LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იცოდით: ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და თან საკმაოდ ძველი და ლამაზი (ფოტოები)

3376
67686704-2516052188453944-1783984893403856896-o

ბაგრატის ტაძრის, გელათის, სათაფლიას ნაკრძალში დინოზავრების ნაკვალევის, პრომეთეს მღვიმეს და ეროვნული მუზეუმის გარდა ქუთაისში სასიამოვნოდ გაგაოცებთ… ბოტანიკური ბაღი. ალბათ ბევრმა არც იცოდა, რომ ქუთაისს აქვს ბოტანიკური ბაღი და თან საკმაოდ ძველი და ლამაზი. საქართველოში ძირითადად ოთხი ბოტანიკური ბაღია ცნობილი – ბათუმის, ზუგდიდის, თბილისის და სოხუმის. აი ქუთათურები კი უფრო სხვა ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევიან. არადა, იმერეთის მთავარ ქალაქში ჩასვლისას შეგიძლიათ ბოტანიკურ ბაღში სასიამოვნოდ და მშვიდად გაატაროთ დრო.

ბოტანიკური ბაღი რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და მისი არსებობის შესახებ აქამდე ბევრისთვის არ იყო ცნობილი. აქ შეხვდებით დაახლოებით 700 სახეობის მცენარეს, ხეებსა და ბუჩქებს, მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან, ნახავთ 200-ზე მეტ მცენარეს. ბაღი იმერეთში სუბტროპიკული ხეების და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს. კლიმატი ძირითადად სუბტროპიკულია და მას მცენარეთა ახალი სახეობების შემოტანის კუთხით საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს რამდენიმე ბუნებრივი ტერასა აქვს და აქ შეგიძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობა ნახოთ. ბაღის ძირითად სამეცნიერო მიმართულებას მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა წარმოადგენს.
ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვაა შესაძლებელია, მათ შორის საქორწინო ცერემონიის.

ისტორია

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი 120-140 წლის წინ გაშენებული ბაღის მემკვიდრეა და 1969 წელს დაარსდა. მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსებულ ბაღს თავდაპირველად “ფერმის ბაღი” ეწოდებოდა, შემდგომ კი “ჭომის პარკის” სახელითაც არის ცნობილი. საქალაქო ბაღი დაახლოებით 1820 წელს გაშენდა, ხოლო “ფერმის ბაღი“ 1840 წელს. სწორედ ეს პერიოდია ქუთაისში უცხო ეგზოტიკურ მცენარეთა შემოტანის პირველი ეტაპი და იგი 1900-1910 წლამდე გაგრძელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შექმნით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბაღში ინტენსიურად მცენარეთა ინტროდუქცია. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, მცენარეთა ინტროდუქცია ხდებოდა ბათუმის, სოხუმის, თბილისს ბოტანიკური ბაღებიდან, ხოლო ნაწილი სახეობების ინტროდქციის წყარო ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები