LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი პირველად გაეშვა

112
29464-1

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი პირველად გაეშვა. ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით, ორ ეტაპად ხორციელდება.

პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ხეობების, ასევე ბარისახოს და ე.წ. გორშეღმის ხეობების (გუდანისა და როშკის მიმართულებების გარდა) ქსელის აგება და აბონენტების ჩართვა. მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში ჩართულია 120 აბონენტი. ასევე ინტერნეტში ეტაპობრივად ჩასართავად მზადაა გუდამაყრის ხეობის სოფლების უმეტესობა.

ინტერნეტიზაციის პროექტის საშუალებით 2017 წლიდან ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში.

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, ამ მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროექტს შორისაა ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები