როგორ შეიძლება შეფასდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები – ამ თემაზე “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ისაუბრა.

მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები “უაღრესად კონფრონტაციული” იყო.

“ეს განცხადებები კიდევ უფრო გააღრმავებს, ისედაც ღრმა უფსკრულს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მეტიც, შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების პოტენციალს. ირაკლი ღარიბაშვილი ბრძანებს ე.წ. რადიკალური და კონსტრუქციული ოპოზიციის შესახებ, მაგრამ დღეს შეუძლებლია არ გავუსწოროთ თვალი ფაქტს, რომ არ არსებობს ასეთი დაყოფა მოცემულ კონტექსტში.

ნიკა მელიას გარშემო მოხდა მთელი ოპოზიციური სპექტრის მობილიზაცია. ამიტომ ეს დაყოფა სრულიად უადგილოა. ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკურ კლასთან, არამედ არის მათ ამომრჩეველთანაც, რომელიც ბოლო არჩევნების მიხედვით, ნახევარზე მეტია ჩვენი მოსახლეობის. ამდენად, არავინ იფიქროს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკოსებთან დაპირისპირება”.- განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ჩაშლის ირაკლი ღარიბაშვილის მწვავე განცხადებები, ჯერ არდანიშნულ მოლაპარაკების რაუნდს, იაგო კაჭკაჭიშვილი პასუხობს:

“ცხადია ჩაშლის. ასეთი კონფრონტაციული მესიჯების ფონზე, არანაირი მოლაპარაკება არ გაიმართება. ეს ემსახურება კონფრონტაციის გაღრმავებას, რომელმაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს.

ეს რასაკვირველია, ხელს შეუშლის საქართველოს ორიენტაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ მოუნდება ურთიერთობა სახელმწიფოსთან, რომელიც ესეთი სამოქალაქო დაპირისპირების რეჟიმშია”.- აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა გადაცემაში “დღის თემა”.

 

 

მსგავსი თემები