21-ე საუკუნეში ავტომობილი ადამიანის გადაადგილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა ყველაფერს გააჩნია თავისი უარყოფითი მხარე და გამონაკლისი არც მანქანით გადაადგილებაა.

ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ავარიების რაოდენობაც.

ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე თბილისის მერიც საუბრობს. მისი თქმით, ამ კუთხით ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„ქვეყანაში სერიოზული გამოწვევა და პრობლემა დგას, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება და ყველაზე მთავარი და ძვირფასი ჩვენთვის სიცოცხლეა,” – განაცხადა კახა კალაძემ

 

 

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევების მატებასთან ერთად, ავტომობილის დაზღვევა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 8,3%-ით გაიზარდა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული. კერძოდ, გასულ წელს ავტომანქანის დაზღვევის 75 863 პოლისია გაცემული, რაც 2017 წელთან შედარებით 5 821 პოლისით მეტია.

 

რა არის ავტოდაზღვევა?

ავტომობილის დაზღვევა და ზოგადად დაზღვევა, რისკების მართვის კარგი ფინანსური სერვისია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოულოდნელად დამდგარი შემთხვევების დროს თავიდან ავირიდოთ ფინანსური ხარჯები და ავინაზღაუროთ ზარალი.

წარმოიდგინეთ მანქანის მართვის დროს ვიღაც მოულოდნელად თქვენს მანქანას ეჯახება ან პირიქით თქვენ ეჯახებით. თუ თქვენ დაგეჯახათ ვინმე, გიწევთ ნერვიულობა და იმის გარკვევა სად და როგორ გააკეთებენ თქვენ ავტომობილს და ა.შ.

ან შეიძლება, „არ მაქვს ფული ჩემო კარგო“-თი შემოიფარგლოს საქმის გარკვევა და დარჩეთ დაზარალებული ისე, რომ მანქანა ვერ გააკეთოთ. იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მაინც ასეთი შემთხვევებიც ხდება.

რას ვაკეთებთ, როდესაც სხვის მანქანას ვეჯახებით?

აქ სიტუაცია სხვადასხვანაირია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უნდა ცდილობდეს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, ზოგი თავის არიდებასაც ცდილობს.
ადამიანზეა დამოკიდებული აღიარებს თუ არა იმას, რომ სხვისი მანქანა დააზიანა, თუ  გაუჩერებლად გზას გააგრძელებს ვითომ არაფერი მომხდარა. ასეთი ფაქტი ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც დაზიანებული ავტომობილის მძღოლი ავტომობილში არ იმყოფება და მანქანა დაპარკინგებული ჰყავს.

ავარიის დროს ისეთი შეთხვევებიც ხდება, როდესაც დაზარალებული მხარე ახალი მანქანის ყიდვას ითხოვს. ახალი ავტომობილის შეძენის თანხას ვერ, მაგრამ დაზიანებული მანქანის შეკეთების თანხას სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ. ამისთვის უბრალოდ საჭიროა ავტომობილი დაზღვეული გყავდეთ.

 

სადაზღვევო კომპანიები ავტოდაზღვევის ხარჯებს შემდეგ შემთხვევებში ანაზღაურებენ:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მძღოლის ბრალის ან ბრალის გარეშე ავარიის შედეგად არის გამოწვეული;
  • ხანძარი, აფეთქება, სხვადასხვა საგნის დაცემა;
  • სტიქიური უბედურებები: მიწისძვრა, სეტყვა, მეხის დაცემა და ა.შ;
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
  • მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი;
  • ავტომობილის დაზიანება, აქ იგულისხმება – საომარი მოქმედება, გაფიცვა, მანიფესტაცია, საბოტაჟი, რევოლუცია და ა.შ.

ავტომობილის სადაზღვევო პაკეტების პირობები კომპანიებზეა დამოკიდებული. თუმცა ძირითად შემთხვევაში ავტომობილის დაზღვევა სამ დაფარვას აერთიანებს:

  1. CASCO – ავტომობილის დაზღვევა – გულისხმობს მხოლოდ თქვენი ავტომობილის დაზღვევას და მისი ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, ზიანის თანხის განსაზღვრას დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი (შენაცვლებითი) ღირებულების ოდენობით, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
  2. MTPLავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად, მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა – თუ თქვენი ავტომობილით სხვა პირის ჯანმრთელობას, ან ქონებას მიაყენებთ ზიანს, სადაზღვევო კომპანია გადაუხდის მესამე პირს დაზიანებული ქონების (მათ შორის, ავტომობილის) აღდგენის, ან დაზიანებული მესამე პირის მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს.
  3. MPA მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა – შეგიძლიათ დააზღვიოთ მძღოლი და მგზავრები, რომლებიც თქვენი ავტომობილით გადაადგილდებიან, მგზავრობისას დამდგარი უბედური შემთხვევებისაგან. ასეთი დაზღვევის არსებობისას, ანაზღაურდება დაზიანებული პირების მკურნალობის ხარჯებიც. გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა აუნაზღაურდება გარდაცვლილის კანონიერ მემკვიდრეს.

თუ ავტომობილი სამივე დაფარვით გაქვთ დაზღვეული მაშინ ანაზღაურდება, როგორც თქვენი ავტოტრანსპორტის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები, ასევე ის ზარალი, რაც სხვას მიადგება.


რა ღირს ავტომობილის დაზღვევა?

ავტომობილის დაზღვევის ღირებულება კომპანიების მიხედვით განსხვავდება, თუმცა დაზღვევის დროს ყურადღება ისეთ საკითხებზე მახვილდება, როგორებიცაა:

  • ავტომობილის საბაზრო ღირებულება.
  • ავტომობილის გამოშვების თარიღი.
  • მძღოლის მართვის გამოცდილება.
  • ავტომობილის კლასი – სპორტული მანქანები მაღალი რისკის მატარებლებლად მიიჩნევიან და შესაბამისად მათი დაზღვევა უფრო ძვირი ჯდება.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა – თუ მძღოლი იშვიათად ახდენს ავარიებს, მისი მანქანის დაზღვევა უფრო იაფი ეღირება, ვიდრე იმ ადამიანის, რომელსაც ხშირად მოსდის ავტოსაგზაო შემთხვევა.

რა გამონაკლისები არსებობს ავტომობილის სადაზღვევო ხელშეკრულებებში? – ამ კითხვით “ფორტუნამ” რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას, კერძოდ: “თიბისი დაზღვევას”, “ირაოს”, “ალდაგს” და “კრედო ბანკს” მიმართა. მათი განცხადებით, სადაზღვეო კომპანია პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში იხსნის: თუ მძღოლი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავს; თუ პირი ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ იმყოფება; თუ მძღოლი მოძრაობს გადაჭარბებული სიჩქარით ან ღერძულა ხაზზე გადაადგილდება.

 

ავტომობილის დაზღვევასთან დაკავშირებით “ფორტუნა” რამდენიმე მძღოლს გაესაუბრა. მათ ვისაც მანქანა დაზღვეული ჰყავს უმეტესობა კმაყოფილია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით სადაზღვევო კომპანია ზარალს ანაზღაურებს.

რაც შეეხება იმ მძღოლებს, რომელთაც არ  ჰყავთ მანქანა დაზღვეული, ისინი სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

  1. მძღოლები, რომელთაც არ აქვთ საშუალება ყოველთვე დაზღვევის ფული გადაიხადონ;
  2. მძღოლები, რომლებიც ინფორმირებული არ არიან, რა სარგებელი აქვს ავტოდაზღვევას;
  3. მძღოლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ ეს არ სჭირდებათ და თუ ავარია შეემთხვევათ, თანხის გადახდა მაშინ ურჩევნიათ.

შეგახსენებთ, მესამე პირის დაზღვევა, 1 ივლისიდან ყველა მძღოლისთვის სავალდებულო იქნება. მძღოლებს შემდეგი ოდენობის საფასურის გადახდა მოუწევთ:

ა) მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;

ბ) მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;

გ) ავტობუსისთვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი;

დ) სატვირთო ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი;

ე) მისაბმელისთვის – 50.00 – 75.00 ლარი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00 – 90.00 ლარი.

 

უფრო დეტალურად, რა ცვლილებების ამოქმედდება იგეგმება პირველი ივლისიდან. შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია.

კატეგორიები: ანალიტიკა
ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები