LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: თუ ვინმე ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების, ეს იყო „ნაცმოძრაობა“

106
გია ვოლსკი

„რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებ მტკიცებულება შეიძლება იყოს კონკრეტული ტელევიზიისთვის, მაგრამ არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის, თუმცა, დამატებით კითხვებს პასუხები სჭირდება,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და ამ საიდუმლო მასალებმა სუს- იდან გაჟონა.

ვოლსკის თქმით, თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, მონაზვნების, მღვდლების, ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატის შეფასებით, კასრებში არსებული მასალები არ უნდა განადგურებულიყო.

ვოლსკი ასევე დარწმუნებულია, რომ ამ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხს გასცემს, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, როცა ერთი ყოფილი თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, რომ ყველას უსმენენ და რაღაც ფურცლები ააფრიალა.

„ეს არაფერს ნიშნავს რასაკვირველია, მაგრამ საკითხის შესწავლა და საზოგადოების საყურადღებოდ მკაფიო კომენტარების გაკეთება აუცილებელია, მე ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება არ დააყოვნებს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი აზრით, ერთადერთი რაც ოპონენტებისგან რაციონალური, სიმართლესთან ახლოს მყოფი განცხადება მოვისმინეთ, ეს არის, რომ „მანკიერი პრაქტიკა გრძელდება“, ანუ ადასტურებენ, რომ ეს პრაქტიკა იყო.

„ეს პრაქტიკა არ არსებობს, მაგრამ იმისათვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა დანაშაულებში 2012 წლამდე არსებულ სადისტურ მმართველობას გაუთანაბრდეს – რასაც გინდა გააკეთებენ და რა პროპაგანდისტულ მანქანასაც გინდა ჩართავენ ნებისმიერ თემაზე, რაზეც საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებზე რეაგირება მოახდინა,“ – დასძინა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისი აზრით, ეს არის სტრატეგია და მას სჭირდება შესაბამისი პასუხები შესაბამისი სტრუქტურებიდან.

„თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო „ნაცმოძრაობა“.

ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა და ერთადერთი რაც მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო დაშვებული, არ უნდა განადგურებულიყო კასრებში მოთავსებული ათასობით მტკიცებულება არაადამიანური ქმედებების და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, მათ შორის ის, რომლითაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ, ეს ფაილები არსებობს, ეს ფაილები გატანილია და იმ ადამიანების ხელშია დღეს, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას.

ასე რომ, პასუხისმგებლობა რაც საზოგადოების წინაშე იყო, „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა, ხოლო თუ რაიმე შეკითხვა წარმოიშვა ამ საკითხებზე, ვფიქრობ, პასუხის გაცემა აუცილებელია,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

პოპულალურები