LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 7 ენითაღუწერელი სილამაზის სოფელი თუშეთში, რომელიც უცხოელ ვიზიტორებსაც ატყვევებს

2398
205855838-1139599016547750-435066977695751914-n

ფაქტობრივად, ხელუხლებელი ტყეები: ფიჭვნარები და არყნარები, ალპური მდელოები, დეკიანები, საჯიხვეები, უნიკალური ფლორა-ფაუნა, მყინვარები, დიდებული მწვერვალები, – ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ენითაღუწერელი სილამაზის, რასაც თუშეთი იქ ჩასულ სტუმარს ახვედრებს.

აღსანიშნავია, რომ თუშეთის ფლორის 1000-მდე სახეობიდან 11 საქართველოს, 230 კი – კავკასიის ენდემია, რაც შეეხება ფაუნას, გავრცელებულია ძუძუმწოვართა 60, ფრინველთა 120-მდე, რეპტილიების 3, ამფიბიებისა და თევზების თითო-თითო სახეობა, მათ შორის ენდემურია კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ასევე გვხვდება ნიამორი, ირემი, შველი, არჩვი, დათვი, მგელი, ფოცხვერი.

თუმცა, თუშეთი მხოლოდ ფლორა და ფაუნა არ არის… ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი რიგითი ტურისტული მიმართულებაც…

„მაინცდამაინც სიკვდილს ნუ დაელოდებით, თუ სამოთხის ნახვა გინდათ, ამოდით თუშეთში“, – ეს სიტყვები ერთ-ერთ თუშს, სოსო ბაბუნაიძეს ეკუთვნის და მას, ალბათ, იმ ტურიტების უდიდესი ნაწილიც დაეთანხმება, ვინც თუშეთში ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა.

თუშეთი საქართველოს ის იშვიათი კუთხეა, რომელიც მთლიანად კავკასიონს გადაღმა, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. კავკასიის მთავარი ქედი და მისი განშტოებები გამოყოფს თუშეთს კახეთის, ფშავის, ხევსურეთის, ასევე ჩეჩნეთისა და დაღესტნისგან. თუშური, პატარა სოფლები კი ამ რეგიონის მთავარი მარგალიტებია.

თუშეთში ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა, ამიტომ, „ფორტუნა“ იმ რამდენიმე უნიკალური სოფლის ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელსაც თუშური ტურის ფარგლებში, ამ ზაფხულს შეგიძლიათ ეწვიოთ…

დართლო

დართლო პირიქითა ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მდებარეობს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

დართლოში ჯერ კიდევ შემორჩენილია თუშური ტრადიციული არქიტექტურა მისი ციხე-სახლებისა და კოშკების ნაშთების სახით. ორი პირამიდულსახურავიანი მთავარი ციხე-კოშკის ნახვა შესაძლებელია სოფლის შუაგულში. დიდხევის გაღმა შუა საუკუნეების ე.წ. სინკრეტული ტიპის წარმართულ-ქრისტიანული არქიტექტურული სტილის ორი აკლდამისებური ნაგებობის ნაშთებია. აღსანიშნავია სიპი ქვის საფეხუროვანი სახურავი და ამ ორი ნაგებობის აღმოსავლეთ კედელში განთავსებული ქრისტიანული სატრაპეზო და სარკმლები. აკლდამების ქვევით და სოფლის შესასვლელში სასაფლაოა, საფლავები დაფარულია სიპი ქვებით. დართლოს შესასვლელში მე-19 საუკუნეში აგებული ეკლესიასაც ნახავთ, რომელიც რუსებს აუგიათ პირდაპირ სალოცავზე. ადგილობრივებს ეკლესია დაუნგრევიათ. იქ შესვლა ქალებისთვის დღემდე აკრძალულია. იქვეა, დართლოს საბჭეო – ანუ ტრადიციული სასამართლოც.

დოჭუ

მდებარეობს ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. დოჭუს უნიკალური ციხე კოშკები და ნასახლარები, რომლებიც თუშეთის ალაზანისა და პირიქითა ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

შენაქო

მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფელში ზაფხულობით რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია. სოფლის ცენტრში, სალოცავთან ახლოს, მეცხრამეტე საუკუნის ეკლესია დგას. ეკლესიის წინ კი მემორიალი, შემდეგი წარწერით: ”სამშობლოსათვის თავდადებულ დიკლოელებსა და შენაქოელებს 1837-1967, ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია” – ეს წარწერა მოწმობს, რომ შეუძლებელია თუშეთი ბოლომდე მიატოვოს თუშმა.

დიკლო

დიკლო ომალოსთან ახლოს მდებარე სოფელია ხშირი კლოდოვანი ფიჭვნარით, სადაც ბინადრობენ დედამიწის უიშვიათესი ცხოველები: ჯიხვი და ნიამორი. დიკლოსთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებიცაა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები. სოფელ დიკლოს შუაგულში სალოცავი დგას, სადაც როგორც წესი, ქალის შესვლა არ შეიძლება. ამასთან, დიკლოსთან ახლოს მდებარეობს დიკლოს ციხე-სიმაგრე. აქვე ახლოსაა სასაზღვრო გამშვები პუნქტიც…მესაზღვრეთა თქმით, სწორედ აქედან იწყება რუსეთთან ნეიტრალური ტერიტორია.

კვავლო

სოფელ ომალოდან 7-8 კილომეტრში მდებარეობს, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში. ეს ტურისტების ერთ-ერთ საყვარელი ადგილია. საცალფეხო ბილიკით, მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი. სოფელს 2018 წელს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. აქ ნახავთ კვავლოს კოშკს და კვავლოს ციხე-სახლს, რომლებიც განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ფარსმა

მას 2018 წლის 15 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2018 წლის 10 ივლისიდან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში არც ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობს.

XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელი იყო. ისტორიულად, ფარსმაში შემდეგი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქააძეები, თორღვაიძეები და სულაკაურები. ფარსმის წვერიანი ციხე ქისტი მამა-შვილის აგებულია. როგორც ცნობილია, თუშები მშვიდობიანობის დროს, ქისტებს მშენებლობაში იხმარებდნენ.

და ბოლოს, ადმინისტრაციური ცენტრი ომალო

დღესდღეობით, არსებობს ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალო, ანუ კესელოს ციხე აშენებულია XVIII საუკუნეში. ადრე, ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფილა შეჯგუფული, შემდეგ კი სოფელი თანდათანობით დაბლა, დღევანდელ ომალოს (ახალ) ვაკეზე ჩასულა. ხალხის გადმოცემის მიხედვით, შამილისა და ლეკიანობის დროს, სოფელი ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა. ომალო დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს და უგზოობის გამო, ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

სოფელი ომალო (ძველი ომალო) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოებრის N665 ბრძანებულებით შევიდა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში. სოფელში, კესელოს ციხეში, მუშაობს ომალოს ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ცნობისთვის, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს, სადაც სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ყველა არსებული მომსახურების შესახებ. თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს, თითქმის სრულად დაათვალიეროს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით.

ეროვნულ პარკში მოგზაურობა შესაძლებელია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

თუშეთში, დიდთოვლობის გამო, ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, მაისის ბოლოდან – ოქტომბრის ჩათვლით.