LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამ-ღამობით მესმოდა ყმუილი, ბრახუნი, ადამიანები შველას ითხოვდნენ – რა ხდება ციხეებში

768
cixe

24 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის დაღუპვამ საზოგადოებაში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, პატიმარი აწამეს. პენიტენციურმა სამსახურმა საპასუხოდ განცხადება და ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ვიდეოში კი ჩანს, თუ როგორ უწევს სამედიცინო პერსონალი დახმარებას პატიმარს. თუმცა, პენიტენციური სამსახურის პასუხმა კითხვის ნიშნები სრულად ვერ მოხსნა.

ყოფილი პატიმრები ციხეებში  ჯანდაცვის სერვისის კუთხით არსებულ პრობლემებზე ღიად ალაპარაკდნენ. პატიმრები ამბობენ, რომ ადამიანების სიკვდილისთვის წამების ორიგინალური მეთოდების გამოყენება საჭირო სულაც არაა და ამისთვის ის განუკითხაობაც საკმარისია, რომელიც ჯანდაცვის კუთხით სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია.

 

“ფორტუნა” ერთ–ერთ პატიმარს დაუკავშირდა, რომელიც გლდანის ციხეში, სადაც პატიმარი გარდაიცვალა, 45 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ზაზა სვანაძე “ფორტუნასთან” ამბობს, ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში ყველაფერი ისე არაა, როგორც გარედან ჩანს.  რა მნიშვნელობა აქვს ოთხ კედელში გამოკეტილ პაციენტს წამებით მოკლავ თუ იგნორით ? შედეგის მხრივ არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს. პირველი ერთი კვირის შემდეგ ღამ-ღამობით მესმოდა ყმუილი ბრახუნი, ადამიანები ითხოვდნენ შველას, ექიმს. სამედიცინო პერსონალი კი არადა არ ჩანდა.

45 დღის განმავლობაში 4 საკანი შევიცვალე, და საკნებს შორის შუალედებში, გამანაწილებელ ოთახებშიც ვიყავი, სადაც ზოგან 10 ზოგან 15 ადამიანს ვესაუბრებოდი. გარდა იმისა, რომ საკუთარი ყურებით ვისმენდი, თუ როგორ ითხოვდნენ ადამიანები შველას, პირად საუბრებში ყველა ერთხმად იყო ციხის ჯანდაცვით უკმაყოფილო,“– ამბობს ზაზა სვანაძე.

ყოფილი პატიმარი არსებულ სიტუაციაში  სამედიცინოს დეპარტამენტის უფროსს, თამთა დემურიშვილს და გლდანის ციხის მთავარ ექიმს, ნანა მაღრაძეს ადანაშაულებს. სვანაძე იმასაც ამბობს, რომ  ციხის აფთიაქში მედიკამენტების დეფიციტია.

ზაზა სვანაძე

„გლდანის ციხის ექიმების მიერ დადგენილ ”ჯანდაცვის პოლიტიკას” თუ სტანდარტებს, პირადადაც შევეჩეხე, როდესაც პირველი ( E ) ფლიგელის 101 საკანში ამერიკის მოქალაქე, წარმოშობით ირანელი – ამირ პიროუზიანი შემოიყვანეს. ამირს პერიოდულად ზურგით დავატარებდით, რადგანაც ხერხემლის მალებს შორის მოყოლილ ნერვს ის კედლებზე გაჰყავდა. გაუსაძლისი ტკიველბისგან შეწუხებული თანასაკნელის დასახმარებლად სამი დღის განმავლობაში ვეძახდით ექიმს, თუმცა კონტროლიორები ტკბილი სიტყვით გვიცილებდნენ თავიდან. ბოლოს მათ დავემუქრე, რომ არ ვაპირებდი ასეთ სტრესულ გარემოში სასჯელის მოხდას, არ ვაპირებდი ადამიანის სიკვდილისთვის მეყურებინა და რომ ამერიკის საელჩო ყველაფერს შეიტყობდა.

ექიმები მეოთხე დღეს შემოვიყვანეთ მუქარების და იმის შეხსენების შემდეგ რომ ჟურნალისტი ვიყავი და ჩემი თვალით ნანახი ფაქტების ტირაჟირებას მოვახდენდი !“– აღნიშნავს ზაზა სვანაძე.

პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით პრობლემების არსებობას ადასტურებს ომბუდსმენის ანგარიშიც, რომლის თანახმად, კვლავ პრობლემაა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა  და კვალიფიკაცია, სამედიცინო მომსახურების მიღების ვადები,სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, სამედიცინო კონფიდენციალურობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა.

ომბუდსმენის მწვავე შეფასების მიუხედავად,  პენიტენციური სამსახური „ფორტუნასთან“ ამ მხრივ პრობლემების არსებობას უარყოფს.

ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი ხელისაწვდომობა და ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეუძლიათ ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი, სრული პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით უდგება და ზედმიწევნით  კარგად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ყოველთვის მზად არის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს პაციენტებს“– აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ცნობით, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრისთანავე ყველა პირს უტარდება სამედიცინო შემოწმება და ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, საპირისპიროს ამბობს ომბუდსმენის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ არიან პაციენტები, რომლებიც ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული არიან 2016 წლიდან, თუმცა 2018 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული სამედიცინო მომსახურება.

პენიტენციური სამსახური სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კვალიფიკაციკაციის პრობლემასაც უარყოფს და აღნიშნავს, რომ  დაწესებულებებში დასაქმებული მედპერსონალი სერთიფიცირებულია შესაბამის სპეციალობებში. მათივე ცნობით,  ხელშეკრულება გაფორმებულია 29 სხვადასხვა პროფილის 60 სპეციალისტთან, რომლებიც ყოველკვირეულად ახორციელებენ გეგმიურ და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ვიზიტებს დაწესებულებებში.

წამების პრევენციის ევროპული კონვენციის მიხედვით ერთ ექიმზე 300, ხოლო ერთ ექთანზე 50 პატიმარზე მეტი არ უნდა მოდიოდეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, პაციენტების რაოდენობა ერთ ექიმზე  პენიტენციური დაწესებულებების მიხედვით განსხვავებულია და 50-დან 300-მდე (დიდ დაწესებულებებში) მერყეობს, ასევე განსხვავებულია პაციენტების რაოდენობა თითო ექთანზე, თუმცა, რამდენი პაციენტი მოდის თითო ექთანზე, ამ კითხვაზე პენიტენციური სამსახური არ პასუხობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ექთნების რაოდენობა ექიმების რაოდენობას აღემატება.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად კი,  დიდ პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორიცაა №2, №14, №15 და №17 დაწესებულებები, პატიმრებისა და ექთნების რაოდენობის თანაფარდობა მაღალია და შესაბამისად, საჭიროა საშუალო სამედიცინო პერსონალის დამატება.

რაც შეეხება ციხეების აფთიაქებში მედიკამენტების დეფიციტს, პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ ასეთი პრობლემა იყო, თუმცა, ამჟამად მედიკამენტების მარაგი შევსებულია.

„პენიტენციურმა სამსახურმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მედიკამენტების კონსოლიდირებული წესით შესყიდვაში პირველად მიიღო მონაწილეობა, რამაც წლის დასაწყისში გამოიწვია გარკვეული შეფერხება, თუმცა დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სისტემის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის ფარგლებში, დაწესებულების აფთიაქში შექმნილია სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო პროდუქციის გონივრული მარაგი”– აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

ომბუდსმენის ანგარიში გარდაცვლილთა რაოდენობასა და გარდაცვალების მიზეზებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევების შესამცირებლად სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება და დაავადებების პრევენციაზე მუშაობაა საჭირო. საპასუხოდ, პენიტეცნიური სამსახური განმარტავს, რომ პატიმრები ხშირად თავად ამბობენ უარს მკურნალობაზე.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს გაზრდილი იყო პატიმართა გარდაცვალებისა (21) და სუიციდის შემთხვევები ( 4). პენიტენციური სამსახურის ცნობით, 2019 წლის 7 თვეში პენიტენციურ სისტემაში 7 პატიმარი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი სუიციდია.