ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ,,ფეისბუქი” თავის იუზერებს კორონავირუსის შესახებ პოსტებს უბლოკავს. ,,ფეისბუქი” ბლოკავს სრულიად ლეგიტიმური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციასაც, მათ შორის ისეთი საინფორმაციო საშუალებებიდან მიღებულ ლინკებს, როგორებიცაა ,,ბიზნეს ინსაიდერი“, ,,ბაზფიდი” და ,,თაიმსი”.

მომხმარებლის სიახლეების ველში ჩნდება შეტყობინება, რომელიც მას ამცნობს იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პოსტი “ფეისბუქის” სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ამიტომაც დაბლოკილია.
სინამდვილეში საქმე გვაქვს პროგრამულ ხარვეზთან, რომელიც ქსელის სპამ-ფილტრებშია გაპარული. აღნიშნული ინფორმაცია “ფეისბუქის” წარმომადგენელმა გაი როუზენმა საკუთარ ტვიტში დაადასტურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს და ძალიან მალე “ფეისბუქზე” ყველა ის პოსტი დაბრუნდება, რომელიც შეცდომით იქნა დაბლოკილი. როუზენმა მომხმარებლებს ხარვეზის გამო მოუბოდიშა.

პრობლემის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ საღამოს “ფეისბუკის” არაერთმა მომხმარებელმა “ტვიტერზე” ერთმანეთის მსგავსი პოსტი გამოაქვეყნა. ყველა მათგანი ამბობდა, რომ გაურკვეველი მიზეზის გამო, “ფეისბუქმა” მათი პოსტები დაბლოკა.

სოციალური ქსელის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექს სტეიმოსის განცხადებით შესაძლოა ხარვეზის მიზეზი ის იყოს, რომ “ფეისბუქმა”, ისევე როგორც უამრავმა სხვა კომპანიამ თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. თუმცა “ფეისბუქი” აღნიშნულს არ ადასტურებს.

კატეგორიები: სხვა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05