საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, რომელშიც დაკვამლიანება იყო, ხუთი პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებულ დამხმარე ნაგებობას ეკიდა, რამაც კორპუსის ქვედა სართულების ძლიერ დაკვამლიანება გამოიწვია.

მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის ქრობის პარალელურად, დაუყოვნებლივ განახორციელეს დაკვამლიანებული ტერიტორიის – მათ შორის, საცხოვრებელი ბინების დათვალიერება. ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, რომლებსაც შესაბამისი პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარის შედეგად, დაიწვა დამხმარე-ნაგებობის 10 კვ/მ-მდე ფართობი, ასევე, კორპუსის ნულ სართულზე განთავსებული სავაჭრო დაწესებულების ჭერი და პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ფანჯარა“, – ვკითხულობთ საგანგებო სიტუაციის მართვის მიერ განხორციელებულ ინფორმაციაში.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები