სულ ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიას გადადგომას უწინასწარმეტყველებდნენ. მედიაში აქტიურად იწერებოდა მისი შემცვლელის ვინაობაც. გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ არ იყო რეალობას მოკლებული, რადგან როგორც ცნობილია, პრემიერმა ამერიკელი კონგრესმენებისგან ბევრი კრიტიკული წერილი მიიღო.

თუმცა, როგორც ჩანს კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილმა პრობლემებმა გახარია დიდი ხნით დატოვა თანამდებობაზე.  

„რუსთავი 2“-სთვის მიცემულ პრემიერის პირველი ინტერვიუს შეფასებისას ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.

„ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო პრობლემას თავს კარგად ართმევს და ამაში პრემიერის დამსახურებაც საკმაოდ დიდია.

„გახარია ცდილობს, დაბალანსებული იყოს. ერთის მხრივ ხელი არ შეუწყოს პანიკურ განწყობებს და მეორეს მხრივ არც ძალიან შეამსუბუქოს ის რისკები, რაც არის. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მას ეს საკმაოდ ნორმალურად  გამოსდის და ამ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით მისი ქმედებები და მისი რიტორიკა საკმაოდ კვალიფიციურად გამოიყურება.

რომ არა მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია, ამ დროისთვის წასული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ის კვლავ პრემიერია. როდესაც გარე საფრთხის წინაშე დგება საზოგადოება, ამ ტიპის შიდაპოლიტიკური გარჩევები და ობიექტური პრეტენზიები უკანა რიგში გადადის ხოლმე და საზოგადოება მაქსიმალურად კონსოლიდირდება. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია.

კი ბატონო, გახარიას მიმართ პრეტენზიები ძალაშია, მას თავისი ცოდვები აქვს, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მთავარი არ არის, რადგან ასეთ რთულ ვითარებაში პოლიტიკური რყევები გააუარესებს მდგომარეობას. შიდა პოლიტიკა დაპაუზებულია და გადართული ვართ საერთო საფრთხისკენ. არსებობს გამოთქმა, რომ გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან.

დღეს რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩვენ არ ვიცით, რა პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს კორონავირუსის საფრთხის პრევენციაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე შიდა პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება არასწორი იქნებოდა. რომც მქონდეს ამის შესახებ რაღაც მოსაზრება, სჯობს, რომ თავი შევიკავო ამ ტიპის საუბრებიდან. ჩემი მხრიდან საკმაოდ არაადეკვატური იქნება, ვინმეს გადადგომაზე საუბარი. თუმცა ვინმეს დანიშვნაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგალითად ჯანდაცვის სისტემაში. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკმაოდ არაადეკვატურად გამოიყურება, იმ ფონზე, როდესაც მასზე უფრო ბევრად ძლიერი ფიგურები ჩანან ამ დარგში და ბევრად უფრო მაღალი ნდობით სარგებლობენ და ამ დროს გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც სრული გაუგებრობაა. რაც შეეხება გახარიას, დღევანდელ მოცემულობაში თავის ადგილზე აღმოჩნდა. ამ პრობლემის მენეჯმენტის კუთხით. არც იმის დროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ექსპერიმენტები ატაროს და ადამიანებით მანიპულაციას მიჰყოს ხელი. როგორც ჩანს, მთლიანობაში, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის ბევრი არაფერი იცის, ის დისტანცირებულია და ამ დროს ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ როგორც კი ის დისტანცირდა პროცესებისგან და ხელისუფლებას მისცა ავტონომიური გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურება ხელისუფლება. მანამდე, რა თქმა უნდა, მათ ხელს უშლიდა. როდესაც ინსტიტუციური წესრიგი არის დარღვეული და გადაწყვეტილების მიღების ცენტრი არის სხვაგან, სისტემა კარგავს ეფექტურობას, რადგან ადამიანებს აქვთ კომპლექსი და ვერ იღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებებს  და შესაბამისად ეს სისტემა არის პარალიზებული“, – აცხადებს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

 

კითხვაზე, გვყავს თუ არა პრემიერი, რომელიც რუსულად აზროვნებს, რადგან მას ინტერვიუს დროს სიტყვა ექიმი, რუსულად წამოცდა, ხუხაშვილი პასუხობს, რომ ამის დაბეჯითებით მტკიცება არასწორი იქნებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მან საკმაოდ დიდი დრო გაატარა რუსეთში, ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის შეცდომებზე თეორიების აგება არასწორია. გახარიას საკუთარი ცოდვები ეყოფა, რაზეც ადრე თუ გვიან ჩვენ პასუხს მოვთხოვთ. იმიტომ რომ ის პასუხისმგებლობა, რაც მას საქართველოს უახლოეს ისტორიაში განვითარებულ მოვლენებზე ჰქონდა აღებული, არსად არ წასულა, ის უბრალოდ დაპაუზებულია. იმის გამო, რომ მას რაღაც სიტყვა წამოცდა, შეთქმულების თეორიას ამაზე არ ავაგებ და თუნდაც ის რუსულად აზროვნებდეს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. თუ ჩვენ რუსულზე ვსაუბრობთ, როგორც ენობრივ კონსტრუქციაზე, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ის, რომ ჩვენ დასკვნა გავაკეთოთ, რომ რადგან მას რუსული სიტყვები მოსდის თავში, ის რუსული კულტურის ნაწილია, ან რუსული პოლიტიკის გამტარებელია, ჩემი აზრით, ეს მაინცდამაინც სამართლიანი არ იქნებოდა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანად მუშობდა, “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ „ოცნება“ დღეს ყველაზე ძლიერია, როგორც ძალაუფალი და პრემიერის ინტერვიუმ ამაში კიდევ უფრო დაარწმუნა.

გახარია, ყოველთვის თავდაჯერებული ლიდერი იყო. მაშინაც კი, როდესაც ბოდიში მოიხადა. ყოველთვის ცდილობს, რკინის ლიდერის იმიჯი შეიქმნას. მას ყოველთვის ეფექტური საუბარი აქვს, თუმცა ამ საუბრის შემდეგ რა შედეგს ვიღებთ, ეს სხვა თემაა. ზოგადად მას ლაპარაკი გამოსდის, ასეთი იყო ეს ინტერვიუც და მომეჩვენა, რომ პრემიერზე მეტად  ტენდენციური თეორეტიკოსი გვესაუბრებოდა. ძნელი იყო რაიმე დასკვნა გამოგვეტანა რიგ ნაწილზე, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში, როდესაც ისაუბრა, რომ სასამართლოში პრობლემები არ არის და ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები. ზოგიერთ შეკითხვას თავი აარიდა და თქვა, რომ ეს გუშინდელი დღე იყო, ხვალინდელი დღისკენ უნდა გაიხედოს და ამ დროს მთელი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცდომებზე დღემდე ლაპარაკობს. ამ კუთხით ორმაგი სტანდარტები დავინახე მის ინტერვიუში“, – აცხადებს გამზარდია ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე, დატოვა თუ არა კორონავირუსის გამოშექმნილმა პრობლემებმა გახარია 2020 წლის არჩევნებამდე  პრემიერად, ექსპერტი პასუხობს, რომ მისი შეცვლის ალბათობა მსოფლიოში გაჩენილ პრობლემამდეც არარეალურად ეჩვენებოდა.

„როდესაც გახარიას შეცვლაზე დაიწყო საუბარი, მე კონტექსტს ვერ ვხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ მასზე  დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა.  საქმე ისაა, რომ გახარიამ რაღაც პროცესები ჩაიგდო ხელში ისევე როგორც ხელისუფლებამ. მაგრამ მეორეს მხრივ მიმდინარე გამოწვევების ფონზე, ბევრი საკუთარ პრობლემებში ჩაიკეტა. ყველა სახელმწიფოს თავისი პრობლემა აქვს და ეს სრულიად გასაგებია. ამ წუთას პრემიერის შეცვლის არანაირი წინაპირობა არ ჩანს.

 

მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ გახარია თუ წავა და ძლიერი პრემიერი მოვა, მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის, ეს არ იქნება სასურველი. პრინციპი ის არის, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ყველაზე დიდი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს.

ფაქტია, რომ ამ წუთისთვის ხელისუფლება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე წინა პერიოდში. იყო პერიოდი, როდესაც მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრა. ახლა თავდაჯერებულობა მოემატა  და შეიძლება ითქვას,  ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ყველაზე ძლიერია როგორც ძალაუფალი“, – აცხადებს გამზარდია.

შეგახსენებთ, 17 მარტს პრემიერ-მინისტრმა „ღამის კურიერს“ პირველი ინტერვიუ მისცა.

კატეგორიები: ანალიტიკა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05