საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზავნილია, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ხელისუფლებამ კი ამ პირობების შესაქმნელად კომპრომისები მოძებნოს.
სერგეენკო ამბობს, რომ გარკვეული შეთანხმებებისთვის ვითარება უკვე მომწიფდა და აქვს მოლოდინი – უახლოესი დღეების განმავლობაში მხარეებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ.
“ჩემი აზრით, უკვე მომწიფდა ვითარება და მაქვს მოლოდონი, რომ ფაქტობრივად, უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული. კომპრომისი იმის კომპრომისია, რომ ორივე მხარემ უნდა იფიქროს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ევროკავშირის ცალსახა პოზიცია გამოიხატა ორ ძირითად გზავნილში: პირველი – ოპოზიციისადმი, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და აქ გააგრძელონ ოპონირება და ხელისუფლებისადმი გზავნილია, რომ კომპრომისები მოძებნონ ამ პირობების შესაქმნელად. მე მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება.” – თქვა სერგეენკომ.
ის ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას გუნდის წევრების მიერ, უმრავლესობის დატოვების ფაქტს და თქვა, რომ მათ ბოლო დღეების განმავლობაში, “ოცნების” კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ, რაც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ გამოადგებათ.
