LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვინდა მასშტაბური კონცერტი შევთავაზოთ მსმენელს“ – LOUDspeakers სიახლეებითა და ახალი სიმღერით

2013
66455697-891174537887699-299130577947197440-n3434

LOUDspeakers ალტერნატიულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული ბენდია. პირველი წარმატება ჯგუფს სინგლებმა In this world და world in my eyes მოუტანა. ქართული ალტერნატიული როკჯგუფის ისტორია 2009 წლის მიწურულიდან დაიწყო. ალექსანდრე დოლიძე (კლავიში), ლევან ლაუდაძე (გიტარა, ვოკალი) და ლევან მამალაძე (ბას გიტარა) ის სამეული იყო, რომლებმაც კოტე კალანდაძესთან ერთად, 9 წლის წინ ჩაწერეს სიმღერები, რომლებიც მსმენელმა შეიყვარა.

ჯგუფის სახე წლების განმავლობაში იცვლებოდა. დღევანდელი შემადგენლობით კი მსმენელის წინაშე ასე წარსდგებიან: ლევან ლაუდაძე – ვოკალი. სანდრო წიკლაური –კლავიში. ლევან მამალაძე – ბას გიტარა. გიორგი ტეცოშვილი (ტეცო) – დრამი.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც ბიჭები პროფესიით მუსიკოსები არ არიან. ერთის გარდა, ყველა დანარჩენი სხვადასხვა პროფესიისაა. თუმცა, ისინი სწორედ მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა.

ლევანი ლაუდაძე: „პროფესიით იურისტი ვარ. როდესაც უმაღლესში ჩავაბარე, მაშინ დავიწყე გიტარაზე დაკვრა და რატომღაც მაშინვე მქონდა ის განცდა, რომ ეს იყო საქმე, რისი კეთებაც მინდოდა. იურიდიული მოვალეობის გამო დავამთავრე და საბოლოოდ მივყევი იმას, რაც მიმაჩნია, რომ ჩემია.

სანდრო ეკონომისტია: „მენეჯმენტის სპეციალობა დავამთავრე და ყოველთვის მაინტერესებდა მუსიკასთან ერთად მენეჯმენტის განხრაც. ისეთი კომპანია მაქვს, რომელიც მუსიკასთან კავშირშია და ამ მიმართულებით ღონისძიებებს ვაკეთებ.“

ლევან მამალაძე ბუღალტერია: „პროფესიით არასდროს მიმუშავია. როცა ჩავაბარე, მეც იმ პერიოდში დავიწყე დაკვრა.“

ლევანი ლაუდაძე: „ერთადერთი ტეცო არის მუსიკოსი. როდესაც ჯგუფში მოვიდა, მაშინ აღვიდგინე, რომ 10 წლის რომ იყო, ჯერ კიდევ მაშინ მომისმენია. უკრავდა Dave Brubeck-ის (Take Five) jazz standarts.“

კითხვაზე თუ რა გამოარჩევთ მათ სხვა ბენდებისგან და მუსიკოსებისგან,  ჯგუფის სოლისტი ლევან ლაუდაძე ასახელებს იმ ენერგიას, რომელიც მათი სიმღერებიდან მოდის. მისი თქმით, მსმენელს სწორედ ეს ენერგია მუხტავს.

 „დღეს ვინმესგან გამოირჩეოდე და ხმამაღლა თქვა, რომ მე მაქვს ის, შენ რაც არ გაქვს, ცოტა რთულია. თავიდან გამოგვარჩევდა კლავიშებზე ორიენტირებული სიმღერები. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს არის ენერგია, რასაც ძალიან კარგად იღებს მსმენელი და იგივე ბრუნდება მისგან. ეს არის მთავარი, რატომაც მოსწონს ჩვენს მსმენელს ჩვენი მუსიკა.”

სიმღერის ტექსტსა და მუსიკას ჯგუფის ვოკალისტი ლევან ლაუდაძე ქმნის. სინგლებს საბოლოო სახე კი, მაინც სარეპეტიციო დარბაზში ეძლევა. ლევანი მიიჩნევს, რომ ინსპირაცია ნებისმიერი რამიდან შეიძლება მოვიდეს, მაგალითად ერთი დღის ემოციიდანაც კი.

გიორგი ტეცოშვილი (ტეცო): „შეიძლება აეროპორტში 6-საათიანი ლოდინი გახდეს ინსპირაციის მიზეზი (იცინიან). მაგალითად, ეს ლოდინი სიმღერის „რომ არ დაშავდე“ ინსპირაცია გახდა.

