LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განცდა მაქვს, რომ სადღაც გავიჭედეთ და პროგრესი არ გვაქვს“ – ნატა მეფარიშვილი საახალწლო საბავშვო კონცერტებზე

nata-mefaishvili

ილიას უნივერისტეტის პროფესორმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა  „ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას ვრცლაც ისაუბრა საახალწლო კონცერტებსა და წარმოდგენებზე. კითხვაზე, რატომ უჭირთ პატარებს დიდხანს კონცერტზე გაჩერება და რატომ იწყებენ ტირილს, ცნობილი ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს არა ქცევის, არამედ ასაკის ბრალია. დღეს საბავშვო წარმოდგენები ძალიან დიდხანს გრძელდება და პროგრამა ისეა აწყობილი, რომ ბავშვთა ფსიქოლოგიას მორგებული არაა.

„მოდით ვისაუბროთ ნორმაზე. ქცევის პრობლემის მქონე ბავშვებიც არსებობენ, მაგრამ აქაც და იმედია ეს არავის ეწყინება, კარგად დაგეგმილ აქტივობაზე, შესაბამისი ასაკის ბავშვები აუცილებლად გაჩერდებიან. მე თუ ვთხოვ სამი წლის ბავშვს, რომ გაჩერდეს 2 საათი წარმოდგენაზე, სადაც ერთმანეთს მიყვება სიმღერები და ცეკვები, მათთვის უცნობი ადამიანები გამოდიან და მათი ჩართულობა მინიმალურია, ცხადია ბავშვს გაუჭირდება. პატარებს უნდათ, რომ თვითონაც ჩართულები იყვნენ აქტივობებში. უნდათ, რომ რაღაც გააკეთონ, მივიდნენ სცენასთან. აქაც მივდივართ კონცერტების ორგანიზატორებამდე და ვფიქრდებით, იციან თუ არა მათ ასაკობრივი ნორმები, იციან თუ არა, როგორი უნდა იყოს ეს აქტივობა. რაღაცეები იცვლება, ნელა მაგრამ იცვლება. მაგალითად, ბოლო დროს კომუნიკაცია მოდის სცენიდან, შარშან მე და ჩემი შვილები ვიყავით და ვნახეთ, რომ იქიდან ბურთებს გვესროდნენ, აიყვანეს პატარები სცენაზე, ჩამოვიდნენ გმირები, მოვიდნენ ხელი ჩამოგვართვეს, ეს უკვე კარგია, მაგრამ ძირითადად, ეს პრობლემები რჩება. მე სულ განცდა მაქვს, რომ სადღაც გავიჭედეთ და პროგრესი ამ თვალსაზრისით არ გვაქვს. ბავშვის გართობა, ზეიმი, კონცერტი საახლწლო დღესასწაულები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეჟისურა, ოპერატორების ნამუშევარი და ბევრი სხვა ნიუანსის ცოდნა და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტირება აუცილებელია, მე ეჭვი მაქვს, რომ ამას არავინ აკეთებს. მხოლოდ კომერციაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს ეს აქტივობები. ბიზნესი უნდა კეთდებოდეს კარგად, მოწესრიგებულად, სუფთად.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები