LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაყენებულ ე.წ. პრეზიდენტს ჯილდოები მოპარეს – რაულ ხაჯიმბა კენჭს აღარ იყრის

112
xajimba (1)

დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა რუსულ მედიასთან დაადასტურა, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან, რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს. მასთან ერთად, გატანილია იარაღიც, რომელიც სპეციალურ საცავში ინახებოდა.

“ტასს”-ის ინფორმაციით, ე.წ. ადმინისტრაციულ შენობაში ხაჯიმბას რამდენიმე ათეული ჯილდო ინახებოდა, რომელიც დემონსტრანტებმა საცავის გატეხვის შემდეგ გაიტანეს. შემთხვევა კვირა საღამოს მოხდა.

საპროტესტო აქციები ოკუპირებულ სოხუმში 9 იანვარს დაიწყო და აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის გადადგომა და ხელახალი ე.წ. არჩევნების დანიშვნა იყო.

ოპოზიციური პარტია “ამცახარას”  საპრეზიდენტო კანდიდატმა, გასული წლის არჩევნებში წაგება ე.წ. სასამართლოში გაასაჩივრა. დე ფაქტო რეჟიმის სამართალმა მისი მოთხოვნა განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია

ახალი წლის წინა დღეებში დაწყებული პროტესტი, დაძაბულ სამოქალაქო ვითარებაში გადაიზარდა. სიტუაციის მოსაგვარებლად, მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში, პუტინის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვი გაგზავნა. ოპოზიცია არ მალავს, რომ კრიზისის დაძლევა მოსკოვის შუამავლობით მოხდა. ე.წ. პრეზიდენტი გადადგა და მოგვიანებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებშიც არ მიიღებს მონაწილეობას.

“ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება იყო, გადავწყვიტე თანამდებობა დავტოვო, რათა არ დავუშვა საზოგადოებაში დაპირისპირება, იმ საზოგადოებაში, რომელმაც ბევრი ტრაგედია და განსაცდელი გამოიარა. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები.

მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს. განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება,”- განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

უცნობია, ვინ შეასრულებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას, მაშინ როდესაც ე.წ. პრემიერმა, ასლან ბარციცმაც ე.წ. პოსტი დატოვა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, არაღიარებულ სახელმწიფოში, 22 მარტს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები