LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელი – საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

4322
71926534-539097696667306-8243102101513699328-n (2)

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტი აღმოჩნდა გია ყანჩელის მუსიკის შესრულება კინოთეატრის სცენაზე და მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმის „სევდის ანგელოზების“ ჩვენება.
კინოთეატრ „ამირანის“ ინიციატივითა და კომპანია „გალფის“ წარდგენით პროექტი წელს 8 იანვარს განმეორდება.
ამ პროექტის შემდეგ გია ყანჩელის მელოდიების შესრულება კიდევ უფრო აქტუალური გახდა ახალი თაობის მუსიკოსებისთვის.

ნიკოლოზ რაჭველი: „ძალიან საინტერესო ფორმაა კინოთეატრის სცენაზე მუსიკის ცოცხლად შესრულება და მსმენელსაც რომ გასაკუთრებით მოეწონა დასწრების მსურველთა რაოდენობა მოწმობს. ჩემთვის გასახარია, რომ ახალ თაობას ასე უყვარს გია ყანჩელის მუსიკა და საუკეთესოდაც ასრულებენ. ფილმის მიმართ რა თქმა უნდა, სუბიექტური ვარ, რადგან გარკვეულ ეპიზოდებში ასახული ჩვენი ურთიერთობები და შემოქმედები თანამშრომლობა გია ყანჩელთან, ამიტომ მიყვარს ეს ფილმი. თუმცა ჩვენი სამეგობროსთვის ჯერ კიდევ ძალიან ემოციური და რთულია ამ ფილმის ნახვა“.

8 იანვარს ფილმის ჩვენებამდე გამართულ საშობაო კონცერტში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა თოფურია, გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭკორი, ნანუკა გოლიაძე, ანასტასია აღლაძე, რეზი მარშანია, დირიჟორი ვახტანგ ერქომაიშვილი.

საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელმა მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმი „სევდის ანგელოზები“, რომლის ავტორია სცენარისტი თეონა ჯორბენაძე განსაკუთრებული ოვაციებით დააჯილდოვა.

თეონა ჯორბენაძე „სევდის ანგელოზების“ სცენარის ავტორი და რეჟისორი: „ნამდვილად არ ველოდი მაყურებლის მხრივ ასეთ გამოხმაურებას, რატომღაც მივიჩნევდი, რომ ეს ფილმი მხოლოდ გარკვეული წრის ადამიანებისთვის იქნებოდა საინტერესო. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო ჩემს საქმიანობაში, როდესაც აუდიტორიაზე არ ვფიქრობდი, მიხაროდა კიდევ მონტაჟის დროს, რომ არავის წინაშე არ ვიყავი ანგარიშ-ვალდებული და მხოლოდ მთავარი გმირის აზრი მაინტერესებდა. ეს პროექტი კიდევ იმით მომწონს, რომ იმ ახალგაზრდების შეკრება გახდა შესაძლებელი, ვისთვისაც ბატონი გიას წასვლა შემოქმედებით შთაგონებად იქცა. თქვენ იცით, რომ პატარა მუსიკოსებმა ნაწარმოებები მიუძღვნეს. ცნობილი პოსტერის „ის აქ არის“ ავტორები ელენე და მარიამ ღვინეფაძეებიც ვიპოვნე და ძალიან საინტერესო ატმსფერო შეიქნმა“

„სევდის ანგელოზები“ გადაღებულია გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო ტურნეს პარალელურად რამდენიმე ქალაქში.(ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი).

მუსიკოლოგი მანანა კარტოზია ფბ. გვერდზე წერს:
მიხარია, რომ თეონამ სხვა კუთხე აირჩია – გია პიროვნება, მთლიანი, თავისი არაერთგვაროვანი წახნაგებით, პედალიზაციის გარეშე რომელიმე მათგანზე და ხედავ, როგორ მონოლითურად არის შეკრული სწორედ პიროვნება და შემოქმედი, რომლშიც ასე ბუნებრივიად ერთიანდება შინაგანი და გარე სამყარო, მეგობრობა და შემოქმედება, შემოქმედება და ცხოვრება; სადაც გამყოფი შტრიხის გავლება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მეგობრების გუნდში თაობათა ცვლაა ჩართული – ისინი (გასული სამოციანელები) და ესენი ამ საუკუნის 20-ანელები. ეპოქათა საინტერესო ტანდემი გამოვიდა!

ლელა ოჩიაური
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
პროფესორი
„ფილმს „სევდის ანგელოზები“ ახასიათებს თხრობის, მოვლენათა განვითარების ჩვენების მსუბუქი, ლაღი და არა მძაფრტონალობიანი მანერა, რომელიც მოგვითხრობს ცხოვრებისეულ პრობლემებსა და მის ამაოებაზე, შემოქმედის არსებობის ბედნიერებასა და წინააღმდეგობებზე, მაყურებელს, ერთი მხრივ, შესაძლებლობას აძლევს, გაიცნოს გია ყანჩელი და მეორე მხრივ, ბევრი შეიტყოს ხელოვანის ბედზე თანამედროვე სამყაროში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი არ ახდენს ამ საკითხების ზედმეტ და დაჟინებულ პედალირებას, არ ახვევს თავს ადამიანებს ავტორისეულ პოზიციას და მოვლენათა, პიროვნებების, მათი მონათხრობის აღქმის არჩევანის უფლებას უტოვებს, ისევე, როგორიცაა მუსიკა, რომელსაც ყველა ინდივიდუალურად უსმენს და აღიქვამს.

ყოველივე „სევდის ანგელოზებს“ მხატვრულ-პოეტურ ხასიათს ანიჭებს, რაც დამახასიათებელი იყო ქართული კინოს, მათ შორის, დოკუმენტურის, საუკეთესო ნიმუშებისთვის და მის სპეციფიკურ თავისებურებებს წარმოადგენდა.“

  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები