LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპი და ვაქცინაციაზე უარის თქმა გლობალური საშიშროების სიაშია – who-ს ანგარიში

A doctor is injecting a vaccine to a baby boy indoor

მსოფლიოს მოსახლეობა ჯანმრთელობის უამრავი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას. დაავადებები მრავალფეროვანია და შედგება, როგორც ვაქცინით მართვადი, ასევე ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული პათოგენებით, ზოგიერთ მათგანს ფიზიკური აქტიურობის შემცირებია და სიმსუქნე იწვევს, ზოგს კი კლიმატის ცვლილებები და ჰუმანიტარული კრიზისი.

ამ და სხვა საფრთხეების მოგვარების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება დაიწყო. გეგმაში ყურადღება გამახვილებულია სამ მილიარდ “სამიზნეზე” და მან უნდა უზრუნველყოს მილიარდზე მეტი ადამიანისთვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გამარტივება, 1 მილიარდი ადამიანის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვა, ასევე კიდევ ერთი მილიარდის უკეთესი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ამ მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია სხვადასხვა რისკების კვლევებს აკეთებს.

ამჯერად, WHO-მ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 10 გლობალური საშიშროებაა ჩამოთვლილი, რომელიც კაცობრიობის ჯანმრთელობას ემუქრება და რომლის მოგვარებასაც ორგანიზაცია და პარტნიორები 2019 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ.

 

გარემოს დაბინძურება და კლიმატური ცვლილებები

10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს ყოველდღიურად სუნთქავს. სწორედ 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვან რისკად ჰაერის დაბინძურებაა მიჩნეული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰაერის დაბინძურებაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ადამიანებს სასიკვდილო დაავადებასთან უწევთ ბრძოლა. ამ მიზეზით გამოწვეული დაავადებებით, ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება – შემთხვევების 90% კი, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ფიქსირდება.

გარემოს დაბინძურება იწვევს ასევე კლიმატურ ცვლილებებს, რომელიც თავის მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე მოქმედებს (უძილობა, მალარია, დეარია, სითბოს სტრესი) 2030 – 2050 წლებში ამ მიზეზით, სავარაუდოდ სიკვდილიანობა 250 000-ით გაიზრდება (წელიწადში).

რთულად მართვადი დაავადებები

სიმსივნე, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები – სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული მსოფლიოში გარდაცვალების შემთხვევების 70%-ზე მეტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემით 41 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება, მათ შორის 15 მილიონი ნაადრევად.

ამ დაავადებების ზრდა ხუთი ძირითადი რისკ-ფაქტორით ხდება. ესენია: თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური უმოქმედოობა, ალკოჰოლის გამოყენება, არაჯანსაღი კვება და ჰაერის დაბინძურება.

სხვა პრობლემებთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იმუშავებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, იმისთვის რომ 2030 წლამდე ფიზიკური უმოქმედობა მსოფლიოში 15%-ით შემცირდეს.

გრიპის ეპიდემია

ყველაზე რთული ისაა, რომ არავინ იცის, როდის დაიწყება და რამდენად მწვავე იქნება ეპიდემია. ამის გამო, მზადყოფნა და დროულად რეაგირება, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად აკონტროლებს გრიპის ვირუსის გავრცელებას, პოტენციური შტამების შემუშავებისთვის.

ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი შტამი უნდა შედიოდეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში, სეზონური ვირუსისგან დაცვის მიზნით.

 

საბაზისო პრობლემები

1.6 მილიარდი ადამიანი (გლობალური მოსახლეობის 22%) ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც გაჭიანურებული კრიზისია (გვალვა, შიმშილობა, კონფლიქტი და მოსახლეობის გადაადგილება) ეს ადამიანები საბაზისო პრობლემების მოგვარების გარეშე რჩებიან. ასეთი სიტუაცია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას ამ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით, რათა ეპიდემიის გამოვლენა და მასზე რეაგირება დროულად მოხდეს.

 

ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული ბაქტერიები

ანტიბიოტიკების და ანტივირუსების განვითარება თანამედროვე მედიცინის უდიდეს წარმატებას წარმოადგენს. თუმცა, შემუშავებული წამლების მოქმედების დრო, მალე იწურება. მათი უნარი, რომ განვითარებად მიკრობებს ებრძოლონ, მალე სუსტდება, მიკრობები კი, ძლიერდებიან.

WHO მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა ცნობიერების გაზრდით, ინფექციების შემცირებით და ანტიმიკრობული საშუალებების გონივრული გამოყენებით მოგვარდება, რაზეც მიმდინარე წელს კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს.

 

ვაქცინაციაზე უარი

სიაში პირველად მოხვდა ტრენდი, რომელიც მსოფლიოში არსებობს – ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ვაქცინაციაზე გააზრებული უარის თქმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინაცია ნაადრევი სიკვდილისგან საშუალოდ 2-3 მილიონ ადამიანს შველის. ყოველწლიურად კიდევ 1.5 მილიონი ადამიანის გარდაცვალების თავიდან აცილებაა შესაძლებელი, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციაზე გლობალურად უარს არ იტყვიან.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უარის თქმის ტრენდის წახალისება ეპიდემიებთან ბრძოლის მრავალწლიან წარმატებას წყალში ჩაყრის. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წითელას დაავადების მომატება, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ვაქცინაციაზე უარის თქმას. ქვეყნებში კი, რომლებშიც ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა, სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება შეინიშნება.

მიზეზი, რის გამოც, ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, ძირითადად უნდობლობაა, ამიტომ WHO მოუწოდებს ყველას, ამ თემაზე სანდო და სწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ.

დენგეს ცხელება

დენგეს ინფექცია გლობალურად მნიშვნელოვანი არბოვირუსული ინფექციაა, რომელიც გადაეცემა კოღოს მეშვეობით. მწერი გავრცელებულია მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში.

ამ დაავადების ოჯახში შედის ყვითელი ცხელების, დასავლეთ ნილოსის, იაპონური ენცეფალიტის, ზიკას და სეინტ ლუისის ენცეფალიტის ვირუსები. დენგეს ვირუსული ინფექცია კლინიკურად იწვევს მრავალფეროვან მძიმე და არამძიმე გამოვლინებებს, ძირითადად სიმპტომები გაციებას ჰგავს, თუმცა, შემთხვევათა 20% ფატალურად, სიკვდილით მთავრდება.

მსოფლიოში ადამიანების დაახლოებით 40%-ია ამ ცხელების რისკის ქვეშ, ყოველწლიურად კი 390 მილიონი ინფექცია ვრცელდება. WHO-ს დაავადებათა კონტროლის სტრატეგია მიზნად ისახავს, 2020 წლისთვის 50%-ით შემცირდეს ამ ცხელებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ სიაში ბოლო ადგილი უკავია ებოლას, აივ ინფექციებს და განუვითარებელ პირველად სამედიცინო დახმარებას. მათ შორის, შიდსთან ბრძოლა შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ამ მიზეზით, ყოველწლიურად 1 მილიონ ადამიანამდე მაინც იღუპება. ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ქვეყნებს მოუწოდებს, რომ აივ ინფექციების გამოკვლევა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები