2016 წელი დასასრულს მიუახლოვდა და დროა თვალი გადავავლოთ წლის სპორტულ მიღწევებს. მთავარი მოვლენა რასაკვირველია რიოს ოლიმპიადა იყო. ზაფხულის რიგით 31-ე თამაშებზე საქართველოს ნაკრები ისტორიაში ყველაზე მეტი – 40 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებმაც სპორტის 12 სახეობაში იასპარეზეს.

ზაფხულის ოლიმპიადა რიოში 5 აგვისტოს გაიხსნა, პირველი მედალი კი საქართველოს დელეგაციას ლონდონის ოლიმპიადის ერთადერთმა ქართველმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, რომელიც ამჯერად ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
რიგით მეორე მედალი ჩვენმა გუნდმა 10 აგვისტოს მოიგო. ვალერი ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საუკეთესო დღე ქართული დელეგაციისათვის ოლიმპიადაზე 16 აგვისტო იყო: ქართველი ძალოსნების ტრიუმფი და კიდევ ერთი ბრინჯაო. პირველად ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში კვარცხლბეკზე ერთდროულად ავიდა ორი ათლეტი. ლაშა ტალახაძემ ჩვენს გუნდს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, თანაც ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მისსავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიგო ირაკლი თურმანიძემ. კიდევ ერთი ბრინჯაო კი მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა.
19 აგვისტოს კიდევ ერთი ოქროს მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიგო, 20 აგვისტოს კი ბრინჯაოს მედალი საქართველოს დელეგაციას გენო პეტრიაშვილმა მოუტანა.საბოლოოდ ჩვენმა ქვეყანამ გამოსვლა 7 მედლით დაასრულა,რომელთაგან 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინაჯოსი გახლდათ. ამ მაჩვენებლით მედლების დაფაზე საქართველო 38-ე იყო. ასე რომ, ჩვენმა გუნდმა რიოში შეასრულა დევიზი ”უკეთ ვიდრე ლონდონში.”

ზაფხულის ოლიმპიადაზე ვიხილეთ ახალგაზრდა და ნიჭიერი ათლეტები, რომელთაგან უფრო დიდ მიღწევებს ველით. თავი გამოიჩინა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ, რომელმაც ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრიან დისტანციაზე ცურვაში ფინალის საგზური მოიპოვა და მეხუთე ადგილიც დაიკავა. პირველად ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში, თამაშების ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში,მარათონულ რბენაში მონაწილეობა მიიღო დავით ხარაზიშვილმა. 20-წლიანი პაუზის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე კვლვავ ვიხილეთ ქართველი მოფარიკავე – სანდრო ბაზაძე. პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ერთ ოლიმპიადაზე გამოვიდნენ დედა და ვაჟი – ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი.

წარმატებული იყო რიოში ოდნავ მოგვიანებით გამართული პარალიმპიური თამაშებიც, სადაც საქართველო 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური გახდა. იგი პირველი ქართველი სპორტსმენია,რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.

მსგავსი თემები