LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გინახავთ თუ არა ჟირაფი თბილისის ზოოპარკში? (ვიდეო)

13633
801257

ცოტა ხნის წინ, “ფეისბუქზე” ბევრი იხსენებდა, რომ ბავშვობაში თბილისის ზოოპარკში ჟირაფი ჰყავდა ნანახი. ამის შესახებ უამრავი პოსტი და კომენტარი დაიწერა.

“შეიძლება დღეს გავგიჟდე, ისიც კი მახსოვს როგორ შეაფურთხა ვიღაც კაცს ბავშვობაში… არა მგონია, ბაბუაჩემს თავისი მაღალი ძმაკაცი ენახებინა ჟირაფის მაგივრად. უეჭველი მახსოვს” – წერდნენ სოციალურ ქსელში.

სინამდვილეში კი ჩვენს ზოოპარკში ჟირაფი ბოლოს გასული საუკუნის 60-იან წლებში იყო, ისიც სულ რამდენიმე კვირით. იმის მიზეზი, თუ რატომ ამტკიცებენ ადამიანები, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფი საკუთარი თვალით ნახეს, მარტივია. ამერიკელი ნევროლოგი ოლივერ საქსი მიიჩნევს, რომ ადამიანის მეხსიერება ცდომილებებით და არარსებული ფაქტების მოგონებებად არის სავსე.

გიგი თევზაძე “უცნობ წიგნებში” წერს, რომ ჟირაფს ადამიანზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია: ​”ჟირაფი იმდენად საოცარი, არამიწიერი ცხოველია, რომ თუნდაც მისი სურათის ან ფოტოს ნახვის შემდეგ უკვე გვესიზმრება, როგორ მოხვდი მის ახლომახლო და როგორ უყურებ აღფრთოვანებით და გაოცებით. ჟირაფი მნახველზე განსაკუთრებულ, უნიკალურ შთაბეჭდილებას ახდენს: სადაც უნდა ნახოთ ჟირაფი, – სურათზე, ტელევიზორის თუ კინოს ეკრანზე, ანდა ზოოპარკში, – ის უკვე თქვენი წარმოსახვის განუყოფელი ნაწილი ხდება”

 

საქსმა მსგავსი შემთხვევა თავის სხვა, ადრე გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში აღმოაჩინა, რომელშიც იგი 1941 წელს ლონდონის დაბომბვის შემთხვევას იხსენებს: “ნაღმი ჩვენს ეზოში, სახლის წინ დაეცა და ხანძარი გაჩნდა. მამაჩემი და ძმები გარეთ გაცვივდნენ და წყლის ჭავლით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ცეცხლი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და ცხელი ლითონის ნაწილები გარშემო ცვიოდა” – აღწერს ის წიგნში თავის მოგონებას. წიგნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ოლივერი თავის ძმას, მაიკლს მოუყვა ამ მოგონებების შესახებ. მაიკლი ოლივერზე ხუთი წლით უფროსი იყო.

ოლივერი გაოცდა, როდესაც მაიკლმა უთხრა, “შენ ეს დაბომბვა არასდროს გინახავს, რადგან იქ არ იყავიო”.

– რას გულისხმობ? როგორ არ მინახავს? ცხადად მახსოვს მამა თავისი ტუმბოთი, მარკუსი და დავიდი წყლის სათლებით. ახლაც თვალწინ მიდგას! რანაირად, თუკი იქ არ ვიყავი? – აღშფოთდა ოლივერი.

– შენ ეს არასდროს გინახავს, რადგან მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მშობლებმა მე და შენ სასწავლო პანსიონში გადაგვიყვანეს. ორივე ბრიფილდში ვიყავით. დევიდმა მოგვწერა წერილი, რომელშიც დაწვრილებით გვიყვებოდა ამ ამბებზე.

ოლივერი მიხვდა, რომ გონებაში ხანძრის კონსტრუირება უფროსი ძმის წერილის წაკითხვის შემდეგ მოახდინა და მერე ეს მოგონება უნებურად “მიითვისა”.

ჩვენი მეხსიერება ცდომილებებით არის სავსე. არარსებული ფაქტების მოგონებებად წარმოსახვა გავრცელებული შემთხვევაა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სხვისი მოგონებები, ნათქვამი და შემოქმედებაც კი საკუთარ გამოცდილებად ან ნააზრევად გვეჩვენება.

უნებლიე პლაგიატის შესახებ მარკ ტვენიც ჰყვება ერთ-ერთ მოგონებაში. “ჩემი წიგნი ახალი გამოსული იყო, როდესაც მეგობარმა მითხრა: ძალიან კარგი მიძღვნაა, სულ მომწონდა, მანამდეც, სანამ შენს წიგნში “მიამიტები საზღვარგარეთ” ვნახავდი.” მარკ ტვენი მეგობრის კომენტარმა გააოცა.

– კი მაგრამ, მანამდე სად ნახე? – ჰკითხა მან მეგობარს.

– პირველად ზუსტად იგივე მიძღვნა ოლივერ ვენდელ ჰოლმსის ლექსების კრებულში Songs in Many Keys წავიკითხე – მიიღო პასუხი.

მარკ ტვენი თავიდან გაბრაზდა და მეგობარს სთხოვა უახლოეს წიგნის მაღაზიაში შესულიყვნენ, რომ მისი ბრალდების აბსურდულობაში დარწმუნებულიყო.

“გადავშალე წიგნი და რას ვხედავ! სიტყვა-სიტყვით მოპარული მაქვს მთელი ტექსტი” – იხსენებს მწერალი.

ამ ინციდენტის შემდეგ მარკ ტვენმა ჰოლმსს ვრცელი წერილი მისწერა, მოუბოდიშა და აუხსნა, რომ პლაგიატზე არც უფიქრია. ჰოლმსის აზრით, მწერლები იდეებს აგროვებდნენ კითხვის, სმენისა და წარმოსახვისას, ამუშავებდნენ გონებაში და ზოგჯერ ორიგინალურადაც მიიჩნევდნენ.

ამერიკელი ნეირომეცნიერი დევიდ იგლმანი ამბობს, რომ ჩვენი წარსული არა ფაქტების ზუსტი ჩანაწერი, არამედ მითოლოგიზებული რეკონსტრუქციაა. მოგონებები ამბებისგან შედგება, რომლებსაც სხვები მოგვიყვნენ ჩვენზე, ზოგი ამბავი ვარაუდია იმის შესახებ, თუ რა უნდა მომხდარიყო, ზოგი ლიტერატურის, კინოს და წარმოსახვის ნაზავია.

მეხსიერება და ტვინის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – ჰიპოკამპუსი იდენტობას ქმნის, რომელიც მუდმივად განახლებადი და დაუსრულებელი ნარატივია ჩვენ შესახებ.

რაც შეეხება ჟირაფის ამბავს, ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში კოპლებიანი გრძელკისერა გოლიათები დასეირნობენ. ისინი თბილისის ზოოპარკში ცხოვრობდნენ. რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის ამის შესახებ მით მეტი დარწმუნდება საკუთარი მოგონების სისწორეში.

 

ახლა კი წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს  ჟირაფის შესახებ:

  • ჟირაფს თავის შემობრუნება 360 გრადუსით შეუძლია.

  • მას მსოფლიოში ყველაზე გრძელი კისერი აქვს.

  • ხალხისგან განსხვავებით, ჟირაფებს მდგომარე პოზიციაშიც შეუძლიათ დაისვენონ.

  • ჟირაფები დღეში 18-20 საათის განმავლობაში იკვებებიან, თუმცა, მთლიანობაში მიღებული საკვების რაოდენობა 5-6 კილოგრამია. ანუ, ისინი ხშირად და ცოტას ჭამენ.

  • ქალი ჟირაფი მდგომარე პოზიციაში მშობიარობს.

  • უცნაურია, მაგრამ ჟირაფებს საკუთარი “საბავშვო ბაღი” აქვთ. ანუ, ერთი ჟირაფი დედა ახალდაბადებულ ჟირაფებთან რჩება, დანარჩენი კი საჭმლის მისაღებად მიდიან.

  • ჟირაფის გული 10 კილოგრამს იწონის.