30 მარტიდან კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოემსახურება ყველა მოქალაქეს, ვინც თვითიზოლაციის პერიოდში შესაბამის დახმარებას საჭიროებს. ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბარში თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ აღნიშნა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიცვალა ყოველდღიურობა და სახლში დარჩენა უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა.
„დღეს არ არის ადვილი ვითარება. ჩვენ გვჭირდება სერიოზული თანამშრომლობა და მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხტვა, რაც ადვილი არ არის. სიტუაციაში, როდესაც არ ვიცით, რა გველოდება და როგორ უნდა მოვიქცეთ, ადამიანებს გვეწყება შფოთვა და ეს სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
როგორც ფსიქოლოგმა განმარტა, ეს არის პროცესუალური მდგომარეობა და იმ ფონზე, როდესაც ყოველდღე იცვლება სიტუაცია, ადამიანის ფსიქიკა ვერ უმკლავდება ამგვარ სწრაფ ცვლილებებს.
თამარ გაგოშიძის თქმით სწორედ ამ მიზნით კრიზისული ინტერვენციის სამსახური ყველა მოქალაქეს, ვინც თვლის, რომ შესაბამისი დახმარება სჭირდება დისტანციურ კონსულტაციას სთავაზობს.
„ჩვენ ვაწყობთ კრიზისული ინტერვენციის სამსახურს მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც კარანტინში იმყოფება. ეს იქნება ერთჯერადი მხარდაჭერა და რჩევა, როგორ შეიძლება ადამიანი მოერგოს არსებულ სტუაციას“,-განაცხადა თამარ გაგოშიძემ.
30 მარტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ყველა მოქალაქეს მოემსახურება. ონლაინ კონსულტაციები სკაიპის საშუალებით გაიმართება.