LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოცდების პოლიტიზება დაუშვებელია – დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს“ – NAEC მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

146
NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების ერთ-ერთ ვარიანტში არსებული დავალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები „ამაყი“, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას ეხება. მათივე განცხადებით, საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და რომ გამოცდების პოლიტიზება დაუშვებელია.

„ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული.“

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

ვინაიდან, დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თითოეული ჩვენგანის მიზანია, მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი არაკორექტული შეფასებებისგან. მანამდე კი, დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს.“ – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.