LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: საზღვარი 100%-ით დაცული არც ერთ ქვეყანას აქვს, მაგრამ ვახორციელებთ ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას

112
Untitled design (3)

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება. ვახორციელებთ ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო საზღვარი 100%-ით დაცული არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე.

მოგეხსენებათ, სახელმწიფო საზღვარი არც ერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული, მათ შორის არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც და ამ მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.

ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზეც და განაცხადა, რომ ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა სათანადოდ უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობებს საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე“.

„2021 წელს სამინისტროში შემუშავდა საზღვრის ეფექტიანი მართვისა და შიდაუწყებრივი კოორდინაციის პროექტი, რომლის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვრის ინტეგრირებული მართვის და სრულყოფილი სისტემის დანერგვა, აგრეთვე საზღვართან დაკავშირებული დანაშაულის შემცირება და პრევენციის მექანიზმის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში, წელს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინაციის დანაყოფი.

აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა საზღვრის მართვის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, სასაზღვრო მონიტორინგი, რისკების შეფასება/ანალიზი, აგრეთვე მგზავრთა მონაცემების დამუშავებისა და ოპერატიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს საზღვრის დაცვის მიმართულებით აღნიშნულია, რომ კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა სათანადოდ უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობებს საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე.

მსგავს ანგარიშებში საქართველოს პოზიტიურ ჭრილში მოხსენიება, ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესი მოტივაციაა ჩვენი თანამშრომლებისთვის, მეორე მხრივ – ზრდის საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები