LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იყო ადამიანი, რომელმაც ევროპული ტრადიცია პარლამენტში შეიტანა” – ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი ევროპის უნივერსიტეტში გაიხსნა

416
fff

ევროპის უნივერსიტეტში ქართველი პოლიტიკოსის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და მისი სახელობის დარბაზი გაიხსნა.

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი მისმა მეუღლემ ნინო ქადაგიძემ უნივერსიტეტის რექტორთან, თამარ კერძაიასთან ერთად გახსნა.

ღონისძიებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი ესწრებოდნენ.

ჟვანიას მეუღლის, ნინო ქაგადიძის თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, სჯერა, რომ ქართული საზოგადოება ჟვანიას მსგავსად  დასავლურ ღირებულებებს უერთგულებს.

„ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართველი საზოგადოება რჩება იმ ღირებულებებისა და ხედვის ერთგული, რაც ზურას ჰქონდა. ჩვენი საზოგადოება ამის ერთგულია და სირთულეების მიუხედავად, ძალიან მწვავე პოლიტიკური სიტუაციების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ამ გზას გავივლით“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ევროპული ტრადიციები სწორედ ზურაბ ჟვანიამ შემოიტანა.

„ეს იყო ადამიანი, რომელმაც ევროპული ტრადიცია პარლამენტში შეიტანა. უმცირესობების უფლებები, ოპოზიციის უფლებები, მათი ამ უფლებების დაფიქსირება და აქტიური თანამშრომლობა. იმის განცდა, რომ ოპოზიციაც შენი საპარლამენტო ნაწილია“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვლმა.

ღონისძიება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის და ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.

 

შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2004-2005 წლებში იკავებდა. ქართველი პოლიტიკოსი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში სტუდენტობის დროიდან ჩაერთო, მისი პოლიტიკური აქტიურობაც ამავე პერიოდიდან დაიწყო. ჟვანიამ საზოგადოებას თავი ევროპის საბჭოში წარმოთქმული სიტყვებით დაამახსოვრა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი.“ ისტორიული სიტყვები მან 1999 წლის 27 იანვარს წარმოთქვა, სწორედ იმ დღეს, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. პოლიტიკოსი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. თბილისში მისი სახელობის ქუჩა და მოედანი არსებობს.