ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება წარედგინება. პროკურატურის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით დღეს, უწყებაშია დაბარებული.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 6 სექტემბერს ახალი ბრალი წარუდგინა.  როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს.

 

 

მსგავსი თემები