LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ბირთვული შანტაჟია” – რუსეთში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა გააჩერონ

123
ზახაროვა ქარხანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ. ამის შესახებ განცხადება გენერალ ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა გააკეთა. კირილოვი ატომურ ობიექტზე მყოფ რუსულ სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, ატომური სადგურის გაჩერება შესაძლოა, მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდეს, რადგან როგორც მოსკოვში ამბობენ, უკრაინელები აგრძელებენ ატომური ობიექტის მისამართით სროლას.

თავის მხრივ, კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ატომური სადგურის გარშემო მოვლენების ნებისმიერ სცენარით განვითარებისთვის უნდა იყოს მზად.

„გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად კიევის რეჟიმის მზადება ბირთვული შანტაჟია“, –  განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, ამ გზით უკრაინის ხელისუფლება აშანტაჟებს არა მხოლოდ ერთ ქვეყანას ან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს, არამედ მთელ ევროპას.

“ეს არ არის მხოლოდ პროვოკაცია, ეს არის ის, რასაც ჩვენ ბირთვულ შანტაჟად ვაფასებთ და კიდევ რა არის ეს, თუ არა დიდი ხნის პროვოკაცია ბირთვული ობიექტის გარშემო, პირდაპირი საფრთხე ბირთვული ენერგიისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ბირთვული შანტაჟის აქტია.

ჩვენ ვსაუბრობთ ბირთვულ ენერგიაზე, ევროპის მთელი კონტინენტი მძევლად არის აყვანილი, რადგან ეს ყველაფერი ევროპის გულში ხდება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი იღებს ზომებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთმა ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო მძიმე იარაღი განათავსა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა დაიხუროს, თუ უკრაინული ძალები „ობიექტის დაბომბვას განაგრძობენ“.