LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზრდილია ძალადობრივი შემთხვევები: საია-მ შუალედური ანგარიში წარადგინა

102
BeFunky-collage (1)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა.

საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ანგარიშის წარდგენისას იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესებზე მიმდინარე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა.

ანგარიში სრულად მოიცავს 2020 წლის სექტემბრის თვის პერიოდს. სალაძის განმარტებით, მიმდინარე თვეში მოიმატა მუქარის შემცველმა ფაქტებმა.

„გაზრდილია მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების ფაქტები, მარტო სექტემბრის თვეში ჩვენ 11 ასეთი შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული. ნაწილზე გამოძიება დაწყებულია. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია რომ ეს საქმეები მიყვანილი იყოს ბოლომდე და კონკრეტულმა პირებმა აგონ პასუხი“.

ანგარიშში ასევე, საუბარია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთ შემთხვევაზე. სალაძემ კონკრეტული ფაქტი დაასახელა, რომელიც უკავშირდება კომპანია “PSP”- ს ინფორმაციას, რომელსაც აქტიურად ვხვდებით სხვადასხვა ვებპორტალზე. კომპანია მოქალაქეებს სთავაზობს მედიკამენტების შეღავათიან ფასებში ჩამოტანას თურქეთიდან.

„მოგეხსენებათ, ბატონი ოქრიაშვილი “PSP”-ს 95 %-იანი წილის მესაკუთრეა, ჩვენი შეფასებით, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და აქ შესაბამისმა ორგანოებმა უმდა გაატარონ სათანადო ზომები“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

მომზადებულ ანგარიშში ასევე საუბარია სახელწიფოსა და პარტიის გამიჯვნის ფაქტთან დაკავშირებულ შემთხვევაზე. საია-ში განმარტავენ, რომ ეს ტენდენცია სექტემბრის თვეშიც გრძელდებოდა.

„პარტიის და სახელმწიფოს გამიჯვნის პრობლემა უკავშირდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც 31 აგვისტოს დააანონსა სახელმწიფომ, თავისთავად, ამ ტიპის პროგრამები და პროექტები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ პრემიერ-მინისტრის ძმა, მისი წარმომადგენელი საუბრობდა ფონდი „ქართუს“ და ბატონი ივანიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებაზე. ცხადია, ეს დიდად უშლის ხელს, რომ ზღვარი გაევლოს მმართველ პარტიასა და სახელწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და შესრულებებს. ეს ტოვებს ამომრჩევლის მანიპიულაციის შთაბეჭდილებას“.

სალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუქარის და ძალადობრივი ფაქტების შემთხვევაზე.

„11 ასეთი შემთხვევა გვაქვს უკვე აღრიცხული და დაფიქსირებული სექტემბრის თვის მაგალითზე, ამ შემთხვევებიდან ყველაზე მეტი მოდის პარტია „ლელოს“ წევრებსა და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე. ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის პროცესები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ქვემო ქართლში ბოლნისსა და მარნეულში, ამის შესახებაც ნახავთ დეტალურ ინფორმაციას ანგარიშში“.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტებზე მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები