LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვაგონი-ჰოსპიტალი: როგორ იყენებენ მატარებლებს საავადმყოფოებად

125
Capture

პანდემიის ფონზე, ზოგიერთ ქვეყანაში მატარებლის ვაგონების უჩვეულო გზით გამოყენება დაიწყეს. მაგალითად, საფრანგეთში, მაღალსიჩქარიან მატარებლებს პაციენტების ტრანსპორტირების ფუნქცია დაეკისრა, ინდოეთში კი ვაგონებში საავადმყოფოები მოაწყვეს.

საფრანგეთი

საფრანგეთის რეგიონებში კორონავირუსი არაერთგვაროვნად გავრცელდა. ზოგიერთ რეგიონში ათასობით ადამიანი დაინფიცირდა და საავადმყოფოების პალატებიც გადაიტვირთა, ზოგ რეგიონში კი ვირუსის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა და შესაბამისად პალატებიც ცარიელი იყო. ამ მიზეზით, გადატვირთული საავადმყოფოებიდან ცარიელში პაციენტების დაუყოვნებლივ გადაყვანა გახდა საჭირო. ამ საკითხის მოსაგვარებლად სამხედრო ავიაცია და მატარებლები გამოიყენეს.

ხელისუფლებამ ერთ-ერთ სარკინიგზო კომპანიას დაავალა ორი დღის განმავლობაში მატარებლები პაციენტების ევაკუაციისთვის მოემზდებინა. კომპანიის გადაწყვეტილებით, მაღალსიჩქარიანი მატარებლების დასაჯდომ ვაგონებში, საკაცეები პირდაპირ სავარძლების თავზე დამონტაჟდა.

მატარებლის თითოეულ ვაგონში მხოლოდ 4 ადამიანი განთავსდა. ამავდროულად, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები დამონტაჟდა. ინფიცირებულებს ერთ ვაგონში 20-მდე ექიმი ადევნებდა თვალყურს.

საფრანგეთის სამედიცინო ხელისფლების განმარტებით, მატარებლით, თვითმფრინავთან შედარებით მეტი ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი, თანაც ის უფრო კომფორტულია.

ინდოეთი

ინდოეთში, საფრანგეთისგან განსხვავებით, მატარებლები უფრო რუსული მოდელების მსგავსია. ვაგონებში აქ ძირითადად დასაწვენი სავარძლებია, ამიტომ მათი “სამედიცინო განყოფილებად” გადაკეთება გაცილებით მარტივი იყო.

გადაწყვიტეს 5000 ვაგონის საკარანტინო სივრცედ გადაკეთება, რაც დაახლოებით 40 ათას საწოლს გულისხმობდა.

თითოეულ ვაგონში სამედიცინო აღჭურვილობა მოაწყვეს, პაციენტების მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ყველა პირობა შეიქმნა.

ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 130 სხვადასხვა ქალაქში მზადდება საავადმყოფო ვაგონები. თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ამ ტიპის მატარებლებს რეგულარული წყლის მიწოდება და ელექტროენერგია სჭირდებათ. გარდა ამისა, ინდოეთის ვაგონები ძირითადად  გრავიტაციის საპირფარეშოებით არის მოწყობილი (ანუ ყველაფერი ეშვება რელსებზე), ასევე არ არის დამონტაჟებული კონდიციონერები. ინდოეთში ზაფხული უკვე დაიწყო, აქ ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ეს პრობლემები კი პაციენტებისთვის სერიოზული დისკომფორტია.