LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობის საკითხი კვლავ აქტუალურია

233
tad

შალვა თადუმაძის განათლებისა და  დიპლომის ნამდვილობის შესახებ კითხვები მისი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენისას გაჩნდა. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანიზაციიდან შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი გამოითხოვა. როგორც ოგანიზაციაში აცხადებენ, არც მთავრობის ადმინისტრაციამ, არც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. მათივე განმარტებით, შალვა თადუმაძის დიპლომი არც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის დამტკიცებას განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი არც „ადვოკატთა ასოციაციაში“ აღარ არის დაცული, რადგან მათი განმარტებით, ძველი დოკუმენტები პერიოდულად ექვემდებარება განადგურებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული განათლების დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.

„არსებული ინფორმაციის საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ  გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა. იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი და დასაბუთებული პასუხი გასცენ ლეგიტიმურ კითხვებს“, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.