“მოქალაქეების” ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.
„გუშინ ვთქვით, რომ გვაქვს მზაობა, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“, გუშინვე დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე და მითხრა, რომ სურვილის შემთხვევაში მე და ლევან იოსელიანი დღეს მოვსულიყავით, – ამბობს პარლამენტში მისული ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ის და ლევან იოსელიანი სავარაუდოდ არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.
„დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ გვაქვს მზაობა, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, მათაც დაადასტურეს გუშინ ეს მზაობა. მას შემდეგ, საღამოს დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. მითხრა, რომ სურვილის შემთხვევაში, დღეს 11:00 საათზე მოვსულიყავით მე და ლევან იოსელიანი. სურვილი ისევ დავადასტურეთ, მოვედით. რამდენადაც ვიცი, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან გვექნება მე და ლევან იოსელიანს შეხვედრა“, – აცხადებს ელისაშვილი.
ამასთან, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, აინტერესებს, რამდენად აქვს სერიოზული მზაობა „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ ?! - ვინ თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს
"თუ შესვლა უნდა შევიდეს და დანარჩენ ოპოზიციას თავი დაანებოს"
კითხვაზე, დანარჩენ ოპოზიციასთან როგორ გაგრძელდება მისი ურთიერთობა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მათთან ურთიერთობის გაგრძელებას.
„არ ვაპირებთ დანარჩენ ოპოზიციასთან ურთიერთობის გაგრძელებას, კინკლაობას. ვინმეს თუ ექნება სურვილი, იციან ჩვენი ოფისი და მოვიდნენ“,- ამბობს ელისაშვილი.
ლევან იოსელიანმა კი განაცხადა, რომ პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი.
„დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ, რომ გამოვალთ გეტყვით, იყო თუ არა შეხვედრა შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები არის გაჭედილი, ვხედავთ, რომ პროცესი არ მიდის წინ. ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება. ჩვენი გზები გაიყო და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით.
პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ“, – აცხადებს იოსელიანი.
„გირჩისა“ და „მოქალაქეების” გზა გაიყო: პოლიტიკურ კონსულტაციებს ელისაშვილის გარეშე გავმართავთ
მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი კვლავ რჩება პრიორიტეტად და ამ საკითხის გარეშე სხვა საკითხების განხილვას არ აპირებენ.
„ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი და ამ საკითხის გარეშე არ ვაპირებთ სხვა საკითხების განხილვას.
ოპოზიციურ ერთობას რომ გამოვეთიშეთ, მგონი, ეს თავად ნახეთ. მოაწყეს რაღაც კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელეა, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, განმუხტვას, ისინი კი სხვანაირად უყურებენ. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, „მოქალაქეებმა“ უკვე ბევრჯერ განაცხადე, რომ მზად არიან პარლამენტში შევიდნენ და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააკეთონ.
პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციურმა ძალებმა ღალატად შეაფასეს.