LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის გზაზე ტრიო აღარ არსებობს… ხელისუფლება უნდა გავუშვათ – ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციაზე

651
ოპოზიცია

ევროკომისიის რეკომენდაციას ქართული ოპოზიცია ეხმაურება. მათი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ხელისუფლების გაშვებაა.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა საკითხი ასე დგას, „ივანიშვილი ან ევროპა“.

„უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ მათ. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა მხოლოდ. იქნება დიდი ჩამონათვალი, ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში შესასრულებლად შეუძლებელი, რა უნდა გავაკეთოთ კანდიდატობისთვის. ეს დიდი გეოპოლიტიკური განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ახლა არჩევანი ჩვენზეა. ან ჩავრჩებით ივანიშვილის პროვინციულ ჭაობში ან გავანთავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქისგან და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მაშ ასე, ივანიშვილი ან ევროპა. საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება.

20 ივნისი, 20:00 საათი, რუსთაველის გამზირი.

მოთხოვნებში დეოლიგარქიზაცია პირდაპირ წერია სავალდებულო შესასრულებლად“, – წერს გიგი უგულავა.

„ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაცია მძიმე მოსასმენი იყო. მისივე თქმით, ყველაფერში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

„ევროკომისიის რეკომენდაცია და დასკვნა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. ეს მისი მთავრობაა, მისი უნიათო და მავნებლური მთავრობის პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო აღმოჩნდა აუთსაიდერებში.

ახლა კიდევ არის შანსი, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია იმ საჭირო დოკუმენტის დაბრუნება, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ჰქვია, კონსტიტუციური ცვლილებები. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ბუნებრივია,  საბოლოო დასკვნას დაველოდებით, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ასე ვთქვათ, ეს არის პირდაპირი საბაბი, რომ ჩვენ ხელისუფლება უნდა გავუშვათ. გავუშვათ მშვიდობიანად. საქართველოში აუცილებლად უნდა დაინიშნოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები.

ამისათვის საჭიროა, პირველი – ბიძინა ივანიშვილი გამობრძანდეს და ქართველ ხალხს უთხრას, რატომ მიიყვანა ჩვენი ქართველი ერის, ქართველი ხალხის ოცნება, მუშაობა, ამდენი ბრძოლა ამ შედეგამდე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, თუ არ იქნება მიღებული სრულიად პროპორციული არჩევნები კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, 24-ის შემდეგ, თუ ეს შედეგი დადგა, მთავრობა უნდა წავიდეს სახლში. ეს არის ჩვენი პოზიცია. ვისურვებ, ეს სცენარი არ განვითარდეს.

ამას სრული გულწრფელობით ვლაპარაკობ, რადგან საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, რადგან ჩვენ „ქართულ ოცნებას“ და მის მთავრობას ქვეყანას ასეთ მდგომარეობაში ვერ დავუთმობთ. ქართველი ხალხი ამ მთავრობას ვერ შეეგუება, რადგან ეს არის ისტორიული მარცხი, რომლის შედეგამდე მიგვიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობამ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჩვენ ვირჩევთ, ან ოლიგარქს ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ, ან რუსეთს ან ევროპას და ამერიკას. 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. 20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული გადარჩენის ახალი გეგმა უნდა ავამოქმედოთ, – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„საქართველო დიდი არჩევანის წინაშეა – ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც „ქართულ ოცნებას“ მივყავართ, ან ევროკავშირი და დასავლეთი.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის.

ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია და ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი, დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი.

როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. ამის შემდგომ, ყოველთვის უნდა ვიყოთ ბევრი, იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩამოწერილია ყველა საკითხი, 19 აპრილი, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ა.შ. რამე ახალი გაიგეთ? ეს რეკომენდაციები კი არ არის, ამიტომ ჯერი ქართველ ხალხზეა. ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება – ა, ბატონო, შენ ბოლო შანსი, კიაფობს კიდევ ეს შესაძლებლობა, ახლა ჯერი ჩვენზეა!

19 აპრილის შეთანხმება ჩვენ არ დაგვიტოვებია, თუ ვინმე უნდა დაბრუნდეს, „ქართული ოცნება“ უნდა დაბრუნდეს და მთავარი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, მოქმედებაშია. დამერწმუნეთ, რომ დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის „ქართული ოცნება“. ისინი ლამობდნენ, რომ ჩვენ ბოლომდე უარი მიგვეღო, ამას ვერ მიაღწიეს, ეს გზავნილი ევროპის მხრიდან ქართველი ხალხისთვის არის, გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა ჩვენ – პუტინი გვინდა, თუ დასავლეთი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელია ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები.

„სადღეგრძელოების რახა-რუხი არ გაუვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსების ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჰყოფნის აზრი აღარ იქნება, არც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, არც მედიის წარმომადგენლების. რა აზრი აქვს, შენ თუ გინდა შენი შვილები, შვილიშვილები და მომავალი თაობები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეს განცდა ექნება, რომ საკუთარი ბედის მჭედელი თავადაა და განსაზღვრავს საკუთარ მომავალს, მაშინ სჭირდება შესაბამისი მოქმედება და ეს მოქმედება იქნება.

ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული. მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ?

კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, როგორც ვიყავით, ასევე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები.

რატომ? რეფორმებს თუ ჩაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს თუ ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, მაშინ მე მართვის სადავეებს როგორ შევინარჩუნებ?!- ოლიგარქი ფიქრობს. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება ურყევია, ამოქმედდება! შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს დღევანდელი დღიდან მათ შორის 20 რიცხვშიც, სადაც 7 წლის შვილთან ერთად მოვდივარ.

დარწმუნებული ვარ, 20 ივნისი იქნება დღე, რომელიც საჭირო იმპულსებს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებას მომდევნო პერიოდში. პოლარიზაცია პრობლემა არაა, პრობლემაა აღრევა ხელისუფლების, ის ვერტიკალური მართვა ოლიგარქიული, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დანერგილი. ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს ალტერნატივის სახით, რომ მისი მართული გახდე,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, დღეს საქართველო დგას გასაყარზე.

„გინდა საბჭოთა კავშირი? გაწუხებს საბჭოთა კავშირის მტკივნეული ფანტომი დღეს? თუ გრძნობ ამ ყველაფერს გამოხვალ 20-შიც, მომდევნო დღეებშიც, სიმრავლით გავაპროტესტებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს. თუ არ გაწუხებს, ძალით ვერ გამოგიყვანთ ხომ?!“- აღნიშნა მელიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ევროპაში შესასვლელი კარი ბოლომდე დაეხურა და წლის ბოლომდე ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოსთვის ვითარება შეიცვალოს.

ელენე ხოშტარიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ცვლილება და ამისთვის საჭიროა სანქციები და მშვიდობიანი პროტესტი.

„ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ რაც კი პრობლემებია, – პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს და არჩევნების მიტაცება, – ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც ოლიგარქი, როგორც ამ ყველაფრის თავი, ამ ქვეყანას და ამ პოლიტიკურ სისტემას მოშორდება.

ახლა არჩევანი არის ჩვენზე. „ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ ბოლომდე ქართველი ხალხისთვის დაეკეტათ კარი, მათ ყველაფერი ქნეს ამისთვის, – შეურაცხყოფა, დაპირისპირება, ტყუილი, პროპაგანდა, ვითომ ვინმეს ომში ჩათრევა უნდა. მკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ამ ქვეყანაში და დავუბრუნდებით იმ თამაშის წესებს, რაც ევროპაშია, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს. ამიტომ, ახლა არის მოქმედების დრო: გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი, – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დოკუმენტი ევროკომისიის დასკვნის სახით ბრიუსელში დღეს გამოქვეყნდა და მასში გაწერილია ის პირობები, რომელიც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, სტატუსის მინიჭებამდე უნდა დააკმაყოფილოს.

იხილეთ ვრცლად:

დეოლიგარქიზაცია, კორუფცია, პოლარიზაცია -12 პირობა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა