LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა – პრემიერთან დიალოგის დეტალები

118

კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმინისტრი ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის, ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა სამუშაო ჯგუფის შექმნაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რაც  ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საშუალებას მისცემს, ხელისუფლებასთან ერთად იმსჯელოს საარჩევნო რეფორმის საკითხებზე.

”არასაპარლამენტო ოპოზიცია ცდილობდა, ხელისუფლება ნაჭუჭში არ ყოფილიყო დამალული და არჩევნების თემატიკაზე ერთად ესაუბრათ. არსებობდა ჩაკეტილი კედელი და მთავრობა არ მოდიოდა კომპრომისზე, ახლა ყინული ნაწილობრივ გალღვა და პრემიერის დონეზე მოხდა შეხვედრა, რაც უმნიშვნელოვანესია” – განაცხადა ქარდავამ.

საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ინტერპარტიული ჯგუფის მთავარი მოთხოვნა – 2016 წლის არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესაძლებლობა, თუმცა როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა, ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა. ბაჩუკი ქარდავამ აქვე აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მათ დაპირდა, მაჟორიტარული სისტემის საკითხზე ხელისუფლების შიგნით დისკუსიები გაგრძელდება.

”ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა. დაგვპირდნენ, რომ უმრავლესობაში ამ თემას განიხილავენ. ნამდვილად არ ვართ ეიფორიაში და აღფრთოვანებულები, მაგრამ კარგია, რომ დღეის შემდეგ, ხელისუფლებასთან დიალოგი გაგრძელდება. გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა 2016 წლისთვის, ეს მთავრობის პოლიტიკური ნების საკითხია” – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები