LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HBO-ს და Netflix-ის ყველაზე რეიტინგული სერიალები – 2019 წლის შეჯამება კინომანებისთვის

7507
tv-shows-best-19-n

2019 წელი დასასრულს მიუახლოვდა და სერიალების მოყვარულებს უკვე შეგვიძლია მისი ერთგვარი შეჯამება. დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ იმ ტელეშოუების შესახებ, რომლებიც მაყურებელმა პირველად სწორედ წელს იხილა. ტრადიციისამებრ, ყველა ჟანრში წელსაც არაერთი საინტერესო სერიალი ვიხილეთ. ხარისხიანი სერიალების წარმოებაში კვლავინდებურად HBO და Netflix ლიდერობენ.

 „ჩერნობილი“ / Chernobyl

IMDB რეიტინგი: 9.5

არხი: HBO

როლებში: ჯარედ ჰარისი, სტელან სკარსგარდი

სერიალი მოგვითხრობს 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილში მომხდარ ბირთვულ კატასტროფაზე, რომელიც დღემდე ითვლება ისტორიაში ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს (თუ უდიდეს არა) კატასტროფად და იმ მსხვერპლზე, რომლის გაღებაც მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის გახდა საჭირო. HBO-ს მინისერიალმა უკვე დაიმსხურა „ემი“ საუკეთესო მინისერიალის კატეგორიაში და ამავე ნომინაციაში იგი „ოქროს გლობუსზეა“ წარდგენილი.

„როცა ისინი დაგვინახავენ“ / When They See Us

IMDB რეიტინგი 9.0

არხი: Netflix

როლებში: ასანტე ბლექი, კალილ ჰარისი, ეთან ჰარისი, ჯარელ ჯერომი

სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, 1989 წლის აპრილში, ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში მომხდარ გახმაურებულ დანაშაულზე და მოგვითხრობს ხუთი შავკანიანი მოზარდის ტრაგიკულ ისტორიას, რომლებიც უსამართლოდ დაადანაშაულეს მომხდარ შეტაკებასა და გაუპატიურებაში. სერიალი ნათლად ასახავს უსამართლო სისტემის ბრძოლას უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ.

„მანდალორელი“ / The Mandalorian

IMDB რეიტინგი 9.0

არხი: Disney +

მთავარ როლში: პედრო პასკალი

„მანდალორელი“ „ვარსკვლავური ომების“  სამყაროს მიეკუთვნება. სერიალში მოქმედება „ვარსკვლავური ომების“ რიგით მეექვსე ფილმ „ჯედაის დაბრუნებაში“ განვითარებული მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. იმპერიის დამხობის შემდგომ, პირველი ორდენის აღმოცენებამდე, ახალი რესპუბლიკისაგან შორს, მარტოხელა მონადირე გალაქტიკის შორეულ კუთხეებში მოგზაურობს და საინტერესო თავგადასავლებშიც ეხვევა.

„დაე, ძალა იყოს თქვენთან“…

„ბიჭები“ / The Boys

IMDB რეიტინგი: 8.8

არხი: Amazon

როლებში: კარლ ურბანი, ჯეკ ქუიდი, ენტონი სტარი, ერინ მორიარტი

სუპერგმირები ყველა სამყაროში აუცილებლად ყველაზე კეთილი და სამართლიანი ქმნილებები სულაც არ არიან. ამ სერიალის სამყაროში, რომელიც იმავე სახელწოდების კომიქსს ეფუძნება, ისინი თავის ძალებს პირადი მიზნებითაც ხშირად იყენებენ. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, სახელად „ბიჭები“  გადაწყვეტს შეეწინააღმდეგოს  სუპერგმირების თავგასულობას და უსამართლობას.

„მხედვარი“ / The Witcher

IMDB რეიტინგი: 8.8

არხი: Netflix

როლებში: ჰენრი კევილი, ფრეია ალანი, ანია ჩალოტრა

„მხედვარის“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფენტეზი-ფრენშაიზის ეკრანიზაციას ფანები დიდი ხანია ელოდნენ. სერიალი პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ამავე სახელწოდების საგას ეფუძნება.

მისი მთავარი გმირები ურჩხულებზე მონადირე გერალტ რივიელი, ცინტრას მაგიური ძალების მქონე პრინცესა ცირი და ძლევამოსილი ჯადოქარი, იენიფერი არიან. შოუს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა თქმით, ისინი ყველანაირად ეცადნენ, რომ გადაეღოთ შოუ, რომელიც გათვლილი იქნებოდა არა მხოლოდ მაყურებელთა კონკრეტულ სეგმენტზე (ფენტეზის მოყვარულებზე). „მხედვარმა“ ფანების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა საერთო ჯამში,მასზე დადებითი უფრო მეტი ითქვა, ვიდრე უარყოფითი.

როგორც ცნობილია, Netflix სერიალის კიდევ შვიდი სეზონის გადაღებას გეგმავს.

„სიყვარული, სიკვდილი და რობოტები“ / Love, Death & Robots

IMDB რეიტინგი: 8.6

არხი: Netflix

„ნეტფლიქსის“ ორიგინალურმა პროექტმა გამოსვლიდან ძალიან მალევე შეზლო მაყურებლის გულის დაპყრობა. „სიყვარული, სიკვდილი და რობოტები“ მოკლე ანიმაციური ისტორიების ანთოლოგიაა, რომელიც აერთიანებს  სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებათა, კომედიურ, ფენტეზის და სხვა ჟანრების ისტორიებს.

„დაუჯერებელი“ / Unbelievable

IMDB რეიტინგი: 8.5

არხი: Netflix

როლებში: ტონი კოლეტი, მერიტ უივერი, კეიტლინ დევერი

Netflix-ის კიდევ ერთი მინისერიალი, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული მოგვითხრობს თინეიჯერი გოგონას ისტორიას.მოზარდი თავისი გაუპატიურების შესახებ შეატყობინებს პოლიციას, მოგვიანებით კი ყველაფერს უარყოფს. მის საქმეს ორი გამომძიებელი ქალი იძიებს, რომლებიც ცდილობენ მტკიცებულებები მოიძიონ და  სიმართლე დაადგინონ.

„ეიფორია“ / Euphoria

IMDB რეიტინგი: 8.5

არხი: HBO

როლებში: ზენდაია, ჰანტერ შეფერი, სიდნი სვინი

სერიალი მოგვითხრობს მაღალკლასელების ერთი ჯგუფის სიყვარულისა და მეგობრობის ისტორიებზე, რომლებიც ნარკოტიკებით, სექსით, ფსიქოლოგიური ტრამვებითა და სოციალური მედიითაა გაჯერებული.

„დილის შოუ“ / The Morning Show

IMDB რეიტინგი: 8.3

არხი: Apple TV+

როლებში: ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, სტივ კარელი

სერიალმა დილის შოუს შიდასამზარეულოს შესახებ გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა. Apple TV Plus-ის შოუ არა მხოლოდ ვარსკვლავური ქასტით გამოირჩევა. ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ დილას აღვიძებენ ამერიკას და როგორია მატი ცხოვრება კადრს მიღმა? ამ კითხვებზე პასუხებს სწორედ ეს სერიალი გაგცემთ. „დილის შოუ“ საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში „ოქროს გლობუსზეა“ წარდგენილი და კონკურენციას გაუწევს ისეთ შოუებს, როგორებიცაა: „გვირგვინი“, „ევას მკვლელობა“, „მემკვიდრეობა“ და „დიდი პატარა ტყუილები“.

 „მისი ბნელი საწყისები“ / His Dark Materials

IMDB რეიტინგი 8.2

არხი: HBO/BBC One

როლებში: ჩარლზ მაკევოი, დაფნე კინი, რუთ იოლსონი

ფილიპ პულმანის აღიარებულ ტრილოგიაზე დაფუძნებული სერიალი ახალგაზრდა გოგონას, ლირას ამბავს მოგვითრობს, რომელიც სხვა სამყაროში ცხოვრობს. ლირა გაუჩინარებული მეგობრის ძებნისას ფარდას ახდის საიდუმლო ორგანიზაციის მზაკვრულ გეგმებს და ზებუნებრივ არსებებთან ერთად დაუჯერებელი თავგადასავლებიც გადახდება თავს.

„დაინახე“ / See

IMDB რეიტინგი: 7.7

არხი: Apple TV+

როლებში: ჯეისონ მომოა, ელფრი ვუდარდი, სილვია ჰოუკსი

Apple TV Plus-ის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი სამეცნიერო ფანტასტიკის და დისტოპიის მოყვარულებისათვის აუცილებლად სანახავი სერიალების სიაში უნდა იყოს. დისტოპიურ მომავალში კაცობრიობას დაკარგული აქვს მხედველობა. ადამიანები იბადებიან და კვდებიან წყვდიადში და საუბარიც კი იმის შესახებ, რომ ოდესღაც არსებობდა ხედვის ნიჭი, ერესად ითვლება.

თუმცა უსინათლოთა ერთ-ერთ თემში ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც იქ მხედველობის უნარის მქონე ტყუპები დაიბადებიან.

უსინათლოთა საზოგადოება განსხვავებულია ყველაფერი იმისაგან, რაც ოდესმე პოსტაპოკალიპტური ჟანრის სხვა სერიალებში გვინახავს. სრულიად განსხვავებულია ამ საზოგადოებაში ოჯახური და სოციალური კავშირები, კომუნიკაციის და ინფორმაციის გადაცემის საშუალებები, თუმცა ადამიანების დაუნდობელი ბუნება აქაც უცვლელი რჩება.

Honorable Mentions:

 

The Dark Crystal: Age of Resistance (IMDB 8.6)

After Life  (IMDB 8.4)

Undone  (IMDB 8.3)

Sex Education (IMDB 8.3)

Good Omens (IMDB 8.2)

The Righteous Gemstones (IMDB 8.1)

Servant (IMDB 8.0)

Russian Doll (IMDB 7.9)

Watchmen (IMDB 7.9)

The Loudest Voice (IMDB 7.9)

The Other Two (IMDB 7.3)

For All Mankind (IMDB 7.1)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები