“გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკას” რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველოც მიიღებს.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდ დირექტორმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის თქმით, არის დიდი მოლოდინი, რომ ვაქცინების იმ 20 %-დან, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს, პირველ 3 %-ს ქვეყანა პირველ კვარტალში მიიღებს და ამასთან დაკავშირებით, კოვაქსპლატფორმასთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია:
“კოვაქთან მიმდინარეობს ყოველდღიური კომუნიკაცია. გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში “ასტრაზენეკას” რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველოც მიიღებს. პირველლ სამ პროცენტს, იმ საერთო რაოდენობიდან, რომელიც უნდა მივიღოთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ პირვლე კვარტალში მივიღებთ.” – ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, აღიარების რეჟიმშია რამდენიმე ვაქცინა, რომელიც განთავსდება კოვაქსპლატფორმაზე. კოვაქსს კი უკვე ნაყიდი აქვს ვაქცინის 2 მილიარდი დოზა და კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება 1 მილიარდ ვაქცინაზე, რომლითაც კოვაქსი ემსახურება საშუალო და დაბალგანვითარებულ ქვეყნებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ “ფაიზერის” ვაქცინის დახლოებით მილიონამდე დოზა განთავსებულია კოვაქსპლატფორმაზე, რომელიც უნდა მიეწოდოს და განაწილდეს 51 დაბალგანვითარებულ და საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებზე:
“ამ დღეებში გვეცოდინება, რომელ ქვეყნებს შეარჩევენ ამ 51 ქვეყნიდან. საქართველო 12 ევროპულ ქვეყანაში შედის, რომელიც აკმაყოფილებს ყველა პირობას, “ფაიზერის” გარკვეული, ლიმიტირებული დოზების მიღების შესახებ.” – თქვა გამყრელიძემ.
მან ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასების დროს აღნიშნა, რომ შემთხვევების კლების დინამიკა გრძელდება, ბოლო სამი თვის განმავლობაში კი დღეს დაფიქსირდა ყველაზე ნაკლები – 3.5 % დადებითობის მაჩვენებელი.
