LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოფენა კოსმოსში“ – ის, რაც აქამდე თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში არავის გაუკეთებია

643
71830860-10220160659710001-4859804548245487616-n

გამოფენა დედამიწიდან 45 კილომეტრის სიმაღლეზე და საგამოფენო სივრცედ გამოყენებული კოსმოსი – ეს ის არის, რაც აქამდე არასდროს, არავის, არსად გაუკეთებია და ეს ყველაფერი პირველად თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში, სწორედ საქართველოში მოხდა.

„გამოფენა კოსმოსში“- ასე ჰქვია ინოვაციურ პროექტს, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მასშტაბით არ იძებნება და რომლის ავტორიც, ვიდეოგრაფი თოკო მზარელუაა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, პროექტმა უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ყურადღება მიიპყრო – მათ შორის, ქართული პროექტით ტექნოლოებისა და ინოვაციების მიმართულებით ისეთი მოწინავე ქვეყანა დაინტერესდა, როგორიც იაპონიაა.

თუმცა, ვიდრე „გამოფენა კოსმოსში“ საქართველოს საზღვრებს გასცდება და როგორც არაორდინალური პროექტი „ექსპორტზე“ გავა, მანამდე ქვეყნის შიგნით მას საზოგადოებას აქტიურ რეჟიმში აცნობენ.

სწორედ ამ მიზნით, 17 ოქტომბერს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA TBILISI MUSEUM OF MODERN ART) პროექტის „გამოფენა კოსმოსში“ პრეზენტაცია შედგა.

ხელოვნების საზღვრებს მიღმა გასვლის კონცეპტუალური პერფორმანსი, რომლის დროსაც ქართველი მხატვრის რომანოზის ფერწერული ტილოები გაცდა დედამიწას, მის ტრადიციულ საზღვრებს და სტრატოსფეროში გამოიფინა – ეს ყველაფერი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისულმა სტუმრებმა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის სახით იხილეს.

პროექტის იდეა და მისი მთავარი მიზანი:

ურთულესი და ერთი შეხედვით დაუჯერებელი – ასე შეაფასა უკვე საზოგადოებამ პროექტი, რომლის იდეაც 6-7 წლის წინ თოკო მზარელუას, ჰოლანდიაში, ინოვაციების ცენტრში მუშაობის დროს გაუჩნდა. როგორც ბაზრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, მსგავსი პროექტის განხორციელების პრეცენდენტი მსოფლიოს მასშტაბით, არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება და პირველად თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში, სტრატოსფეროში რეალური გამოფენის ინიციატორი – საქართველო გახდა.

რაც შეეხება პროექტის მთავარ მიზანს: საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ცხოვრებაში არარეალური არაფერია, მათ შორის: შესაძლებელია კოსმოსის, კერძოდ სტრატოსფეროს გამოყენება საგამოფენო სივრცედ.

როგორ გაიგზავნა ფერწერული ტილოები კოსმოსში:

ტრანსცენდენტალიზმი – ასე ეწოდება მიმდინარეობას მხატვრობაში, რომელიც ქართველმა მხატვარმა რომანოზმა შექმნა, პროექტის „გამოფენა კოსმოსში“ ავტორმა და ვიდეოგრაფმა – თორნიკე მზარელუამ კი დედამიწიდან 45 კილომეტრის სიმაღლეზე გაუშვა.

ნახატების კოსმოსში გაშვებამდე იყო 1 წლიანი ინტენსიური მუშაობა, რომელიც „ფინიშისკენ“ ბათუმში, მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გავიდა. სწორედ ამ დღეს 3-მა ნახატმა კოსმოსში იმოგზაურა.

ჰელიმუის მოწყობილობაზე პარაშუტი, კამერა, GPS სისტემა და მაღალი სიხშირის ხმის ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟეს და სტრატოსფეროში გაუშვეს. მოწყობილობამ საქართველოს თავზე იფრინა, 173 წუთის განმავლობაში კოსმოსისკენ ადიოდა, რის შემდეგაც გასკდა და ზუსტად 44 წუთი ეშვებოდა დედამიწაზე. საბოლოო ჯამში, ინოვაციური მოწყობილობა, კოსმოსიდან ჩამოტანილი უნიკალური მასალებით, იმერეთის რეგიონში, სოფელ ოფეთში იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ სტრატოსფეროს ხმები მუსიკოსმა ტეტემ ჩაიწერა და ამ უნიკალური ხმებისგან სპეციალური ე.წ „საუნდი“ გააკეთა.

ქართველი მხატვრის შესახებ:

რომანოზი – ტრანსცენდენტალი ქართველი მხატვარი, რომელიც თოკო მზარელუამ საკუთარი პროექტის მთავარ გმირად შეარჩია. სწორედ რომანოზის შექმნილი 3 ნახატი გაუშვეს ახლო კოსმოსში (ცნობისთვის, მხატვარმა აღნიშნული ფერწერული ტილოები სწორედ ამ პროექტისთვის შექმნა. ნამუშევრები „წარმატების ჩიტის“ სერიიდან შეირჩა. „წარმატების ჩიტი“ რომანოზის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა).

რომანოზი, როგორც უკვე აღვნიშნე, ტრანსცენდენტალიზმის დამფუძნებელია და მისი ნამუშევრები ისეთი ცნობილი ადამიანების კოლექციებშია, როგორებიცაა: დევიდ ლინჩი და ბიორკი.

სიტყვა „ტრანსცენდენტალური“ საზღვრებს მიღმა გასულს ნიშნავს, ტრანსცენდენტალური ხელოვნება კი, აქამდე არსებული ყველა ვიზუალური ფორმის საზღვარების დანგრევას გულისხმობს. ბევრი მიმდინარეობას სიურრეალიზმს ამსგავსებს, თუმცა სიურრეალიზმი მხოლოდ რეალურ საგნებს ასახავს, ტრანსცენდენტალური ხელოვნება კი, მართალია ირეალური განზომილება, მაგრამ ძალიან რეალური და ცოცხალი ხელოვნებაა.

და ბოლოს…

პროექტზე „გამოფენა კოსმოსში“ – 12 ადამიანი მუშაობდა, რომლებიც სამომავლოდ საზოგადოებას კიდევ უფრო მასშტაბურ და საინტერესო პროექტებს ჰპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები