LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე ლექსზე, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო: „გალაკტიონი ამის გამო საფლავში არ ბრუნავს…“

154

მწერალი გიორგი კეკელიძე წერს იმ ლექსის შესახებ, რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საუბარია გიორგი ტიგინაშვილის ნამუშევარზე, რომელიც მან გია ჯაჯანიძის შოუში წაიკითხა. ამ ამონარიდს ტელეგადაცემიდან ინტერნეტმომხმარებლები სიამოვნებით აზიარებენ და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ, თუმცა გიორგი კეკელიძეს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„ჟურნალისტები მწერენ, კომენტარი გააკეთეთ გიორგი ტიგინაშვილის ლექსზე, რომელმაც ინტერნეტი დაიპყროო. თავიდან ცოტა დავიბენი, სამწუხაროდ არ ვიცოდი ვინ იყო ბატონი ტიგინაშვილი, მერე ჩავძახე google-ს და ამომძახა ჯაჯანიძის შოუ და რაღაც დაძაბული ლაპარაკი სიყვარულზე თუ ქალზე, ლექსივით. ცხადია, ამ საკითხზე ინტერვიუს ვერ მივცემ, მეტად მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ: არაფერი ტრაგიკული, მით უფრო საოცარი არ არის, თუ ასეთი ,,ლიტერატურა” ბევრ ხალხს მოსწონს. ყველა დროში ამგვარად იქნებოდა, უბრალოდ, სოციალურმა ქსელმა უფრო აშკარა გახადა – ყოველთვის იარსებებს უამრავი ადამიანი, ვისაც თქვენთვის მდარე ლექსები მოეწონება და ის, რაც თქვენ მოგწონთ, მათთვის იქნება მდარე (სულ მცირე, გაუგებარი). ამას ვერც განათლებით ვუშველით (თუმცა გვაკლია და ძალიანაც) და ვერც დაძალებით. იყოს ის ხალხი, იკითხოს, მოეწონოს და აზიაროს.

p.s. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრით, ქილიკის უფლება არ გაქვთ – პირიქით. უბრალოდ, კითხვები დამისვეს ასე: ,,შეიძლება თუ არა, პოეტების ქვეყანაში ახალგაზრდებს ასეთი უნიჭობა მოსწონდეთ“. რა თქმა უნდა, შეიძლება. მომწონს თუ არა მე? რა თქმა უნდა არ მომწონს. მაგრამ ვითავისებ და ვიცი, რომ ყოველთვის იყო, არის და იქნება. ასე რომ მეტი სიმშვიდე. დამერწმუნეთ, გალაკტიონი ამის გამო საფლავში არ ბრუნავს. არც გაუგია:)“ – აღნიშნავს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები