გამოწვევები, სირთულეები და რეგრესული პერიოდი ყველას ცხოვრებაში გარდაუვალია. მასთან გამკლავება თითოეულ ინდივიდს მოუწევს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ დაძლიონ სირთულეები და კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეინარჩუნონ სიმშვიდე.

გამოცემა „ფსიქლოგია დღეს“ ძალიან საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც სამ საკვანძო რჩევას სთავაზობს მშობლებს:

მიაჩვიეთ ბავშვები, შეხედონ მოვლენებს რეალისტურად

აღმოჩნდა, რომ ბავშვის მიერ მოვლენების აღქმისა და განსჯის უნარი მის ქცევასთან პირდაპირ კავშირშია, ამიტომ ნეგატიურ ფიქრებთან გამკლავება აუცილებელია. მშობლები ხშირად ცდილობენ ისეთი ფრაზებით დაამშვიდონ შვილები, როგორებიცაა: „არაფერია სანერვიულო“, „ნუ მიაქცევ ყურადღებას“, „ყველაფერი მოგვარდება“ და სხვა. სინამდვილეში კი ბავშვები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ყველაფერი თავისით გვარდება“, არასდროს იქნებიან მზად იმ გამოწვევებისთვის, რაც მათ ზრდასრულობის ასაკში ელით.  მდგომარეობიდან გამოსავლის სახით ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ პატარები საკუთარ თავთან საუბარს მივაჩვიოთ.

ასწავლეთ ბავშვებს საკუთარი ემოციების მართვა

აშშ-ში სტუდენტებთან ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, 60%-ზე მეტი ახალგაზრდა რეალური ცხოვრებისთვის ემოციური მზაობის ნაკლებობას განიცდის. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ შვილების გრძნობების უგულებელყოფა მათთან დიალოგით და ამ გრძნობებზე საუბრით ჩავანაცვლოთ. ავუხსნათ ბავშვს, რა იწვევს ამა თუ იმ გრძნობას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. როცა ბავშვი გრძნობებზე ღიად საუბარს იწყებს, იგი ბევრად მშვიდი და თავდაჯერებული ხდება

ასწავლეთ ბავშვებს, თავად მიიღონ  პოზიტიური გადაწყვეტილებები

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ პასუხისმგებლობის აღებას ბავშვები პატარა ასაკიდანვე შევაჩვიოთ.  მათ საშუალება უნდა მივცეთ, იმოქმედონ საკუთარი ღირებულებების შესაბამისად, დაუშვან შეცდომები და იპოვონ გამოსავალი თავად. ასეთი მიდგომით აღზრდილი ბავშვები, ცხოვრების ყველა ეტაპზე გაცილებით კონკურენტუნარიანები იქნებიან.

მსგავსი თემები