23 ნოემბერს, 8 და 10-საათიან სეანსებზე, კინოთეატრი „ამირანი“ ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის„ სევდის ანგელოზები“ ჩვენებას გამართავს. ფილმი რამდენიმე წლის წინ თეონა ჯორბენაძემ გადაიღო, მას ეკუთვნის როგორც სცენარი, ასევე რეჟისურაც. ცნობილი პროდიუსერი წლების განმავლობაში იცნობდა გია ყანჩელს და მასთან მუშაობის ბედნიერებაც არაერთხელ ხვდა წილად. ფილმი, რომელიც გია ყანჩელის განვლილ გზას ასახავს, მაყურებლისთვის იმდენად საინტერესოა, რომ რვასაათიანი სეანსის ბილეთები სრულად არის გაყიდული, სწორედ ამ მიზეზით დაემატა 10-საათიანი სეანსი, რომელზეც ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.

23 ნოემბერს კინოსეანსი გამორჩეულად მუსიკალურად ჩაივლის. კინოდარბაზში ფილმის საჯარო პრემიერამდე შედგება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და კლასიკური მუსიკის ახალი თაობის ვარსკვლავები. რასაკვირველია, შესრულდება გია ყანჩელის ნაწარმოებები.

დღეს, 21 ნოემბერს, კინო „ამირანში“, ზემოხსენებული ღონისძიების რეპეტიცია გაიმართა.

თეონა ჯორბენაძე, ფილმის ავტორი:

ამ ფილმის ერთი დახურული ჩვენება გაიმართა ბატონი გიას სიცოცხლეში, ზუსტად სამი წლის წინ, 23 ნოემბერს.„სევდის ანგელოზები“ რამდენიმე ფესტივალზე იყო ნაჩვენები. ახლა კი იმართება მისი საჯარო პრემიერა, რომელსაც ჩვენ წინ წავუმძღვარეთ კონცერტი, რადგან გვინდოდა, პასუხი გაგვეცა გია ყანჩელის კითხვაზე, დაუკრავენ თუ არა ყანჩელის მუსიკას 50 წლის შემდეგ. 23 ნოემბერს ნიკოლოზ რაჭველთან, გორგი ცაგარელსა და ეროვნული სიმფონური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, სცენაზე იდგებიან ახალი თაობის მუსიკოსები, რომლებიც გია ყანჩელის მუსიკას შეასრულებენ.

კინო „ამირანის“ სივრცე ისტორიულად საკონცერტო სივრცე გახლდათ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ აქ კონცერტი გაიმართოს. ახალი თაობის მუსიკოსები, დარწმუნებული ვარ, მრავალი ქვეყნის საკონცერტო დარბაზებში გამოვლენ თავიანთი კარიერის განმავლობაში და მათ რეპერტუარში აუცილებლად იქნება გია ყანჩელის მუსიკა, 50 წლის შემდეგაც.

ჩემთვის ამაღელვებელია, რომ კონცერტს გახსნის 10 წლის პიანისტი, ცოტნე ზედგინიძე, რომელმაც გია ყანჩელის ხსოვნას ნაწარმოები მიუძღვნა და მისი პრემიერა 23 ნოემბერს შედგება.

ფილმზე მინდა გკითხო… ყველაზე მეტად რისი ჩვენება გინდოდა გია ყანჩელის შესახებ „სევდის ანგელოზებით“?

გია ყანჩელის ისტორიაში ყველაზე მთავარი გახლდათ ის, რომ მის გარშემო გარემო ხშირად იცვლებოდა. საბჭოთა ცენზურიდან დაწყებული, როცა მას აბრალებდნენ, რომ თავისი მუსიკით კაპიტალისტურ ქვეყნებს ახარებდა, მან კი თავისუფლების დიდი სიყვარულით გაუძლო ყველა განსაცდელს. ყოველთვის ინარჩუნებდა სიმტკიცესა და ღირებულებათა სისტემას.

შენი აზრით, მისი პიროვნული თვისებებიდან რომელია ყველაზე ძვირფასი?

მადლიერების განუზომელი შეგრძნება. განსაკუთრებით ბოლო წლებში ის ამას გამორჩეულად გამოხატავდა და ნაწარმოებებს თავის მეგობრებს უძღვნიდა. ის ასევე მადლიერი იყო თითოეული მუსიკოსის და მიუხედავად იმისა, რომ  დიდ დროს ბელგიაში ატარებდა, არავინ რჩებოდა უყურადღებოდ და მათ მადლობის სათქმელად და შესაქებად ურეკავდა. მისგან ყველას რაღაც აქვს სახსოვარი. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ როცა ნუცა თოფურიამ მისი „ყვითელი ფოთლები“ შეასრულა, გია ყანჩელი მას დაუკავშირდა, ესეც კი არ გამორჩა… ნუცამ თქვა, რომ ამ დღემ მისი ცხოვრება შეცვალა… დიდ მოტივაციას აძლევდა ახალგაზრდა მუსიკოსებს.

გია ყანჩელს საინტერესო დამოკიდებულება ჰქონდა კრიტიკის მიმართ, ამას მსუბუქად და იუმორით უყურებდა და კრიტიკულ შეფასებებს აგროვებდა. მახსოვს, ერთ-ერთ კრიტიკულ წერილში ეწერა, მისი მუსიკა იწყება, ვითარდება და შემდეგ უცებ წყდება, როგორც შამპუნის რეკლამაო (იღიმის). ეს წერილიც შენახული ჰქონდა.

მუსიკაში მას ჰქონდა თავისი თეატრი და დიდი დრამატურგია. ის თხრობის ოსტატი გახლდათ. ნაწარმოები „სევდის ანგელოზები“ ჩემთვის ფილმის ინსპირაცია გახდა. ის ანტიპუტინისტური აქციისთვის შექმნა, რომელიც ბერლინში გაიმართა, თუკი სახელწოდებას ჩავუფიქრდებით, ალბათ, სევდა იმის გამო, რომ გარშემო უსამართლობა სულ არის და ანგელოზებიც შეიძლება იყვნენ სევდიანები, მაგრამ ისინი ყოველთვის იმარჯვებენ. მის მუსიკაში სევდა ანგელოზებთან ერთად არის, ანუ ამ სევდიან მუსიკაშიც არის იმედი…

მსგავსი თემები