LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ძალიან გვაწუხებს და ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ პრობლემის გადასაჭრელად – ელჩები გუგუტიანთკარში

143
rusuli-okupacia-2

გუგუტიანთკარში გამყოფ ხაზთან ელჩები და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება. დიპლომატიური კორპუსი ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდა.

ელჩები მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და რუსეთისგან საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვენ.

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ამ კონკრეტულმა შემთხვევამ, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება და დიდი გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე. ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს. ვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, მათ შორის ჟენევაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ რეაგირებს არსებულ ვითარებაზე. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ საქართველოს მთავრობისადმი“, – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე.

რუსეთის ფედერაციისგან საქართველოდან და უკრაინიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას ითხოვს უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი.

“ჩვენ ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის დაწყების მე-11 წლისთავი აღვნიშნეთ. ჩვენ ვდგავართ საოკუპაციო ხაზთან იმავე დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობდნენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით. უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, ასევე სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება“, – განაცხადა პეტრო ბოგდანიმ.

იაპონიის ელჩის,  ტადაჰარუ უეჰარა შეფასებით, სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაყოფა ახალი ღობეების აღმართვით.

“ნამდვილად შეშფოთებული ვარ არსებული ვითარებით. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასე რომ, ნამდვილად მესმის და დიდი თანაგრძნობა მაქვს დაზარალებული ოჯახების მიმართ. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდება”, – განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან. საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნეს.

15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი განაახლა. შედეგად საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები. მათ ტერიტორიის დასაცლელად სამდღიანი ვადა მიეცათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები