LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოში სასტუმროების ნაწილი ფასების შემცირებას გეგმავს

263
Colorful-Hotel-Room

საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს მომსახურების სექტორი შეადგენს. შესაბამისად, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ COVID-19 არსებით კვალს დატოვებს ქვეყნის მშპ-ზე. Oxford Economics თანახმად, მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი 2020 წელს 4.25% იქნება; 2019 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 5.1% იყო. აღნიშნული ვარაუდი თითქმის ყოველკვირა იცვლება ახალი გარემოებებისადა განახლებული მონაცემების მიხედვით“, – ამ ტექსტით იწყება კვლევა, რომელსაც ორგანიზაცია Cushma & Wakefield Georgias აქვეყნებს. აღნიშნული კვლევა სასტუმროების ბიზნესს შეეხება და საქართველოში, ამ სექტორში არსებულ ვითარებას ასახავს.

„COVID-19-მა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა სასტუმროების სექტორს. STR-ის მონაცემებით, EMEA-ს რეგიონში, ამ დროისთვის 41,000-ზე მეტმა სასტუმრომ შეწყვიტა მუშაობა. აქედან, 40,000-მდე სასტუმრო დაიკეტა ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართელოში. სასტუმროს დატვირთვის მაჩვენებელმა თებერვლიდან იწყო კლება. STR-ის მიხედვით, 2020 წლის მარტის ბოლოს აზიაში, წყნარ ოკეანეთსა და ევროპის სასტუმროებში გაყიდული ოთახების რაოდენობა, 2019 წელს იმავე პერიოდში გაყიდული ოთახების რაოდენობის, 32.4%, 37.7% და 22%-ს შეადგენდა. საქართველოში, მარტის ბოლოს, სასტუმროების დატვირთვის ყოველკვირეული მაჩვენებელი, 2019 წლის იმავე დროის მონაკვეთთან შედარებით, 86%-ით შემცირდა. ერთი ოთახიდან მიღებულმა შემოსავალმა (RevPAR), ანალოგიურად, ევროპის სასტუმროებშიც დაიკლო. 16 მარტიდან მოყოლებული, ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურმა RevPAR-მა 87.68%-ით იკლო. თბილისის სასტუმროებში კი ერთი ოთახის შემოსავლის მაჩვენებელი 88%-ით შემცირდა. მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიასთან გამკლავების პროცესშია. შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში სასტუმროების სექტორის მომავალი ბუნდოვანია. თუმცა ჩინეთის მაგალითი გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ საერთო სურათი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ვირუსის დამარცხების შემდგომ პერიოდში. ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთდ ჩინეთის სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა იმატა. სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი ადგილობრივი მოთხოვნის საფუძველზე გაიზარდა, რაც სრულებით მოსალოდნელი იყო. სანამ მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილია, ადგილობრივი მოთხოვნის ხარჯზე უნდა ველოდოთ სასტუმრო სექტორის ნაწილობრივ ამოქმედებას.

პანდემიის პირობებში, გამოკითხული სასტუმროების 75% დახურულია. დანარჩენები კი ფუნქციონირებას განაგრძობენ ორი მიზეზით: 1) გაუქმებული ფრენების გამო თბილისში დარჩენილი ტურისტების განთავსების უზრუნველყოფა ან 2) სასტუმროს პერსონალის იმ ნაწილის განთავსება, რომლებიც თბილისში საცხოვრებელს ქირაობდნენ. მოგეხსენებათ, ბრენდული სასტუმრო ქსელები საქართველოში არაერთი ობიექტით არიან წარმოდგენილნი. შექმნილი ვითარების გამო, სასტუმრო ქსელებმა საქართველოში დარჩენილ ტურისტებს თითო ობიექტი დაუთმეს, ერთიც, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, საკარანტინე ზონად გამოყვეს. დანარჩენი ობიექტები დახურულია. სასტუმროების წარმომადგენელთა განცხადებით, ჯავშნების ანულირება თებერვლის პირველივე რიცხვებიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ჩინელი ტურისტების ჯავშნები გაუქმდა. რეზერვაციების ძირითადი ნაწილი კი უკვე თებერვლის ბოლოს გაუქმდა, მაშინ როცა საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბრენდულ სასტუმროებში მაისის მეორე ნახევარში ჯავშნები ჯერ კიდევ ფიქსირდება, თუმცა სასტუმროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს რეზერვაციებიც გაუქმდება. არაბრენდული სასტუმროების 40%-ში დაჯავშნილი ნომერი არ ფიქსირდება.

ჩვენს კვლევაში მონაწილე არაბრენდული სასტუმროებიდან, არცერთი მოწყობილა საკარანტინე ზონად. მათ ნაწილს ცენტრალური კონდენცირების სისტემა აქვს, შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს საკარანტინო სივრცის მოთხოვნებს. ზოგიერთი ბრენდული სასტუმროც სწორედ ამ მიზეზით ვერ მოეწყო საკარანტინე სივრცედ და დაიხურა. სამმა ბრენდულმა სასტუმრომ დაიწყო საკარანტინე ზონად ფუნქციონირება. გამოკითხვის პერიოდში, ერთ-ერთი მათგანი უკვე მასპინძლობდა კარანტინში მყოფ პირებს, დანარჩენი ორი კი მთავრობისგან ინსტრუქციის მოლოდინშიიყო. კვლევამ ძალიან საინტერესო სურათი გვიჩვენა სასტუმროების სამომავლო საფასე სტრატეგიასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ფრენები აღდგება და სასტუმროები ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან, გამოკითხული სასტუმროების 37.5%-ის მმართველი გუნდი ფასების შემცირებას გეგმავს; 6.35%-ს ჯერ არ აქვს შემუშავებული ფასების განსაზღვრის სამომავლო სტრატეგია. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი კი აღნიშნავს, რომ ფასების შემცირებას არ გეგმავენ. სასტუმროს მეპატრონეთა აზრით, ამ ეტაპზე სასტუმრო სექტორში ნდობის კრიზისია, რაც უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვიდრე საფასე პოლიტიკა. შესაბამისად, ფასების შემცირებით მოთხოვნა არ გაიზრდება. მათი თქმით, ზარალის სწრაფი ანაზღაურებისთვის საჭიროა შენარჩუნდეს აქამდე არსებული ფასები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ სასტუმროების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდება, ეს აისახება უკლებლივ ყველა სასტუმროს საშუალო დღიურ მაჩვენებელზე (ADR).

სასტუმროების პოლიტიკა პერსონალთან მიმართებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია. 33.33%-მა მომსახურე პერსონალი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, 20%-მა კი ცვალებადი სამუშაო გრაფიკი და საათობრივი ანაზღაურების მოდელი დააწესა. შექმნილ ვითარებაში, მხოლოდ რამდენიმე არაბრენდულმა სასტუმრომ შეძლო მინიმალური ხელფასის გაცემა, გამოკითხულთა 20%-ს კი თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვება მოუწიათ. მაღალბიუჯეტიანი, ბრენდული სასტუმროები ჯერჯერობით თანამშრომლებს ხელფასს სრულად უნაზღაურებენ, თუმცა თუ კრიზისი დიდხანს გასტანს, სახელფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ. ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება აპრილის თვის ხელფასიც ვერ გაისტუმროს, თუ კი რაიმე სახის დახმარებას არ მიიღებს.

სასტუმროების უმრავლესობა კრიზისთან გასამკლავებლად მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს. ბრენდული სასტუმროების ნაწილი სათაო ოფისებიდან სამოქმედო ინსტრუქციებს მოლოდინშია. არაბრენდული სასტუმროების 40% მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის წინა ეტაპზეა. დანარჩენებს ჯერ ამაზე ფიქრი არ დაუწყიათ.

როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები ყურადღებას ამახვილებენ გადასახადებისგან გათავისუფლების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე კრიზისულ და კრიზისის შემდგომ პერიოდებში. დამატებითი ღირებულების, საკუთრების და საშემოსავლო გადასახადის შემცირება მათ დაეხმარება თანამშრომელთა სამუშაო ადგილის შენარჩუნებასა და ხელფასების გაცემაში.

თბილისის სასტუმროებისთვის მარტის თვე საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ბევრმა შეძლო თანამშრომელთა შენარჩუნება და ხელფასების გაცემა. სათუოა, რამდენად გაართმევენ თავს იმავე ამოცანას აპრილის თვეში, თუ არ განხორციელდა მათთვის სასარგებლო შეღავათები. არსებული კრიზისი გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა არაბრენდული სასტუმროებისთვის. თუმცა სუბსიდირება და გადასახადების შემცირება ორივე ტიპის სასტუმროსთვის არსებითი მნიშვნელობისაა. სასტუმრო სექტორისთვის პირველი შვება საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იქნება, სასტუმროებს ადგილობრივი მოთხოვნა აამოქმედებს. პირველ ეტაპზე შემოსავლის მომტანი იქნება სასტუმროს საკვები ობიექტები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანი შემოსავლების 30-35%-ს წარმოადგენენ. ასევე, სპა დეპარტამენტი და MICE ტურიზმი. მოკლევადიან პერიოდში, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს სასტუმრო მომსახურებაზე. შესაბამისად, მარკეტინგული კამპანიაც ამ მიმართულებითუნდა შემუშავდეს. სასტუმროების მენეჯერების გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობა და მარკეტინგული სტრატეგიის ერთობლივი შემუშავება, რათა პოსტ-პანდემიის პირობებში, ქვეყნის მიმართ ტურისტების ნდობა აღდგეს.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო სექტორზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს ნდობის დაბალი მაჩვენებელი და არა მაღალი საფასე პოლიტიკა, ჩვენი ვარაუდით, სასტუმროების საშუალო დღიური მაჩვენებლის კლება მაინც გარდაუვალია. მსგავსი სცენარი განვითარდა 2019 წელს, როცა რუსეთიდან შეწყდა ფრენები. მაშინ, დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების ნაწილმა, რომლებიც ძირითადად რუს ტურისტებზე მუშაობდნენ, მომსახურება გააიაფეს. ბაზარზე გაჩნდა არაჯანსაღი კონკურენცია და მაღალბიუჯეტიანი სასტუმროები იძულებულნი გახდნენ, საფასე პოლიტიკა შეეცვალათ. ჩვენი პროგნოზით, მსგავსი სცენარი განვითარდება 2020 წლის მეორე ნახევარში. სწორედ ამიტომ, სექტორის კოორდინირებული მოქმედება გადამწყვეტი იქნება შემოსავლების სწრაფი აღდგენისთვის. გლობალური მასშტაბით საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ, მსოფლიო ეტაპობრივად დაიწყებს ამოქმედებას. მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ეკონომიკური წახალისებისკენ. ექსპერტები და ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ დადებითი დინამიკა ზაფხულის პერიოდიდან უნდა გამოჩნდეს, ვინაიდან ვირუსის შესაჩერებელი სამოქმედო სტრატეგია საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. თუმცა, ცხადია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები პირობითია და პანდემიის პირობებში მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული“, – ნათქვამია კვლევაში, რომელსაც Cushma & Wakefield Georgias აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები