მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს ბიზნესოპერატორმა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას.

სამინისტროს ცნობით, დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევა. ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო ნაწილი – 2024 წლიდან.

მსგავსი თემები