სახლების გაქირავების პოპულარულმა საიტმა Airbnb-მ გადაწყვიტა, რომ ხელოვნების ყველაზე დიდი მუზეუმი ერთი ღამით სასტუმროდ გადააქციოს. ლუვრი იღბლიანი ვიზიტორისთვის იმ დროს გაიღება, როცა საზოგადოებისთვის დაკეტილია.

რჩეული ტურისტი შეძლებს, რომ „მონა ლიზას“ ფონზე წაიხემსოს, სადილი კი 22 საუკუნის წინ შექმნილი ლეგენდარული ქანდაკების „ვენერა მილოსელის“ გარემოცვაში მიირთვას. ამას მოყვება კონცერტი, რომელიც ექსკლუზიურად ერთი ადამიანისთვის, ნაპოლეონის ზღაპრულ აპარტამენტში გაიმართება.

ყველაფერს ჯადოსნური ღამე დაასრულებს. ვიზიტორისთვის საწოლს ლუვრის პირამიდაში გაშლიან, საიდანაც ის პარიზის ცით ტკბობას შეძლებს. მეორე დილით სტუმარს ყველაზე „პარიზულ“ საუზმეს მიართმევენ და სახლში მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვებენ.

უნიკალური შანსის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამისთვის მხოლოდ ერთი რამ – Airbnb-ზე გამოქვეყნებული ფორმის შევსება და იმის მოკლედ ახსნაა საჭირო, თუ რატომ უნდა გიმასპინძლოთ მონა ლიზამ მაინცდამაინც თქვენ.

გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის შევსების ბოლო ვადა 12 აპრილია.

მსგავსი თემები