LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე 16 იანვრის ტრაგედიაზე: „გულგრილობით წაყრუება და უცოდინრობით წაყრუება – მსგავს შედეგს გვთავაზობს…“

giorgi-kekelidze

მწერალი გიორგი კეკელიძე ავრცელებს განცხადებას 16 იანვრის აფეტქებასთან დაკავშირებით. ის აღნიშნავს, რომ ამ ტრაგედიას ძალიან ზუსტად შეესაბამება სიტყვა, რომელიც ძალიან ჩვენებურია – წაყრუება.

გთავაზობთ მწერლის პოსტს:

„16 იანვრის ტრაგედიის გამო და არამარტო…

არის ასეთი ქართული სიტყვა – წაყრუება. ყველას გახსოვთ და ყველას წაგვიყრუებია. ძალიან ზუსტი და ჩვენებურია ეს სიტყვა.

ადამიანი კი ამგვარადაა მოწყობილი – რაც პირადად გადახდება, უფრო ცხადად და იოლად აღიქვამს. მეც არაერთხელ წამიყრუებია. ზოგჯერ ისე, რომ დღემდე მტანჯავს და სამუდამოდ გამყვება. როცა დედაჩემმა მითხრა, რომ მამა ძალიან შეუძლოდ დაბრუნდა სოფლიდან, ვიფიქრე, რომ ჩვეულებრივ, აჭარბებდა და იმ დღეს წავუყრუე. შეიძლება საკუთარ თავს ვატყუებდი და ვიმშვიდდები. არ ვიცი. სულ მგონია, რომ იმ ერთი დღის არგამოტოვებას შეეძლო გადარჩენა ან მერე რაღაცის სხვანაირად წარმართვას. რაც უნდა საწინააღმდეგო მიმტკიცოს მედიცინამ და გამოცდილებამ, რაც უნდა არგუმენტები მომაშვლოს გონებამ – ასე მგონია. ამ წაყრუებამ ძალიან შემცვალა და გადამწყო – ბევრი ვინმეს და რამის მიმართ.

ცხადია, არც კონკრეტული ადამიანების განსჯას ვაპირებ (დეტალები, როგორც ვიცი, ჯერაც ირკვევა) და არც უკვე ისედაც სავარაუდოდ შემცდარ ხალხზე კოლექტიური ლაფის სროლის მოყვარული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი საშინელი ამბები, რაც სწორედ გუშინდელი, გუშინწინდელი და ან იმისწინდელი წაყრუების შედეგად მოდის, აწი მაინც უნდა გავითვალისწინოთ. სიკვდილს ვერავინ უშველის, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ეს დიდი და გაუგებრად საშინელი ფარდა, სიცოცხლესა და მიღმიერებას შორის, ცოტა ხანი არ ჩამოვწიოთ და გადავავადოთ – მეტი დაკვირვებით, მეტი პასუხისმგებლობით და ნაკლები წაყრუებით. ერთმანეთის გათვალისწინებით და საქმის ცოდნით – გულგრილობით წაყრუება და უცოდინრობით წაყრუება – მსგავს შედეგს გვთავაზობს.

ჩემი დიდი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები