კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში ბორჯომის ტყის აღდგენისთვის 47,270  -მდე ხე დაირგო. პროექტი „ბიას“ ორგანიზებით, 150-მდე კომპანიისა და 5 000-მდე ფიზიკური პირის ჩართულობით განხორციელდა.

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. საღამოს იმ კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში ჩაერთნენ.

მათ შორისაა რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, რომელსაც კამპანიის მხარდაჭერისთვის და ბორჯომის ტყი8ს აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის სერთიფიკატი გადაეცა.

„ფორტუნას“ მთავარმა რედაქტორმა ვახტანგ დარასელიამ საზოგადოებას მსგავს პროექტებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყოველთვის სიამაყით ვერთვებით ასეთ წამოწყებებში. ეს არის საქმე, რომელიც არა მადლობისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვის კეთდება“, – განაცახდა ვახტანგ დარასელიამ.

ღონისძიებაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სიამოვნებით შეუერთდა ამ კამპანიას და ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ბორჯომის ტყის აღდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა იქნება.

,,2008 წლის აგვისტოში რუსმა ოკუპანტებმა სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ნაწილის მიტაცებასთან ერთად  გაანადგურეს ბუნებაც.  ბორჯომის ტერიტორიაზე განადგურდა ტყე და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჩვენს ეკოსისტემას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტყის აღდგენას. მასში ჩართულია უამრავი კერძო კომპანია და ფიზიკური პირი.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბორჯომის ტყის აღდგენა იქნება წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ჩვენ ისევე წარმატებით აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ჩვენ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე აღვადგენთ ბორჯომის განადგურებულ ტყეს”, -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. განადგურებული ტყე კლასიფიკაციის მიხედვით განეკუთვნებოდა უნიკალურ, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ტყეს, რომლის არსებობა განაპირობებს რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას.

წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება, დამძიმებულია ეროზიული ფონი. ტერიტორიაზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, მდგომარეობა შეფასდა როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. კვლევების მიხედვით, ტყის აღდგენის პროცესში ჩარევის გარეშე, ის ვეღარასდროს დაუბრუნდება პირვანდელ სახეს.

ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხის დარგვა ნებისმიერ მსურველს კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის საშუალებით შეუძლია. ვებგვერდზე – www.agadgine.ge  მომხმარებელი თავად ირჩევს რამდენი ხის დარგვა სურს. ხის დარგვა შესაძლებელია როგორც კომპანიის, ისე ფიზიკური პირის სახელით. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს პროცესს და ყოველდღიურად ვებგვერდზე გადაამოწმოს, რამდენი ხე დაირგო და რამდენი დარჩა ტყის სრულად აღსადგენად.

კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში, ტყის სრულად აღსადგენად 750,000 ხის დარგვა იგეგმება.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05