ლევანი: „ეს არის ჩვენი პირველი ქართულენოვანი ტრეკი, სტამბოლის აეროპორტში 6-საათიანი ლოდინის შემდეგ დაიწერა. იდეა, რომელიც მე მქონდა ტექსტის სახით, საბოლოოდ ტეცოს დახმარებით, მუსიკით შეესხა ხორცი.“

10 წლის განმავლობაში ჯგუფს სულ ორი ქართული სიმღერა აქვს: „რომ არ დაშავდე“  და „შენ“.

„არ არის მარტივი დაჯდე და საკუთარ თავს შეუკვეთო სიმღერის დაწერა ქართულად თუ ინგლისურად. ეს არის ზუსტად ჩვენი მუსიკის ხიბლი, იწერება ის, რაც ბუნებრივად მოდის. ვერ ვიტყვი, რომ მსმენელი მხოლოდ ინგლისურს უსმენს, საკმაოდ ბევრი ჯგუფია, რომელიც ქართულად მღერის და ბევრი მსმენელი ყავს.  ვიტყვი, რომ ქართველმა მსმენელმა გაიაზრა ის, რომ ქართულენოვანი ტექსტი არ არის „სიგოიმე“ და შეიძლება მოისმინო. ამაში დიდი წვლილი ირაკლი ჩარკვიანმა შეიტანა“, – ამბობს ლევანი.

Laudspeakers-ის სოლისტმა ჯგუფის კრეატიულ პროცესსა და ამჟამინდელ გეგმებზეც ისაუბრა.

„ტეცო 2017 წლიდან შემოგვიერთდა და ახალი სუნთქვა შემოიტანა ჯგუფში, ლევანი თავისი სტაბილური ბას-პარტიებით ამდიდრებს სიმღერებს, სანდრო კი ცდილობს შეინარჩუნოს ძველი, Laudspeakers-ის ენერგია, რაც არის ცოცხალი კლავიშები, ასევე შესძინოს თანამედროვე ხმებიც. ასე რომ, ვფიქრობ, „არა გვიშავს“ (იცინიან).

ჯგუფის წევრებმა „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ უკვე ერთი თვეა „leno records”-ში მუშაობენ. მათ დიდი ხნის სურვილი აუსრულდათ და ამჯერად მუსიკოს გიორგი გვარჯალაძესთან თანამშრომლობენ.

„საბოლოოდ დადგა ის მომენტი, რომ ჩვენ და გვაჯი გავერთიანდით არა მარტო მეგობრული, არამედ მუსიკალური კუთხით. გვაჯი არის ის ადამიანი, რომელთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გვინდა. ის არის ძალიან გამოცდილი მუსიკოსი, რომელმაც საკუთარი ხელწერა შემოიტანა ჩვენს სიმღერებში“.

ბიჭებს სურთ, რომ სიმღერებს საბოლოოდ ჩანაწერის სახე მისცენ. მათ ისიც დაანონსეს, რომ შემოდგომით სოლოკონცერტის ჩატარებას აპირებენ და ახლა სწორედ ამ საკითხზე მუშაობენ.

ლევანი: „ამჟამად რა სიმღერაზეც ვმუშაობთ და რომელი სიმღერის გასტუდიურებაც გვინდა, ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულია – we are one ქვია სიმღერას. იმედია, რომ ამ ზაფხულს იხილავს დღის სინათლეს.“

„ამ ეტაპზე ჩვენი გეგმაა ახალი სიმღერების გასტუდიურება. იმდენი დაგვიგროვდა, საბოლოოდ ჩანაწერის სახე რომ არ მივცეთ, შემდეგ უკვე დაგვიძველდება და ძალიან დაგვწყდება გული. გვინდა მოვაგროვოთ ეს სიმღერები და მასშტაბური კონცერტი შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს. ვფიქრობთ და სურვილი გვაქვს ახლო მომავალში გადავიღოთ კლიპი. შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძველი ჰიტი, რომელსაც მეორე სუნთქვა შევძინოთ.“

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ  მათი მუსიკა საქართველოში დაფასებულია. „იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე ვიფიქრებდით ან ვიოცნებებდით, იმაზე მეტი მსმენელი გვყავს, ვიდრე შეიძლებოდა გვყოლოდა და ა.შ . პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვთ, შემდეგ უკვე შეიძლება ვიფიქროთ, რომ რას გავცემთ და რას ვიღებთ.“

თუმცა ფიქრობენ, რომ ისევე როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ბიზნეს სექტორი საქართველოშიც უნდა იყოს ჩართული ხელოვნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ინტერვიუს მიწურულს ლევან ლაუდაძემ ფანებსაც მიმართა: სტაბილურობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს, სტაბილურობას პირად საქმეებში და სტაბილურობას და ერთგულებას ჩვენს მსმენელში.“

 

ავტორი: სოფიო ნამორაძე