად მოპასუხე საკვერცხის მქონე ქალების”  შემთხვევაში,  ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა, ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ის მინიმალური პოტენცია, რაც მათ გააჩნიათ.  ეს უნდა იქცეს მესიჯად მსმენელებისთვის, იგივე ჩემი კოლეგებისთვის, რომელთანაც ასეთი ქალბატონები მოხვდებიან, მათ დრო არ უნდა დავაკარგინოთ. ქალის რეპროდუქციული ფუნქცია 40 წლის შემდეგ ყოველთვიურად 5%-ით კლებულობს. ამის წარმოდგენა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მათ დროულად გავუწიოთ მხარდაჭერა.

 სასურველია თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერებამდე ინსემინაცია და რა დროს დგება ინ ვიტრო განაყოფიერების აუცილებლობა?

პირდაპირი ჩვენება ინსემინაციას არ გააჩნია, პირდაპირი ჩვენება არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის. ასევე არსებობს უკუჩვენება, რა დროს არ უნდა ჩაატარო ინსემინაცია, ეს გახლავთ მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა, როდესაც სპერმის რაოდენობა და ხარისხი მკვეთრად დაქვეითებულია, ასევე მნიშვნელოვანია მილის ფაქტორი და ქალის ასაკი.  ასაკი სადავოა, რადგან შეიძლება მისცე ქალს შანსი, ინსემინაცია ჩაიტაროს, სცადოს, გაიაროს ეს ეტაპიც. რაც შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას, ის დღეს რეპროდუქტოლოგიაში ერთ-ერთ რუტინულ, უსაფრთხო, ეფექტულ და წარმატებულ  მეთოდად მოიაზრება უშვილობის მკურნალობაში. ინ ვიტრო განაყოფიერების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი დაწესებულების და რეპროდუქტოლოგის მუშაობა. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს მაქსიმალურ ვაძლევთ  შანსს პაციენტს იმისათვის, რომ მივიღოთ გამეტა და მივიღოთ ემბრიონი.

არსებობს ინ ვიტროს პირდაპირი ჩვენება, ეს არის მამაკაცის ფაქტორი და ქალის ასაკი, თუმცა, უმჯობესია ინ ვიტრო დაიგეგმოს დროულად, თუნდაც ახალგაზრდა ასაკში, როდესაც ქალის საკვერცხეს გააჩნია პოტენცია იმისა, რომ მივიღოთ ორსულობა. ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარება შეიძლება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვს. ძალიან ბედნიერები ვართ, როდესაც პირველი ცდაზე ვიღებთ შედეგს და ეს არც თუ ისე იშვიათად ხდება. პირველივე ცდაზე რეზულტატი უკავშირდება ქალის ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები